შეგახსენებთ, თურქეთში ქართველმა ძიუდოისტებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს ორ-ორი მედალი მოიპოვეს, რასაც ჩემპიონატის ბოლო დღეს გუნდური ბრინჯაოც მიაყოლეს.
მასმედიის წინაშე სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ალექსიძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ზურაბ ზვიადაური და სამი მედალოსანი - ლომერ ჟორჟოლიანი, ბეთქილ შუკვანი და ვარლამ ლიპარტელიანი წარსდგნენ.
პრესკონფერენციას ვერ დაესწრნენ ჩვენი ნაკრების ავსტრიელი მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი და ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალოსანი ირაკლი
გია ნაცვლიშვილი:
- შეიძლება, ეს არ იყოს ბრწყინვალე შედეგი, მაგრამ იმის უფლება ნამდვილად გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დადებითად შევაფასოთ. მოგეხსენებათ, ნაკრების სამწვრთნელო შტაბი აქცენტს მსოფლიოს ჩემპიონატზე აკეთებს და კონტინენტის პირველობას მზადების ერთ-ერთ ეტაპად განიხილავდა. ამის ფონზე ოთხი მედლის მოპოვება უდავოდ სასიამოვნოა.
ჩვენი ძიუდოისტები პირობითად A და B ნაკრებებად არიან დაყოფილნი, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მეორე ნაკრების წევრებისა არ გვეიმედება. პირიქით, ჟორჟოლიანი და შუკვანი, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, სწორედ მეორე ნაკრების შემადგენლობაში ემზადებიან.
ჟორჟოლიანის, შუკვანისა და ცირეკიძის მედლებმა ძალიან გაგვახარა, ლიპარტელიანისგან კი, რომელმაც ევროპის წინა ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგი გააუარესა, ყველანი მეტს ველით. თუმცა მთავარი მაინც მსოფლიოს ჩემპიონატია და გვჯერა, ისიც და სხვა რამდენიმე ძიუდოისტიც მაღლი შედეგებისთვის იბრძოლებენ.
თვალი გადავავლე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატებზე და ვნახე, რომ ბოლო ათწლეულში იქ მხოლოდ სამი ოქრო გვაქვს მოპოვებული - ჩემპიონი სამივეჯერ ზაზა კედელაშვილი გახდა. ოთხი მედლით კი ჩვენი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატიდან არცთუ ხშირად ბრუნდებოდნენ.
კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მიიწვიეს ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე, რომელსაც მიზეზთა გამო, ბოლო წლებში საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამგზავრების საშუალება არ ეძლეოდა. ნუცუბიძეს სტამბოლში ყველაზე პრესტიჟული, მძიმე წონის ფინალი ამსაჯეს და აქაც და სხვა ბრძოლებშიც დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა.
ისევე, როგორც ძიუდოისტებს, მსაჯებსაც საკუთარი რეიტინგი აქვთ, ნუცუბიძე კი სატურნირო პრაქტიკის არქონის გამო რეიტინგში საერთოდ არ იყო შეყვანილი და ევროპის ჩემპიონატზე ისე მიიწვიეს, რაც უპრეცედენტო ფაქტია. მისი სტამბოლში ყოფნა ჩვენი ძიუდოისტებისთვისაც სასიკეთო აღმოჩნდა. როცა ძიუდოისტთა ამა თუ იმ შეჯიბრებაზე შენს ქვეყანას მსაჯი ჰყავს მივლენილი, ნაკლებად გვჩაგრავენ და ასე იყო თურქეთშიც - ჩვენების ყველა ბრძოლა სამართლიანად განსაჯეს, სადავო ეპიზოდში სწორ გადაწყვეტილებას იღებდნენ.
ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ათ მსაჯს მიიწვევენ და ყველანაირად ვეცდებით, ამ ათეულში ნუცუბიძეც იყოს. თუ ეს შევძელით, მას ოლიმპიადაზე მოხვედრის რეალური შანსიც გაუჩნდება.
მოხარული ვარ, რომ 66 კილოგრამის გარდა, ყველა წონით კატეგორიაში დიდი კონკურენცია გვაქვს და მსოფლიოს ჩემპიონატსა და ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა არავის აქვს დაბევებული. ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება ყველაზე მეტად 66 კილოგრამში გაგვიჭირდება და ვეცდებით, ეს პრობლემა დადებითად გადავჭრათ.
ზურაბ ზვიადაური:
- ევროპის ჩემპიონატზე დამაკმაყოფილებელ შედეგებს მივაღწიეთ. ყველა მედალოსანმა მაღალ დონეზე იასპარეზა, თუმცა ლიპარტელიანსა და ცირეკიძეს მეტიც შეეძლოთ.
მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გუნდში გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. მაგალითად, იქ მოხვედრის კარგი შანსი აქვს ავთანდილ ჭრიკიშვილს, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე არ უასპარეზია. ლაშა გუჯეჯიანი ამჟამად ნაკრებთან ერთად არ ვარჯიშობს, მაგრამ გუნდში დაბრუნების შანსი მასაც აქვს.