საევროპო შემადგენლობა იქნებ დღესვე გაირკვეს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 21-24 აპრილს სტამბოლში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. მოგეხსენებათ, გუნდი მთლიანად ავსტრიელ მსოფლიოსა და ორგზის ჩემპიონ პეტერ ზაიზენბახერის მიერ შემუშავებული გეგმით ემზადება, რომელიც ცოტა მოულოდნელად კი მოგვევლინა ნაკრების ფაქტობრივ თავკაცად.

მან მზადების სრულიად განსხვავებული გეგმა დაისახა მიზნად - გუნდს ძირითადად უცხოეთში გამართული ერთობლივი შეკრებებით ამზადებს, თუმცა ძირითადი აქცენტი მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაიტანა, ევროპაზე კი მეორე შემადგენლობის წაყვანას აპირებს.

ნაკრებმა უკვე გაიარა მზადების რამდენიმე ეტაპი უცხოეთში - გერმანიაში, იაპონიაში, სადაც იმ დამანგრეველ მიწისძვრასაც შეესწრნენ, სულ ბოლოს თურქეთში იყვნენ, ახლა კი
დასკვნით ეტაპს დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გადიან. ზაიზენბახერი სტამბოლში წასაყვანი ფალავნების დასახელებას ჯერ არ ჩქარობს, თუმცა უკვე არც ჩემპიონატამდე დარჩა დიდი დრო და არც - გუნდის გამოცხადებამდე. დუშეთში დღეს საკონტროლო შეხვედრებია და, სავარაუდოდ, შემადგენლობაც ამის შემდეგ დასახელდება.

მართალია, ზაიზენბახერს ძირითადი აქცენტი მსოფლიოზე აქვს გადატანილი (სხვა თუ არაფერი, ამაზეა დამოკიდებული მისი კონტრაქტის შემდგომი ბედი), თუმცა ეს ოდნავადაც არ ნიშნავს, რომ თითქოს ევროპაზე გუნდის გამოსვლა არ აინტერესებდეს და ეს შეჯიბრება უმნიშვნელო იყოს - ან მისთვის, ან - სპორტსმენებისთვის. პირიქით - დიდწილად სწორედ ამ შედეგზეა დამოკიდებული აგვისტოში პარიზში, მსოფლიოს პირველობაზე წამსვლელთა ვინაობა.

თუ რომელიმე სპორტსმენი ევროპაზე თავს ვერ გამოიჩენს ანუ მწვრთნელები მასში პერსპექტივას ვერ დაინახავენ, არც პარიზში წაიყვანენ. მწვრთნელი სულაც არ აპირებს ყველა კვოტის გამოყენებას მხოლოდ იმის გამო, რომ მსოფლიოზე სრულად დაკომპლექტებული გუნდით გამოვიდეს. მას მხოლოდ რეალური კანდიდატების წაყვანა სურს. მსოფლიოზე მონაწილეობა უკვე განაღდებული აქვთ წონების ლიდერებს, თუმცა ზოგან ჯერ არც ეს საკითხია გარკვეული და ახლა კონკურენცია სწორედ ამის გასარკვევად მიდის. სავარაუდოდ, ამასვე ემსახურება დღევანდელი საკონტროლო შეხვედრებიც. აქვე იმასაც გეტყვით, რომ, შესაძლოა, ზაიზენბახერმა სტამბოლში პირველი ნომრებიდანაც იახლოს ვინმე - მხოლოდ ისინი, ვისაც საშეჯიბრო პრაქტიკა სჭირდება. ხმები ამის შესახებ ნაკრების სამზარეულოდან დიდი ხანია, გამოდის, თუმცა ვნახოთ, რას გადაწყვიტავს მწვრთნელი.

ის, რაც ზაიზენბახერისთვის ჯერ კიდევ დილემაა, უკვე გაარკვია ქალთა ნაკრების თავკაცმა გია თენაძემ, თუმცა მას ბევრი საფიქრალი არც ჰქონდა. მოგეხსენებათ, ქალთა ძიუდო ჩვენში ახლა იდგამს ფეხს და თენაძეს სრულფასოვანი კადრები არც ისე ბევრი ჰყავს. ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანად მან ერთადერთი მონაწილე შეარჩია - ახალგაზრდა სამბისტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი (70). მწვრთნელს ოლიმპიური ლიცენზიის მომპოვებელთაგან რეალური კანდიდატი მხოლოდ ეს შემორჩა და ამიტომ არ მიჰყვას სხვები. თან არც ფინანსურად ულხინთ, თუმცა, შესაძლოა, სტამბოლში კიდევ ერთმა ქართველმა იჭიდაოს - მძიმეწონოსანმა ირინა ლეონიძემ, რომელმაც იქ საკუთარი ხარჯით წასვლის სურვილი გამოთქვა. ფედერაცია მის სურვილს ხელს არ უშლის და სავარაუდოდ, ევროპაზე ამასაც ვიხილავთ.

თურქეთში წასვლამდე ეს დუეტი სპარინგპარტნიორებთან ერთად გორში გაივლის შეკრებას, სადაც ერთი ანალოგიური წვრთნა უკვე მოაწყვეს. დასკვნითი შეკრების გავლას ისინი თურქეთში აპირებდნენ, სადაც იქაური ნაკრების ხელმძღვანელობა იწვევდა ერთობლივ ვარჯიშებზე, მაგრამ თურქებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და ჩვენებსაც გეგმების გადაწყობა მოუხდათ.

დასასრულს, ერთი ცნობა ჩვენი ვაჟების მომავალ მეტოქეთა შესახებ. შემადგენლობა დაასახელა აზერბაიჯანის ნაკრების თავკაცმა აგიარ ახუნდზადემ, რომელსაც სრულად დაკომპლექტებული გუნდი არ მოჰყავს, მაგრამ ყველა ლიდერს კი უხმო. აზერბაიჯანის ვაჟთა ნაკრებში ილგარ მუშკიევი (60), ტარლან კერიმოვი, სამირ დადაშზადე (ორივე - 66), რენატ მირზალიევი, რამილ გასიმოვი (ორივე - 73), ელნურ მამადლი, ელხან რაჯაბლი (ორივე - 81), ელხან მამედოვი (90), ელმარ გასიმოვი, საინ მამედოვი (100) და ემილ ტაიროვი (+100) იჭიდავებენ, ქალთა ტურნირში კი ორი მონაწილე ეყოლებათ - კიფაიატ გასიმოვა (57) და რამილა იუსუბოვა (63).






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული