ისევ ძველი ლიდერებით და სრული გუნდით

AutoSharing Option
როგორც იქნა, ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების ფაქტობრივმა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა და გვარიანადაც გაგვაკვირვა.

აქამდე ვიცოდით, რომ 22-24 აპრილს სტამბოლში, ევროპის პირად-გუნდურ პირველობაზე ეგრეთ წოდებული B ნაკრები იჭიდავებდა, ახლა კი მწვრთნელმა ლიდერებით დაკომპლექტებული სრული გუნდი შემოგვთავაზა ანუ ყველა წონაში ორ-ორი მონაწილე მიჰყავს: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (60), შალვა ქარდავა, გიორგი შოშიაშვილი (66), ამბაკო ავალიანი, თენგიზ პაპოშვილი (73), ლევან წიკლაური, დავით კარბელაშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ლაშა გურული (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ნოდარ მეტრეველი
(+100). სტამბოლში ბოლო დღე გუნდურ პირველობას ეთმობა, რისთვისაც დამატებით კიდევ სამი ფალავანი მიჰყავთ: ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და სოსო მსხალაძე (+100).

ავსტრიელმა მწვრთნელმა ეს ამბავი გუშინ ძიუდოს აკადემიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გვაცნობა, სადაც შემდეგი განაცხადა:

"ვფიქრობ, ნაკრებთან გატარებულ ამ სამთვიან პერიოდში ბევრი ვიმუშავეთ, თუმცა მოკლე დროში დიდი გარდაქმნები შეუძლებელი იყო. ამჟამად გუნდში მცირე ტრავმები კია, მაგრამ ვიმედოვნებ, დარჩენილ დროში ეს მოგვარდება და ევროპის ჩემპიონატს მომზადებულები შევხვდებით. უნდა აღვნიშნო, რომ კონკურენცია დიდი იყო ყველა წონაში. ასეთ დროს, როცა ბევრი კარგი ათლეტი გყავს და თანაც ეს მარათონული სეზონის დასაწყისია, ძალზე ძნელი იყო იმათგან საუკეთესოების ამორჩევა. ვიმედოვნებ, კარგი შედეგები გვექნება, განსაკუთრებით კი იმისი მეიმედება, რომ უკეთესი ფიზიკური მომზადება გამოჩნდება."

ცხადია, ამ შემადგენლობის გამოცხადებისთანავე გაჩნდა კითხვა - თუ მაინც ესენი მიჰყავდათ, რატომ არ აჭიდავეს ისინი სრულად საერთაშორისო ტურნირებში და სადღეისოდ ხომ არ აკლიათ საშეჯიბრო პრაქტიკა? საერთოდ, რამ გამოიწვია გეგმების ასეთი მკვეთრი ცვლილება? ამაზე ზაიზენბახერმა შემდეგი გვიპასუხა:

"ევროპის ჩემპიონატზე თავიდან მართლაც B გუნდის წაყვანა იგეგმებოდა, რადგან A ნაკრებს მსოფლიოსთვის საგანგებო გრაფიკით ვამზადებთ. გეგმის შეცვლა თვითონ ლიდერების სურვილმა გამოიწვია, რომლებმაც თავად მოინდომეს ევროპის ჩემპიონატში გამოსვლა. იმ დროს მე მხოლოდ მათი გაფრთხილება შემეძლო, რომ, შესაძლოა, ფორმაში არ ყოფილიყვნენ, რადგან მსოფლიოსთვის ემზადებიან და ამ ეტაპზე არც უნდა იყვნენ პიკში. ამის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა მაინც გადაწყვიტეს. მათ დამარწმუნეს, რომ ძალიან უნდოდათ ამ ტურნირში ჭიდაობა და მეც დავეთანხმე იმის მიუხედავად, რომ ფორმაში არ იქნებიან. მათთვის ეს საჭიროც იყო, რადგან ახალი წესებით ჭიდაობის გამოცდილება აკლიათ. წესების შეცვლის შემდეგ ბევრ შეჯიბრებაში არ გამოსულან, ამიტომ ვერც გამოცდილება მიიღეს, სტამბოლში ჭიდაობა კი ამ ხარვეზის აღმოფხვრის საშუალებას აძლევთ. ამასთან, ევროპის ჩემპიონატზე სალიცენზიო ქულებიც გაიცემა.

ერთი სიტყვით, A ნაკრებს არ ევალება ჭიდაობა. უბრალოდ, მათ თვითონ უნდათ, იასპარეზონ."

ევროპის ჩემპიონატის წინ ნაკრების წევრებს კიდევ ერთხელ ჩაუტარდათ სამედიცინო გამოკვლევა ავსტრიელი ექიმების მეშვეობით, რასაც ზაიზენბახერთან დადებული შეთანხმებაც ითვალისწინებს. ამაზე კომენტარი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ გააკეთა: "ტესტირებამ აჩვენა, რომ ფიზიკური გამძლეობის მხრივ სპორტსმენებში აშკარა მატებაა. ბიჭები უკვე 12-13 შეხვედრას ჭიდაობენ ისეთივე ინტენსივობით, როგორითაც 4-5-ში გამოდიოდნენ. ამ მხრივ პროგრესი აშკარაა."

ეს თემა ზაიზენბახერმაც განავრცო: "მთლიან გუნდზე ცოტა ძნელია ამის თქმა და იქნებ ყველაზე ასე არ ითქმის - თავიდან ხომ ყველა ერთნაირ მდგომარეობაში არ იყო, მაგრამ მატება ნამდვილად იგრძნობა. ვიმედოვნებ, მსოფლიოს ჩემპიონატამდე ფიზიკურადაც მოვუმატებთ და ამასთან, ტაქტიკურ და ტექნიკურ ვარჯიშებსაც დავხვეწავთ."

ცნობისათვის - ნაკრებმა ფიზიკურ კონდიციებში საგრძნობლად რომ მოუმატა, ამას არავინ უარყოფს - თვით ზაიზენბახერის მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ. ეს ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ფიზკური მომზადება მუდამ რჩებოდა ჩვენებურთა "აქილევსის ქუსლად". ვიმედოვნებთ, ამ პრობლემის მოგვარება შედეგებზეც აისახება.

კიდევ ერთი საკითხი, რამაც გაგვაკვირვა, პერსპექტიული ახალგაზრდების - ტატალაშვილის და განსაკუთრებით, ჭრიკიშვილის გუნდურში დაყენებაა, რაც, ფაქტობრივად, სათადარიგოდ გამწესებას ნიშნავს. ბოლო წლებში პრობლემურად ქცეულ 73-კილოგრამში ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორი ტატალაშვილი ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი ფალავანია, ჭრიკიშვილის ტალანტს კი მსოფლიო აღიარებს - შარშან ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონიც გახდა და მსოფლიოსიც. მისგან ოლიმპიადაზეც ელოდებიან წარმატებას, ამ დროს კი საევროპო ნაკრებშიც ვერ მოხვდა! მაინც რატომ - არ იყო ფორმაში თუ მწვრთნელი ახალგაზრდული ასაკის გამო ვერ ენდო? ამ საკითხის განმარტება ზაიზენბახერის თანაშემწეს, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს ვთხოვეთ. მას არც დაუმალავს, რომ ჭრიკიშვილის დაყენებას თვითონაც ელოდა, მაგრამ თურმე ყველაფერი საკონტროლო შეხვედრებმა გადაწყვიტა - ახალგაზრდა ტალანტმა ყველა ორთაბრძოლა წააგო!

ისე, ამანაც ბევრი ეჭვი გააჩინა - ის ან გადაიღალა, ან - შეგნებულად დათმო შეხვედრებიო. გადაიღალა თუ არა, ამის მტკიცება ძნელია, მაგრამ წარმოდგენილ შემადგენლობაში სწორედ ამ მიზეზით არაა დავით ასუმბანი (60) - მას თვითონ უთხოვია სამთვიანი დასვენება და მონასტერში წასულა. ზაიზენბახერის მეთოდები რომ მკაცრია და დიდი გამძლეობა სჭირდება, არც ამას უარყოფენ, მაგრამ ფიზიკური კონდიციების ამაღლებაც აუცილებელია და ჰაერივით საჭირო. თან უკვე პროგრესიც არის, მაგრამ იქნებ ინდივიდუალური მიდგომა აქაც საჭირო იყოს - ყველა ერთნაირად ვერ იტანს დატვირთვას.

რამდენად გამართლებულია ნაკრების მოსამზადებელი გეგმის განსაზღვრა სპორტსმენთა სურვილის გათვალისწინებით და ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორც სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე გამოსვლა-არ გამოსვლაა, უნდა წყდებოდეს თუ არა ათლეტთა ნება-სურვილით, მკითხველმა განსაჯოს, ჩვენ კი განვმარტავთ, რომ გაგვაოცა მხოლოდ გეგმის ასე მკვეთრად, ასე სპონტანურად და ამ ფორმით შეცვლამ, თორემ არანაირად არ ვართ ლიდერთა ჭიდაობის წინააღმდეგნი. უბრალოდ, გვინდა, ნაკრებში მართვის მწყობრი სისტემა ჩამოყალიბდეს.

ბუნებრივია, მთავარი შედეგია და ვიმედოვნებთ, ნაკრები ევროპაზე წარმატებითაც გამოვა, მაგრამ ასეთი მკვეთრი ცვლილებები გვაფიქრებინებს, რომ ქართულ ძიუდოში ყველაფერი მთლად რიგზე ვერ უნდა იყოს.







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული