აბსოლუტური პირველობა იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრებაა. ამჯერად მასში 40 ძიუდოისტი გამოვიდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მათ შორის ერთ-ერთი მსოფლიოს ჩემპიონი, ოღონდ... 66 კილოგრამში ჯუნპეი მორიშიტაც იყო.
მართალია, ამ რანგის შეჯიბრება წონებად დაყოფას არ
კეიჯი სუძუკის მხარეს ცნობილ იაპონელთაგან მუნეტა, კაზუჰიკო ტაკაჰაში, 90 კილოგრამში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დაიკი ნიშიამა, რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე თავგამოჩენილი მასარუ მომოსე და სხვები მოხვდნენ. თუმცა ლიდერებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს - მუნეტა პირველივე შეხვედრაში ჰიროტაკა კატოსთან დამარცხდა, ტაკაჰაშიმ აკინორი ჰონგოსთან წააგო, რომელმაც მეოთხედფინალში ნიშიამაც შეიწირა.
სუძუკიმ ფინალამდე ასეთი გზა გაიარა - ჯერ შუნი საიტოს მოუგო, მერე - ტაკეში ოჯიიას და იგივე ჰონგოს.
არანაკლებ საინტერესო ამბები ხდებოდა ბადის მეორე ნახევარშიც, სადაც ფავორიტები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები, ანაი და კამიკავა ჩანდნენ. მსოფლიოს პირველობაზე აბსოლუტურის ფინალში ფრანგ ტედი რინერის დამმარცხებელი კამიკავა პირველივე შეხვედრიდან გავარდა ტაკაისთან მარცხით. ტაკაიმ მეოთხედფინალში ტაჩიამასაც აჯობა, მაგრამ წააგო ნახევარფინალში ანაისთან. თავის მხრივ, ანაის შედარებით გაუმართლა - მორიშიტა ხომ მისთვის ნამდვილად ვერ იქნებოდა ღირსეული მეტოქე და ვეჭვობთ, იუტა კანზავაც სერიოზული ბარიერი გამომდგარიყო. აი, ტაკაის დამარცხება კი სერიოზული შედეგია.
სუძუკისა და ანაის ფინალი დაზვერვის გარეშე დაიწყო. ორივე ძალიან გამოცდილი ფალავანია, უმაღლესი დონის მოჭიდავე და ერთმანეთსაც ჩინებულად იცნობენ. ამიტომ დაზვერვა და დაკვირვება არც სჭირდებოდათ, რადგან ჭიდაობის ანბანიც ხუთი თითივით იციან და ერთმანეთის საჭიდაო სტილი მშვენივრად იციან. ჩავლებებზე დაფუძნებული ჭიდაობა უშედეგოდ მანამ გრძელდებოდა, ვიდრე შეხვედრის შუაწელში ანაიმ გარესარმის გამოდება არ მოინდომა. სუძუკი შემოტევას მომზადებული დაუხვდა და არათუ დაეჯაბნინა, იქით შეუტია, რაშიც თავისთავად ჩახვეულმა ფეხმა ფასდაუდებელი სამსახური გაუწია - ანაიმ ფეხის გამოღება ვერ მოასწრო, სუძუკი სხეულით მიაწვა და მშვენიერი შუაკაურით იპონზე დასცა. ეს ძალიან ლამაზი გდება იყო და მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. გახარებულმა სუძუკიმ ემოციები ვერ მოთოკა და პირდაპირ ტატამზე ისე ატირდა, თითქოს დამწყებმა მოჭიდავემ პირველი სერიოზული გამარჯვება მოიპოვა. ის მაშინაც ტიროდა, როცა იაპონიის ტელევიზიას ტატამის კიდეზევე ინტერვიუს აძლევდა.
კეიჯი სუძუკი უნიკალური მოჭიდავეა იმ მხრივ, რომ ზემოდასახელებული სამივე დიდი ტიტული სამ სხვადასხვა წონაში მოიპოვა. საკუთარი კოლექციის შეგროვება მან 2003 წელს მშობლიურ ოსაკაში დაიწყო, როცა აბსოლუტურ პირველობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მომდევნო წელს უკვე ოლიმპიადა მოიგო, ამჯერად - მძიმეში, ერთ წელიწადში კი კაიროში მსოფლიოს პირველობაზე უკვე 100 კილოგრამში გაიმარჯვა. შესაძლოა, მაშინ ის მწვრთნელებმა აზარალეს კიდეც, რადგან აბსოლუტურში მას ვერ ენდნენ და ტაკაი დააყენეს. შესაძლოა, მწვრთნელებს რაც შეიძლება მეტი ფალავანის გამოცდა სურდათ და ტაკაი ამიტომაც წაიყვანეს, მაგრამ ფაქტია, ის იქ ძალზე ცუდად გამოვიდა, სუძუკი კი მშვენიერ ფორმაში იყო.
კაიროს შემდეგ სუძუკის საქმეები, ცოტა არ იყოს და უკან-უკან წავიდა. მართალია, ის რეგულარულად იმარჯვებდა იაპონიისა თუ აზიის პირველობებზე, იგებდა სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირებსაც, მაგრამ პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე მედლები ფრიად დაუძვირდა. ამ ტურნირებზე ბოლო მედალი შარშან მოიპოვა, როცა ტოკიოში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მესამეზე გავიდა. ვნახოთ, რას იზამს აგვისტოში პარიზში, სადაც მასპინძლის ფაქტორით შეგულიანებულ რინერისთან მოუწევს დაპირისპირება. ეს ორი დიდი მოჭიდავე აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვედრია, საინტერესოა, რომ ორივეჯერ მასტერსის ტურნირზე და ორივე შემთხვევაში რინერიმ იმარჯვა.
ამასობაში იაპონელ მძიმეწონოსანთა შორის კიდევ ერთი სიახლეა, რაც მთელი მსოფლიოსთვის საინტერესოა - ფრანგული წყაროების ცნობით, ძიუდოში დაბრუნებას და ლონდონის ოლიმპიდის ლიცენზიისთვის ბრძოლას აპირებს ოლიმპიური ჩემპიონი სატოში იში. მან პეკინის ოლიმპიადაზე მძიმე წონაში გაიმარჯვა, მაგრამ 22 წლის სპორტსმენმა მოულოდნელად მიატოვა ძიუდო და აღმოსავლურ ორთაბრძოლებში გადაინაცვლა, სადაც შოუებში მონაწილეობდა. 30 აპრილს მან ამერიკის ღია პირველობაში იჭიდავა და აბსოლუტურ წონაში ტრიუმფითაც გაიმარჯვა. ამერიკას არ ჰყავს ძლიერი სპორტსმენები, განსაკუთრებით - ზედა წონებში, მაგრამ მაინც საყურადღებოა, რომ იშიმ ოთხი შეხვედრა გამართა და ყველა ვადამდე, წმინდა გდებით მოიგო.