ძიუდოისტთა ფიასკო ბაქოში

AutoSharing Option
ბაქოში, სპორტკომპლექს "სერხედჯში" მიმდინარე ძიუდოისტთა "დიდ პრიზზე" ჩვენი ნაკრებისთვის დღევანდელი დღე ძალზე წარუმატებელი გამოდგა. საჭიდაოდ ოთხი ქართველი ჩაება - ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი (ორივე - 73), ლევან წიკლაური, ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე - 81), მაგრამ ქართული კვარტეტი ტურნირიდან ისე გავარდა, სანუგეშო წრეშიც ვერ გადაერთო, ოთხივე მერვედფინალიდან გამოვარდა.

ამ კვარტეტიდან წიკლაურის გარდა, დანარჩენი სამეული ახალ თაობას მიეკუთვნება, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიოდნენ. ამათგან ორს - ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ ტატალაშვილსა და ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის შარშანდელ ჩემპიონ ჭრიკიშვილს განსაკუთრებული იმედით
შევყურებთ. განსაკუთრებით - ჭრიკიშვილს, რომელიც ნამდვილი ტალანტია.

სამწუხაროდ, ორივეს ჩავარდნის პერიოდი აქვს და გვაინტერესებდა, დასძლევდნენ თუ არა მას. პაპოშვილის გამოსვლაც გარკვეულ ინტერესს აღგვიძრავდა - პერიოდულად შიდა შეჯიბრებებში საკმაოდ დამაიმედებლად ჭიდაობს, მაგრამ უცხოეთში უჭირს. ცხადია, წიკლაური, როგორც ევროპის პრიზიორი და წონის ლიდერი, ასევე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, თუმცა, სამწუხაროდ, იმედები ვერც ერთმა ვერ გაამართლა.

ტატალაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მასპინძელ ნადირ ბაბაევს შეხვდა. ისიც ახალგაზრდაა, თუმცა ჩვენებური უფრო გამოცდილია და ამდენად, ლოგიკურიცაა, დიდი უპირატესობით რომ დაამარცხა - ვაზარით მოუგო. სამწუხაროდ, მეორე წრეში ვერაფერი გააწყო ჰოლანდიელ ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ დექს ელმონტთან - აქ მეტოქეებმა თითო იუკო მიითვალეს, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ჰოლანდიელმა სუფთა გდებაც შეასრულა.

პაპოშვილი პირველივე წრიდან ჩაება ტურნირში და ახალგაზრდა რუმინელ ადრიან ნიკოლას მერგეს, იოლად, დამაჯერებლად მოუგო სუფთად ორი ვაზარით. ამის სემდეგ ბევრად ძლიერი მეტოქე ელოდა - მსოფლიოს რეიტინგში ათეულში შემავალი კანადელი ნიკოლას ტრიტონი, თუმცა ჩვენებურმა მასაც იოლად აჯობა - ვაზარის შემდეგ წმინდა გდებაც მიითვალა და მეორე სუფთა მოგება ჩაიწერა აქტივში. სამწუხაროა, რომ ასეთი დასაწყისის შემდეგ უტიტულო და უცნობ ავსტრიელ პეტერ შარინგერთან წააგო, თუმცა კი დაძაბულ ბრძოლაში - შეხვედრაში სამი იუკო გაკეთდა, აქედან ორი მეტოქემ მიითვალა. მთლიანობაში, დღევანდელი კვარტეტიდან ყველაზე უკეთ კიდევ პაპოშვილმა იჭიდავა.

ჭრიკიშვილმა ტურნირი ყოჩაღად დაიწყო - უნგრელ სანდორ ნაგისოლიმოშს ჯერ გაფრთხილებინა მიაღებინა, მერე კი ორი ვაზარიც გაუკეთა და წმინდად მოუგო. მეორე შეხვედრა ბევრად ძლიერ ფალავანთან გამართა - ბელარუს ევროპის ვიცე-ჩემპიონ ალექსანდრ სტიაშენკასთან და იპონით წააგო. წიკლაურმა თურქ აჰმეტ სარის გაფრთხილებებით და იუკოთი მოუგო, მერე კი ბელგიელ იოახიმ ბოტიესთან მცირე სხვაობით დამარცხდა.

ხვალ ჩვენგან ვალერი ლიპარტელიანი (90), კონსტანტინე მუკვანი, ალექსანდრე მსხალაძე (ორივე - 100) და ნოდარ მეტრეველი (+100) იჭიდავებენ. ლიპარტელიანის მეტოქე გერმანელი კრისტოფ ლამბერტია, მსხალაძე რუს აშხაბ კოსტოევს ეჭიდავება, მუკვანი - უკრაინელ არტემ ბლოშენკოს, მეტრეველი - ყაზახ ბეიბიტ ისტიბაიევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული