დასრულდება წარუმატებლობა?

AutoSharing Option
ამ დილით ჩვენი ძიუდოისტები სტამბოლში გაფრინდნენ, სადაც 21-23 აპრილს "ადბი ირექჩი არენაზე" ევროპის პირად პირველობაში გამოვლენ, 24-ში კი გუნდურში იჭიდავებენ.

ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა ბოლო მომენტში იქ მაინც უძლიერესი და სრული გუნდის წაყვანა გადაწყვიტა ანუ ყოველ წონაში ორ-ორ კაცს დააყენებს. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ წონაში ქვეყნიდან ორი მონაწილის გამოყვანის წესი საერთაშორისო ფედერაციამ შარშანდელიდან აამოქმედა, მაგრამ ევროპული ფედერაცია მხოლოდ წლეულს შეუერთდა.

ზაიზენბახერის რჩეული 14-კაცა ასეთია: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (60), შალვა ქარდავა, გიორგი შოშიაშვილი (66), ამბაკო ავალიანი, თენგიზ
პაპოშვილი (73), ლევან წიკლაური, დავით კარბელაშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ლაშა გურული (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ნოდარ მეტრეველი (+100). გუნდური შეჯიბრებისთვის მწვრთნელმა ამათ კიდევ სამი ძიუდოისტი დაუმატა: ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და სოსო მსხალაძე (+100). მონაწილე გვეყოლება ქალთა შორისაც. მათი ნაკრების თავკაცმა გია თენაძემ ამჯერად ერთადერთი მონაწილე წაიყვანა - ნინო ოძელაშვილი (70), რადგან ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების რეალურ კანდიდატად მხოლოდ მას განიხილავს.

ვიმედოვნებთ, სტამბოლში მაინც დასრულდება ქართული ძიუდოს წარუმატებლობის ხანა - ბოლო ორი სეზონია, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ოქროს მედალი არ მოგვიპოვებია.

21 აპრილს ვაჟთაგან 60 და 66, ქალებიდან კი 48, 52 და 57-ი კილოგრამი წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ. მეორე დღე ვაჟებიდან 73-81, ქალებიდან კი 63-70-ის სპორტსმენებს დაეთმობათ, პირად პირველობას კი შაბათს, 23 აპრილს დარჩენილი წონების ძიუდოისტები დაამთავრებენ. გუნდური პირველობა ტრადიციულად "გუნდი-გუნდზე" პრინციპით ტარდება, 5 წონით კატეგორიაში - 60 კილოგრამი საერთოდ ამოგდებულია, 100 და +100 კი გაერთიანებულია +90-ში, რომელიც გუნდურის მძიმე წონაა. ზაიზენბახერმაც ამის გათვალისწინებით დაამატა ის სამეული - შეუძლია, დაზღვევის მიზნით ნებისმიერი შეცვალოს.

პირად პირველობაში გამარჯვებული ჯილდოდ 2500 ევროს მიიღებს, ვიცე-ჩემპიონი - 1500, ხოლო მესამე პრიზიორები - 500-500 ევროს. გუნდურ პირველობაში საპრიზო თანხები ასეა განაწილებული: ჩემპიონობა 10 000 ევროდაა შეფასებული, მომდევნო ადგილები - 5000 და 3000-ად. წინასწარი შეხვედრები თურქეთის დროით 10 საათზე დაიწყება, ფინალები - 17-ზე.

სამწუხაროდ, ამჯერად ტელერეპორტაჟი არ იქნება, თუმცა, შესაძლოა, უახლოეს ხანებში ამ პრობლემასაც დაესვას წერტილი. საქმე ისაა, რომ ჩვენმა ფედერაციამ ძიუდოს ტურნირების რეპორტაჟის უფლება მიიღო, ახლა კი მოლაპარაკება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობს. სავარაუდოდ, შეთანხმებასაც მიაღწევენ და უკვე მაისში ბაქოში გასამართი "დიდი პრიზიდან" მოყოლებული ძიუდოს ქომაგებს საშუალება მიეცემათ, პირდაპირ ეთერში იხილონ "დიდი მუზარადის", "დიდი პრიზის" შეჯიბრებები, მსოფლიოს თასები, მსოფლიოსა და ევროპის პირველობები. ვფიქრობთ, ამით ძალიან კარგი საქმე გაკეთდება.


მეტოქეები და დისკვალიფიცირებულები

ვფიქრობთ, საინტერესოა მეტოქეთა შემადგენლობა, რომლებიც სტამბოლში იასპარეზებენ. ამჯერად რამდენიმე ნაკრებს გაგაცნობთ - საფრანგეთით დავიწყოთ. ჩვენგან განსხვავებით, ისინი თურქეთში არასრული გუნდით ჩადიან, ოღონდ ჩვენსავით უძლიერესი შემადგენლობა დააყენეს: სოფიან მილუ (60), პიერ დუპარტი, დავიდ ლაროსე (66), ბენჟამინ დარბელე, უგო ლეგრანდი (73), ლუა პიეტრი, ალენ შმიტი (81), მეთიუ დეფრევილი, ანტონი ლეგნი (90), სირილ მარე (100), მატიო ბატლი, ტედი რინერი (+100).

როგორც ვხედავთ, გუნდშია ევროპის შარშანდელი ჩემპიონი მილო და მესამე პრიზიორი ლეგრანდი. აგრეთვე - მსოფლიოს ასევე მოქმედი ჩემპიონი რინერი, რომელმაც შარშანდელი ევროპა გამოტოვა. შარშანდელი სეზონის მედალოსნებიდან ნაკრებში მხოლოდ მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ლუის კორვალი (66) არაა.

ფრანგთაგან დიამეტრულად განსხვავებულადაა დაკომპლექტებული რუსთა გუნდი - სრული, ოღონდ გადახალისებული შემადგენლობით გამოვლენ. მათმა იტალიელმა დამრიგებელმა ეციო გამბამ ამჯერად საერთოდ სახლში დატოვა ქვეყნის ბოლო ორი წლის უცვლელი ჩემპიონი აშხაბ კოსტოევი (100), ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ივან ნიფონტოვი (81) კი მხოლოდ გუნდურში საჭიდაოდ მიჰყავს.
შემადგენლობაში არც ჩვენი ვეტერანი თანამემამულე სერგეი ბადრიაშვილია (73), თუმცა ეს არც გვიკვირს - სამარაში მცხოვრებმა ბადრიაშვილმა იქაური პირველობა კი მოიგო, მაგრამ მაშინ წონის ლიდერები ისვენებდნენ. რუსთა ნაკრებში არსენ გალსტიანი, ბესლან მუდრანოვი (60), ალიმ გადანოვი, მუსა მოგუშკოვი (66), მანსურ ისაევი, მურატ კოძოკოვი (73), სირაზუდინ მაგომედოვი, მურატ ხაბაჩიროვი (81), კამილ მაგომედოვი, კირილ დენისოვი (90), ტაგირ ხაიბულაევი, სერგეი სამოილოვიჩი (100), დმიტრი სტერხოვი და ანდრეი ვოლკოვი (+1000) იჭიდავებენ.

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის ნაკრების თავკაც აგიარ ახუნდზადეს მიერ დასახელებული შემადგენლობაც გაგაცანით: ილგარ მუშკიევი (60), ტარლან კერიმოვი, სამირ დადაშზადე (ორივე - 66), რენატ მირზალიევი, რამილ გასიმოვი (ორივე - 73), ელნურ მამედლი, ელხან რაჯაბლი (ორივე - 81), ელხან მამედოვი (90), ელმარ გასიმოვი, საინ მამედოვი (100) და ემილ ტაიროვი (+100), ახლა კი ირკვევა, რომ, შესაძლოა, სტამბოლში მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ნიჯატ შიხალიზადეც (60) გამოვიდეს. შეგახსენებთ, რომ მას ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, რომელსაც ვადა 1 აპრილს გაუვიდა. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანელებს საერთაშორისო ფედერაციიდან ჯერაც არ მისვლიათ დასტური, რომ მას საერთაშორისო შეჯიბრებებში გამოსვლა შეუძლია.

ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონმა შიხალიზადემ უფროსებში მსოფლიოს ბრინჯაო 2005 წელს ქაიროში გამართულ ჩემპიონატში მოიპოვა, 2007 წელს კი დოპინგზე ჩავარდა - ორგანიზმში ერთი შეხედვით უწყინარი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ფუროსემიდის კვალი აღმოუჩინეს. ეს შარდმდენი პრეპარატი არანაირ სტიმულატორს არ შეიცავს, მაგრამ აკრძალულთა სიაში იმიტომ მოხვდა, რომ როგორც შარდმდენს, ხშირად იყენებენ დოპინგის კვალის დასაფარავად. მაშინ შიხალიზადე მხოლოდ 19 წლისა იყო, თუმცა რადგან ეს მის კარიერაში უკვე მეორე ანალოგიური შემთხვევა იყო, საერთაშორისო ფედერაციამ ძალიან მკაცრად, 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ის დოპინგზე პირველად ჯერ კიდევ ჭაბუკობისას ჩავარდა და ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მოიხადა. ამ განმეორებითი, გაორმაგებული აკრძალვისას მას ვარჯიშები არ შეუწყვეტია და აზერბაიჯანელები იმედოვნებენ, რომ არ გაუჭირდება ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება. ისინი ახლა საერთაშორისო ფედერაციისგან ელოდებიან დასტურს, რომ შიხალიზადე სტამბოლში აჭიდაონ. ამას ასე გამალებით იმიტომაც ეშურებიან, რომ ევროპის პირველობა სალიცენზიო ქულებს იძლევა, თუმცა ოლიმპიადაზე საუბრისას მათ ავიწყდებათ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი წესი - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დოპინგზე მეორედ ჩავარდნილ ათლეტებს სამუდამოდ უკრძალავს ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლას. ზუსტად აზერბაიჯანელის დღეშია ფრანგი მძიმეწონოსანი ქალი კეტი მატე, რომელიც ახალგაზრდებში ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ამასობაში ორჯერაც ამხილეს დოპინგის მიღებაში. სპორტს ისიც დაუბრუნდა, ოღონდ ლონდონში ვეღარ იასპარეზებს. ამიერიდან მატეც და შიხალიზადეც ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე თუ გამოვლენ.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული