ბეთქილ შუკვანი - სასიამოვნო სიურპრიზი

AutoSharing Option
ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის ძალზე სასიამოვნო სიუპრიზით დაიწყო - სტამბოლში პირველივე დღეს ვერცხლის მედალი გვერგო, რომელიც ისეთმა ფალავანმა მოიპოვა, ვისგანაც ამას ნაკლებად ველოდით - სენსაციის 22 წლის თბილისელმა ბეთქილ შუკვანმა (60) მოახდინა.

გუშინვე ბრინჯაოს მოპოვება ამავე წონაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილსაც შეეძლო, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა დათმო და მეხუთეზე დარჩა. მათ შემხედვარეს ძალაუნებურად ის ქართული ანდაზა გაგვახსენდა, ხემ რომ დაიჩივლა, ცული რას დამაკლებდა, შიგ ჩემივე ნაწილი რომ არ ერიოსო - ორივე ჩვენებური უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველთან, გალიდან ლტოლვილ გიორგი ზანთარაიასთან დამარცხდა, რომელიც
მოჭიდავედ მთლიანად უკრაინაში ჩამოყალიბდა.

ცხრილის ზედა და ქვედა ნაწილში განლაგებული შუკვანიც და პაპინაშვილიც ძლიერ ქვეჯგუფებში მოხვდნენ, მაგრამ არც თავად აღმოჩნდნენ ჯაბანნი, მისდგნენ და სულ მუსრი გაავლეს ევროპის ჩემპიონებს. კარგა ხანია, ძიუდოს ქართველ ქომაგს ასეთი სიხარულის საშუალება არ მისცემია! როგორი საქმეა - იქით პაპინაშვილმა ფრანგ სოფიან მილუს ჯერ ვაზარი აართვა, მერე სულაც დააიპონა და შარშან მოპოვებული კონტინენტის ჩემპიონის ტიტული დაათმობინა, აქეთ კი შუკვანმა დავთიანი მართლაც რომ ზავთიანად გააგორა.

დავთიანი ჩვენებისთვის და პირადად შუკვანისთვისაც ძალიან უხერხული მეტოქეა - მხოლოდ წლეულს შუკვანი სამჯერ დამარცხდა მასთან, მათ შორის - თბილისის ტურნირზეც. ქართველები მეზობელს მხოლოდ 5-6 წლის წინათ თუ უგებდნენ, როცა ის ჯერ კიდევ დამწყები იყო, ბოლო წლებში კი ყველგან წააგეს მასთან.

ამჯერად შუკვანმა ყველას ჯავრი ერთად იყარა. მანამდე მან არანაკლებ დამაჯერებლად დაამარცხა ფინელი ვალტერ იოკინენი - იუკოც აართვა, ვაზარიც და ბოლოს დააიპონა. პირველი ეტაპის გავლა შედარებით გაუჭირდა პაპინაშვილს, თუმცა ამას თავისი ახსნაც მოეძებნება - მასპინძელ ისკენდერ ოზქანოღლუს ხვდებოდა, რომელსაც მსაჯები ვერაფრით იმეტებდნენ წასაგებად.

პაპინაშვილისა და ზანთარაიას გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა. ზანთარაია, რომელმაც ხელის ხანგრძლივი ტრავმა მოირჩინა, თითქოს ძველებურად ძლიერი არ ჩანდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, ჩოქბჯენში ჭიდაობას მიელტვოდა, ამ კომპონენტში კი ჩვენები, პრაქტიკულად, ვერაფერს აკეთებენ. შესაძლოა, პაპინაშვილს სტატისტიკაც თრგუნავდა - დავთიანისა არ იყოს, ზანთარაიასაც ჩვენები რამდენიმე წლის წინათ თუ უგებდნენ, თორემ 2008 წლიდან მოყოლებული, უკრაინელმა ქართველმა უკლებლივ ყველა - რვავე შეხვედრაში დაჯაბნა თანამემამულეები. მათ შორის - პაპინაშვილიც, თუმცა ამან ერთხელ - 2007 წელს ბაქოს მსოფლიოს თასზე მოუგო. ამ კონკრეტულ ორთაბრძოლაშიც ზანთარაია საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და წმინდადაც მოიგო.

ამასობაში შუკვანი კვლავ აგრძელებდა წარმატებულ სვლას ფინალისკენ. საერთოდაც, ვგონებ, საკამათო არაა, რომ უფრო ძლიერი ჯგუფი მას ერგო - დავთიანის შემდეგ ჯერ ჩვენი ტურნირის წლევანდელი აზერბაიჯანელი გამარჯვებული, ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, 23-წლიანებში ევროპის ჩემპიონი ილგარ მუშკიევი და კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონი, 2009 წელს თბილისში გაჩემპიონებული რუსთა სომეხი ფალავანი არსენ გალსტიანი დააიპონა.

ფინალში ზანთარაიასთან თითქოს ურიგოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ ერთ მომენტში წამით მოადუნა ყურადღება - ვფიქრობ, მსაჯის ჟესტიკულაციამაც შეაცდინა, რითაც უმალ ისარგებლა უკრაინელმა და შებოჭა.

სამწუხაროდ, პაპინაშვილმა თავისი შანსი ბოლომდე ვერ გამოიყენა - სანუგეშოში ესტონელთა აზერბაიჯანელ ელნურ ალიევს ვაზარ-იპონით დამაჯერებლად კი აჯობა, მაგრამ მედლისთვის გალსტიანთან მოუწია შეხვედრა. გამწარებულმა რუსმა შუკვანის ჯავრი ამაზე იყარა - სუფთა გდებით მოუგო.

მართალია, გუშინ ოქროს გარეშე დავრჩით, მაგრამ ვიყოთ გულახდილები - გუშინდელი წონებისგან განა ამას მოელოდა ვინმე? მართალია, როტერდამის ”დიდი პრიზის” მომგებ პაპინაშვილზე მედალს კი ვგეგმავდით, მაგრამ ოქრო მაინც გადამეტებული ოპტიმიზმი გვეგონა. აი, შუკვანი კი სრული მოულოდნელობა გამოდგა, რომელსაც ფინალში წაგებისთვის ვერაფრით დავძრახავთ. პირიქით - მისი გამოსვლა მხოლოდ დადებითად უნდა შევაფასოთ. მან ნამდვილად ძლიერ ფალავანთან წააგო - ზანთარაიამ 2009 წელს თბილისში ევროპის ფინალი იჭიდავა (გალსტიანთან წააგო), იმავე წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, შარშან ისევ იჭიდავა მსოფლიოს ფინალი (ამჯერად უზბეკ რიშოდ სობიროვთან დამარცხდა), ახლა კი ევროპის ჩემპიონიც გახდა! შუკვანს აქამდე თითქოს რაღაც ბორკავდა უცხოეთში ჭიდაობისას, თითქოს კომპლექსი ჰქონდა, ეს მედალი კი, იმედია, საკუთარი ძალების რწმენას შეჰმატებს და ამ ბარიერს საბოლოოდ გადალახავს.

გუშინ სტამბოლის ”ადბი ირექს არენაზე” ვაჟთაგან 66 კილოგრამის ფალავნებმაც იასპარეზეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენებურებზე კარგს ვერაფერს ვიტყვით... გიორგი შოშიაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა ახალგაზრდა რუმინელ ლასლო სცოკესთან - თავიდან იუკოს უგებდა, მაგრამ დამთავრებამდე 51 წამით ადრე წმინდად წააგო. შალვა ქარდავამ თურქ მეჰმეტ დურმაზს მოუგო, მაგრამ მომავალ ვიცე-ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ტარლან კერიმოვთან ვერაფერს გახდა.

დღეს მორიგი ორი წონის ფალავნები იჭიდავებენ. 73-ში ამბაკო ავალიანი პირველ წრეში ისვენებს, თან რუმინელ ადრიან ნიკოლას მერგესა და ახალგაზრდებში სომეხ ევროპის ჩემპიონ არტიომ ბაღდასარიანს შორის მოგებულის გამოვლენას დაელოდება - მომდევნო წრეში მას შეხვდება. მესამეში მისი სავარაუდო მეტოქე ებრაელ იოსებ ფალელაშვილისა და ფრანგ ევროპის ჩემპიონ ბანჯამინ დარბელეს შერკინებაში გაირკვევა. ამ ქვეჯგუფში ევროპის ჩემპიონთა სიმრავლეა - დიდი ხნის შესვენების მერე სპორტში კვლავ დაბრუნებული აზერბაიჯანელი რენატ მირზალიევი, იაპონური წარმოშობის ესპანელი კიოში უემაცუ და 2009 წელს თბილისში გამარჯვებული უკრაინელი ვოლოდიმირ სოროკა... მოგეხსენებათ, წლეულს ავალიანმა ჩინებულად მოიგო თბილისის ტურნირი, სადაც სოროკას და ფალელაშვილსაც აჯობა. მოგვიანებით ფალელაშვილი ვარშავაშიც დაამარცხა. ამავე წონაში არ გაუმართლა თენგიზ პაპოშვილს - პირველივე წრეში ფრანგ მსოფლიოს პრიზიორ უგო ლეგრანდს ხვდება.

81-ში ლევან წიკლაური თავიდან ისვენებს, მისი მეტოქე კი უკრაინელ არტემ ვასილენკოსა და ესტონელ ალექსანდერ მარმელიუკის შეხვედრაში გაირკვევა. ბადის ამ ნახევარში ყველაზე ძლიერი კონკურენტი რუსი ევროპის მოქმედი ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვია.

დანარჩენი წონების წარმომადგენლები ხვალ იასპარეზებენ. 90-ში კვლავ ერთად მოხვდნენ ვალერი ლიპარტელიანი და შვედი მარკუს ნიმანი, ვისთანაც ჩვენებური შარშან ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა. ლიპარტელიანი ძალიან ძლიერ ქვეჯგუფშია - ესპანელი ევროპის ჩემპიონი დავიდ ალარზა, უკრაინელი ევროპის სამგზის ჩემპიონი ვალენტინ გრეკოვი, ბერძენთა ქართველი ტენტორე მასმანიდისი, ფრანგი კრისტოფ ლამბერტი, პირველ შეხვედრას კი 23-წლიანებში პოლონელ ევროპის ჩემპიონ კშიშტოფ ვეგლარცთან გამართავს, ვისაც წლეულს ორჯერ მოუგო, სულ კი სამი გამარჯვება აქვს მასთან და არც ერთი წაგება. ლაშა გურულის მეტოქე უკრაინელი ვადიმ სინიავსკია.

100-ში ჩვენი გუნდის ლიდერი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე პირველ შეხვედრას რუს სერგეი სამოილოვიჩთან გამართავს. ვფიქრობთ, მას გაუმართლა და შედარებით სუსტ ქვეჯგუფშია. ლომერ ჟორჟოლიანი მეორე წრიდან ერთვება ჩემპიონატში სერბ პრედრაგ ბუდიჩთან შეხვედრით. ამ ქვეჯგუფშია ჰოლანდიიდან ბელგიაში გადასული ევროპის ჩემპიონი ელკო ფან დერ ხესტი, თავად ჰოლანდიელი დანი მეეუვსენი და ფრანგი სირილ მარეტი. ჩვენებურთაგან ყველაზე მეტად მძიმეწონოსანი ნოდარ მეტრეველი დაიჩაგრა - თვით ფრანგ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ ტედი რინერის ხვდება. ზვიად ხანჯალიაშვილი ჰოლანდიელ ლუუკ ვერბიხს დაეჭიდება. ხვალვე იჭიდავებს ქალთა ტურნირში ჩვენი ერთადერთი მოჭიდავე ნინო ოძელაშვილიც (70) - ფრანგ მარი პასქუსთან.

კვარცხლბეკი.
ვაჟები.
60 კგ. 1. გიორგი ზანტარაია (უკრაინა), 2. ბეთქილ შუკვანი (საქართველო), 3. არსენ გალსტიანი (რუსეთი), ელიო ვერდე (იტალია).
66 კგ. 1. მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი), 2. ტარლან კერიმოვი (აზერბაიჯანი), 3. ალიმ გადანოვი (რუსეთი), კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი).

ქალები.
48 კგ. ალინა დუმიტრუ (რუმინეთი), 2. ევა ცერნოვიცკი (უნგრეთი), 3. ფრედერიკ ჟოსინე, ლაეტიტია პაიეტი (ორივე - საფრანგეთი).
52 კგ. 1. პენელოპე ბონა (საფრანგეთი), 2. იოანა რამოსი (პორტუგალია), 3. ანა კარაკოსა (ესპანეთი), სოფიე კოქსი (ბრიტანეთი).
57 კგ. 1. საბრინა ფილზმოსერი (ავსტრია), 2. ტელმა მონტეირო (პორტუგალია), 3. ოანა კორიუ კაპრიორიუ (რუმინეთი), ირინა ზაბლუდინა (რუსეთი).







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული