ძიუდოისტებო, დარჩით საქართველოში!

AutoSharing Option
ტიტულოვანი გორელი ძიუდოისტი გიორგი ვაზაგაშვილი არა მხოლოდ სპორტის ქართველ ქომაგთათავისაა ცნობილი. მისი ჭიდაობის შთამბეჭდავი სტილის თაობაზე ხშირად საუბრობენ სპეციალისტები და ძიუდოს მოყვარულები. სამწუხაროდ, გორელი ტალანტის სპორტული კარიერა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში სპორტი მეტისმეტად სავალალო ვითარებაში იყო. ამის გამო ვაზაგაშვილს 2002 წელს სამშობლოს დატოვებაც მოუწია. იგი ამჟამად საბერძნეთის ჭაბუკთა, ახალგაზრდების და უფროსთა ნაკრების მწვრთელთა საბჭოს წევრია და ამ ამპლუაში უკანასკნელი რამდენიმე წელიწადია ერთობლივი წვრთნებისთვის ყოველ ზაფხულს სტუმრობს გორს ბერძენთა ნაკრებთან ერთად. ჩვენ იგი სწორედ გორის ძიუდოს დარბაზში ბერძენ, აზერბაიჯანელ,
თურქმენ და ადგილობრივ ძიუდოისტთა ერთობლივ ვარჯიშზე ვნახეთ და ვესაუბრეთ.


_ ჩემი მწვრთნელი ყოველთვის იყო მამაჩემი თეიმურაზ ვაზაგაშვილი. დარწმუნებული ვარ, რომ არა მისი გვერდში დგომა, მიზანდასახული და პრინციპული ხასიათი _ ვერანაირ წარმატებებს ვერ მივაღწევდი. ჩემი პირველი მწვრთნელი ტატამზე კი იოსებ ფუხაშვილი გახლდათ – ასე დაიწყო სპორტში პირველი ნაბიჯების გახსენება გიორგიმ.

_ პირველი სიხარულიც გაიხსენეთ...
_ დიახ, პირველი სერიოზული წარმატება სწორედ ჩვენი ქვეყნის ჩემპიონობა იყო. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი საქართველოს პირველობა რომ მოვიგე. გულწრფელად ვამბობ, რაც იმ გამარჯვებისას სიხარული და სიამაყე განვიცადე ევროპის და მსოფლიოს პირველობების კვარცხლბეკზე დგომისასაც არ განმიცდია. მაშინ ვიგრძენი, რომ მეტი შემეძლო და თავსაც არ ვზოგავდი.

_ 1992 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის რეალურ კანდიდატად ითვლებოდით, მერე რა მოხდა?
_ დსთ-ს ჩემპიონატზე 1992 წელს ვიჭიდავე. პირველობისთვის იბრძოდა წინა წლის მსოფლიოს მეორე პრიზიორი ნაზიმ ჰუსეინოვი, რომლის დამარცხების შემთხვევაში მაიმედებდნენ, რომ 90% ოლიმპიადაზე წამსვლელ გუნდში დამაყენებდნენ. ჰუსეინოვს ნახევარფინალში მოვუგე და შემდეგ ჩემპიონიც გავხდი, მაგრამ იმ ოლიმპიადამ მაინც უჩემოდ ჩაიარა.

_ მერედა, რა გითხრეს, რით იმართლეს თავი?
_ მითხრეს, რომ ჯერ გამოუცდელი ვიყავი და გუნდში ისევ ჰუსეინოვის დაყენება ჯობდა, თუმცა როგორც არაპირდაპირ საუბრებში გაირკვა, საქმე იმაში იყო, რომ ბარსელონაში ქართველებიდან ან მე უნდა წავსულიყავი ან დავით ხახალეიშვილი. ორ ქართველს არ წაიყვანდნენ. არჩევანი დავითზე შეჩერდა. ოქროს მედლის მოპოვებით მან გაამართლა კიდეც მწვრთნელთა ნდობა, მაგრამ შესაძლოა არც მე მომცარვოდა ხელი, მით უფრო, რომ ცოტა ხნით ადრე ჩემგან დამარცხებულმა ჰუსეინოვმა იმ ოლიმპიადაზე 60 კგ-ში ყველას მოუგო.

_ იმ დროს ჯერ კიდევ წინ გქონდათ ახალგაზრდებს შორის მნიშვნელოვანი შეჯიბრებები...
_ 1993წელს ახალგაზრდებს შორს ჰოლანდიაში კონტინენტის პირველობა მოვიგე. მომდევნო წელს ეგვიპტეში მსოფლიოს ჩემპიონატზეც ოქროს მედალი მე მერგო. ფინალში იაპონელ ნამურას ვძლიე საკმაოდ დიდი უპირატესობით, ის მერე ატლანტაშიც და კიდევ ორ ოლიმპიადაზე გახდა ოლიპიური ჩემპიონი.

_ სამწუხაროდ, თქვენი დიდებში გადასვლა ერთგვარად უიღბლო გამოდგა...
_ ალბათ, გულისხმობთ 1995 წელს როცა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ფინალები დავთმე. არ იფიქროთ, რომ თავს ვიმართლებ, ორივე ფინალი ჩემს კარერაში ყველაზე ცუდად მახსენედება მსაჯთა მიერ გამოვლენილი ზღვარსგადასული არაობიქტურობის გამო. მსოფლიოზე რუს ნიკოლაი ოჟეგნის ჰანტეითი გამარჯვება უსამართლოდ მიანიჭეს. ევროპის ფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ნაიჯელ დონაჰიუსთანაც მსგავსი ვითარება იყო.

_ მაგრამ ორივე მეტოქესთან რევანშის აღება ხომ შესძელით!
_ მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე ორივეს ჯავრი ვიყარე _ ნახვარფინალში ნიკოლაი ოჟეგნს მოვუგე, ფინალში - ნაიჯელ დონაჰიუს! მაშინ ის იტალიელი ჯოვანეციც გავაკარი ტატამს, რომელთანაც მერე სიდნეის ოლიმპიადაზე ვიწვნიე მარცხი. ჯოვანეცისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზეც მაქვს მოგებული და სამწუხაროა, რომ ერთადერთი პაექრობა სწორედ ოლიმპიადაზე დავუთმე.

_ ატლანტაში?
_ დიახ. სწორედ ატლანტის ოლიპიადამდე ორი თვით ადრე ჩატარდა ზემოხსენებული ევროპის ჩემპიონატი ჰააგაში, სადაც ყველა ძირითად კონკურეტს ვაჯობე. ბრწყინვალე ფორმაში ვიყავი, მაგრამ ვინაიდან ეს ჩემპიონატი ოლიმპიადამდე იყო მისი გამოტოვება მინდოდა, რადგან წონის კლების რთული პროცესი დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში ორჯერ უნდა გამევლო. მერჩივნა ევროპაზე წონა აღარ დამეკლო, მეჭიდავა 65 კილოში და ატლანტისთვის ძალები შემენახა. თუმცა მწვრთნელთა შტაბმა ასე არ ჩათვალა საჭიროდ. დავიკელი 60 კგ-მდე და მართალია, ჰააგაში გამოსვლა ტრიუმფალური გამოდგა, სამაგიეროდ, ოლიმპიადის წინ უკვე ხელახლა თითქმის ათი კილოს დაკლებამ ერთიანად გამომფიტა. ორგანიზმს ბრძოლის უნარი აღარ ჰქონდა. ასე რომ, ატლანტის მარცხი გაცილებით ლოგიკური იყო, ვიდრე მაგალითად, სიდნეიში ზემხსენებულ ჯოვანეცისთან ყურადღების წამიერი მოდუნების გამო ბრინჯაოს მედლის ამარა დარჩენა. არადა, იქ ამ წაგების გარდა, ხუთი შეხვედრა მოვიგე იპონით! ბევრს უთქვამს, რომ კარიერაში ვაზაგაშვილს უიღბლობა მუდამ თან სდევდაო... ალბად მართლაც ასე იყო...

_ იმასაც აღნიშნავენ, რომ ვაზაგაშვილისნაირი შთამბეჭდავი ჭიდაობით და შეხვედრის დასაწყისშივე წამებში მოპოვებული გამარჯვებებით, იშვიათად თუ ვინმე გამოირჩეოდაო...
_ გეთანხმებით და ყველას უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა, ვინც ასეთი შეფასებას მაძლევს. კალინინგრადში გამართული `ა~ კლასის ტურნირი მახსენდება, სადაც ყველა ბრძოლა წამებში და მახრჩობელა ილეთით წმინდად მოვიგე! მაშინ ოქროს მედალთან ერთად სპეციალური პრიზიც გადმომცეს. პრიზი ყველაზე სწრაფი მოგებისთვისაც სხვა ტურნირებზეც მიმიღია.

_ საყვარელ ფანდად რომელი მიგაჩნდათ?
_ ჩოგბჯენში მახრჩობლა და ე. წ. `წისქვილი~.

_ არა თუ 60, 65, არამედ 71 კილოგრამშიც მოგიპოვებიათ გამარჯვება...
_ 1997 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამოვედი უფრო მაღალ წონაში. მაშინ 65 კილოში ჩემსა და გიორგი რევაზიშვილს შორის მძაფრი კონკურენცია იყო და ნაკრების მწვრთნელმა, (აქვე დავძენ, რომ უნიჭიერესმა სპეციალისტმა) შოთა ხაბარელმა დამარწმუნა, რომ 71 კილოშიც შემეძლო შედეგის მიღწევა. დავუჯერე და მართლაც კონტინენტის ჩემპიონი მაშინ ზედიზედ მეორედ ახლა უკვე ზედა წონაში გავხდი. ფინალში რუს ანატოლი ლარიუკოვს მოვუგე. არადა, რომ მახსენდება მეცინება, ყველასთან შედარებით იმდენად დაბალი ვიყავი, რომ კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე დგომისას მეორე-მესამე საფეხურზე მყოფი პრიზიორები მაინც ჩემი სიმაღლისანები ჩანდნენ!

_ 90-იანი წლების დასაწყისს დავუბრუნდეთ...
_ საშინელი მდგომარეობა იყო. ცივ დარბაზებში ვვარჯიშობდით, ცხელი წყალი ჩვენთვის არ არსებობდა, საჭირო რაოდენობის შეკრებებსა და შეჯიბრებებზე, საპრიზო ფონდზე და კიდევ უამრავი რამეზე აღარაფერს ვამბობ. ამ პერიოდში სულ რამდენიმე სპორტსმენმა მივაღწიეთ შედეგებს, მაგრამ დაფასება იყო ნულის ტოლი! ვხდებოდით ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპიადის პრიზიორები, ჩემპიონები და მშობლიური ქვეყნისგან მადლიერების ნიშნად ელემენტარულ საპრიზო თანხას ვერ ვიღებდით! სიჭაბუკეში მხოლოდ ძიუდოს სიყვარულიც კმაროდა ტატამზე გასასვლელად, შემდეგ ყოველდღიურ სავარჯიშო პროცესს ოჯახში ელემენატრული ყოფითი პრობლემები რომ დაემატა, ძალიან გამიტყდა გული. ხშირად ისეთი ჩინოსნები დამპრებიან კუთვნილ გასამრჯელოს, მოტყუებული რომ დავრჩენილვარ, დანაპირების შეხსენებაც ვეღარც გამიბედავს. მეუხერხულებოდა ერთსა და იმავეზე საუბარი... ასეთ დროს ადამიანი მიდის იმ აზრამდე, რომ ჯობია გაეცალო სიტუაციას. სპორტისთვის თავის დანებება არაერთხელ გადავწყვიტე, მაგრამ მამაჩემი წამაქეზებდა ხოლმე, რომ ფარ-ხმალი არ დამეყარა.

_ თუმცა, კარიერის მიწურულს მაინც წახვედით უცხოეთში...
_ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო! უიღბლობა ზემოთ ტყუილად არ მიხსენებია. ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი 1992 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოში ფაქტობრივად სპორტი სიკვდილის პირას მივიდა და დასრულდა მაშინ, როდესაც მის აყვავებას შეუდგა ხელისუფლება!

_ არ გიფიქრიათ შინ დაბრუნება მწვრთნელის ამპლუაში?
_ ვნახოთ, სურვილი მაქვს და ამის თაობაზე ვსაუბარობთ კიდეც ოჯახში. ალბად იქნება შემოთავაზება და მეც დავბრუნდები სამშობლოში სამუდამოდ. სამუდამოდ _ ვამბობ იმიტომ, რომ ახლაც წელიწადში ორ-სამჯერ მაინც ჩამოვდივარ შინ, რადგან დიდ ხანს ვერ ვძლებ უცხოეთში. მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში აღვზარდო მსოფლიოს პრიზიორები და ევროპის ჩემპიონები, რომლებიც უკვე აღვზარდე საბერძნეთში. აღარაფერს ვამბობ მათზე, რომლებმაც წარმატებები მოიპოვეს ჩემს, როგორც ნაკრების მწვრთნელის ხელში.

_ ნაკრებთან ერთად გორის ძიუდოს დარბაზს ხშირად სტუმრობთ...
_ საბერძნეთის ნაკრები გორში ყოველ ზაფხულს ჩამომყავს შეკრებაზე. მუდამ მომიხარია აქ, რადაგან მთელ გუნდს გვმასპინძლობენ ისე, როგორც ძმებს, გორელებს. მინიმალური დაბრკოლებაც არ გვექმნება. თანაც ერთობლივი ვარჯიში ორივე მხარეს სასიკეთოდ ადგება. აქვე, თუ ნებას მომცემთ ჩვენი სპორტის მემატიანის, `ლელოს~ საშუალებით მე მინდა მივმართო გორის დარბაზში მყოფ ახალგაზრდებს და საერთოდ ქართველ ძიუდოისტებს: `არც გაივლოთ გონებაში საქართველოდან წასვლა! პლანეტის ყველა წამყვან ქვეყანაში არსებული ვითარება მინახავს და მერწუნეთ _ თქვენ, აქ სამშობლოშივე გაქვთ მოსამზადებლად და საასპარეზოდ შექ მნილი ნამდვილი ევრო პირობები. გაქვთ საჭირო რაოდენობის შეკრება - შეჯიბრებები, მოსამზადებელი პირობები, ხელფასი და საპრიზო ფონდი, რომელიც გაძლევთ საშუალებას იზრუნოთ მხოლოდ თქვნს საყვარელ სპორტის სახეობაზე და არა იმაზე, თუ დღეს ოჯახი რა საშუალებით გამოკვებოთ. ეს ყველაფერი ჩვენთვის სანატრელი იყო! ამ ყველაფრისათვის ხომ შეიძლება კაცმა თავი დასდოს ტატამზე!~

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული