ვაზაგაშვილის მეორე წარმატებული

AutoSharing Option
გიორგი ვაზაგაშვილმა და მის მიერ გაწვრთნილმა ჭაბუკთა ნაკრებმა კიევში გამართულ ევროპის ჭაბუკთა თასზეც დიდი წარმატებით იჭიდავეს - ოქროს 4, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 3 მედალი მოიპოვეს. ისიც აღსანიშნავია, რომ ორ წონით კატეგორიაში - 73-სა და 90-ში ქართული ფინალი გაიმართა, 66-ში კი კვარცხლბეკზე ერთბაშად ოთხი ქართველი ავიდა.

ტურნირის ჩემპიონები თამაზ კირაკოზაშვილი (60), გიორგი მუზაშვილი (66), ლევან გუგავა (73) და შალვა ჩოჩელი (90) გახდნენ. ბექა დონღვანი (73) და გურამ თუშიშვილი (90) მეორეზე გავიდნენ, აპოლონ ზურაბიანი, ვანო ჩურჩხელაშვილი (ორივე - 66) და ბექა
ღვინიაშვილი (81) - მესამეზე. ამასთან, ჩვენებმა გაიმარჯვეს გუნდურ ჩათვლაში.

ეს შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატისთვის კადრების შერჩევას ისახავს მიზნად. ვაზაგაშვილმა შეგირდებს პირველი ასეთი უცხოური გამოცდა ორი კვირის წინათ ანთალიაში ჩაუტარა ანალოგიურ ტურნირზე, ოღონდ იქ 40 მონაწილე წაიყვანა, ახლა კი შემადგენლობა ბევრად გაცხრილა და უფრო რეალური კანდიდატები აჭიდავა.

ცხადია, მისთვის ყველაზე კარგი ამბები იმ წონებში მოხდა, სადაც ფინალში ჩვენებურებმა იჭიდავეს. 50-სა და 55-ში მონაწილე საერთოდ არ გვყავდა, 60-ში კი ხუთი ქართველი ჭიდაობდა. იმათგან ვალერი იაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, გიორგი გუგულაშვილისა და იაკობ მაისურაძის გზები კი მეოთხედფინალში გადაიკვეთა. იქამდე ორივემ ორ-ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ მცირე უპირატესობა გუგლაშვილის მხარეს იყო - მან ორივეში წმინდად იმარჯვა, მაისურაძემ კი ერთში ორი ვაზარით, მეორეში - გაფრთხილებით. ვერ დავიჩემებ, რომ ამის გამო გუგულაშვილი უფრო ძლიერია და ახლაც ამიტომ მოუგო კონკურენტს-მეთქი, მაგრამ ფაქტია - სწორედ მან მოიგო. ნახევარფინალში ის მასპინძელ ანატოლი მარტიშენკოსთან დამარცხდა და მაისურაძესავით სანუგეშო წრეში გადავიდა, მაგრამ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ორივე დამარცხდა და მეხუთეზე დარჩნენ. მარტიშენკოს ჯავრი ფინალში კირაკოზაშვილმა ამოგვყარა, ვინაც მანამდე ხუთი შეხვედრა მოიგო, აქედან - სამი წმინდად. ჩვენებურმა ფინალშიც წმინდად მოიგო.

ამ წონის მეხუთე მონაწილე დავით ჭიკაიძემ ორ შეხვედრაში იპირველა.

ქართველთა გზები ნახევარფინალში გადაიკვეთა 66-ში - მუზაშვილმა ჩურჩხელაშვილს ვაზარით მოუგო. ეს მომავალ ჩემპიონ მუზაშვილის მეოთხე მოგება იყო, ჩურჩხელაშვილმა კი სამჯერ იმარჯვა. მათ შორის ერთი - წარმოშობით ახმეტელ რევაზ მესაბლიშვილთან. ქართულ ფინალამდე ერთი მოგება დაგვაკლდა ამ წონაში - ზურაბიანი სამი მოგებით ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ მასპინძელ დმიტრო რაშკინთან წმინდად წააგო. რაშკინს ფინალში ასევე სუფთად უკვე მუზაშვილმა აჯობა, ჩურჩხელაშვილმა და ზურაბიანმა კი სანუგეშოში იყოჩაღეს და მესამეზე გავიდნენ.

მწვრთნელმა 73-ში მხოლოდ უშუალო კონკურენტები - გუგავა და დონღვანი წაიყვანა. მათ ანტალიაშიც ფინალში იჭიდავეს და ახლაც. შედეგიც იდენტურია - გუგავამ ამჯერადაც მოუგო მდევარს. ღვინიაშვილი 81-ში ჩვენი ერთადერთი მონაწილე იყო და მწვრთნელს იმედები გაუმართლა - ნახევარფინალამდე სამი წმინდა მოგებით მივიდა, იქ კი უკრაინელთა სახელით მოასპარეზე დავით ხარებავასთან წააგო.

ჩოჩელმა ანთალიაშიც გაიმარჯვა, თუმცა ამჯერად წილისყრამ უჩვეულოდ გაუმართლა - ნახევარფინალამდე უბრძოლველად გავიდა, იქ კი იუკოთი მოიგო. ამასობაში თუშიშვილი ბრძოლით მიიკვლევდა გზას ფინალისკენ - პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი სამ ორთაბრძოლაში სუფთად იმარჯვა, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა თანაგუნდელთან ასევე წმინდად წააგო.

ერთი მონაწილე გვყავდა +90-ში - ანთალიის ტურნირის გამარჯვებული გიორგი ლაზუაშვილი, მაგრამ ის ამჯერად პირველივე წრეში დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული