ერთი ოქრო და... მორჩა!

AutoSharing Option
ბაქოში დასრულებულ ძიუდოისტთა "დიდ პრიზზე" ჩვენი ნაკრების ერთადერთი ნათელი წერტილი ამირან პაპინაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. სამწუხაროდ, იმის შემდეგ მოასპარეზე შვიდეული ისე გავარდა, სანუგეშო წრეში გადასვლის საშუალებაც არ მიეცა, ხოლო მძიმეწონოსანი ნოდარ მეტრეველი ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით საერთოდ არ გასულა ტატამზე. პაპინაშვილის შემდეგ ქართველებმა შაბათ-კვირას იჭიდავეს და ჩვენც ასე დღეების მიხედვით მივყვეთ.

შაბათს სპორტკომპლექს "სერხედჯის"არენაზე გავიდა ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი (ორივე - 73), ლევან წიკლაური და ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე - 81). ამ კვარტეტმა დაახლოებით ერთნაირი გზა გაიარა -
მერვედფინალამდე მივიდა და იქ წააგო. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ იქამდე მისასვლელად ზოგმა ორი შეხვედრა მოიგო, ზოგიც პირველ წრეში ისვენებდა.

მათი გამოსვლა პირადად ჩემში დიდ ინტერესს იმიტომ იწვევდა, რომ ახალი თაობა სჭარბობდა ("ძველი"მხოლოდ წიკლაურს ეთქმის), ხოლო ტატალაშვილსა და ჭრიკიშვილზე განსაკუთრებულ იმედებს ვამყარებთ, როგორც წონის მომავალ ლიდერებზე. უფრო მაინც ჭრიკიშვილისა გვეიმედება, რომელიც ნამდვილი ტალანტია და შარშან ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონიც გახდა და მსოფლიოსიც. ეს დუეტი ჯერ კიდევ გუშინ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიოდა, დღეს კი, როგორც პაპოშვილი, ეროვნულის ლიდერობისთვის იბრძვის. მათში ნაკრების ხვალინდელი სახეა გაიგივებული და სწორედ სამომავლო პერსპექტივის, რეზერვის თვალსაზრისით გვაინტერესებდა რამდენად საიმედო მომავალი გვეზრდება და რამდენად შეძლებდნენ ისინი ბოლო პერიოდის წარუმატებლობათა აღმოფხვრას... დასამალი არაა, ტატალაშვილს გაუგრძელდა ჩავარდნა, ჭრიკიშვილს კი ახლა დაეწყო და ამ ტურნირს უნდა გაერკვია, რამდენად ღრმა კრიზისის პირად დგას. თავის მხრივ, დიდ ინტერესს იწვევდა წიკლაურიც, როგორც ევროპის პრიზიორი და წონის ახლანდელი ლიდერი, მაგრამ, სამწუხაროდ, იმედები ვერც ერთმა ვერ გაამართლა.

ტატალაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მასპინძელ ნადირ ბაბაევს შეხვდა. ისიც ახალგაზრდაა, თუმცა ჩვენებური უფრო გამოცდილია და ალბათ, ლოგიკურიცაა, დიდი უპირატესობით რომ მოუგო - ვაზარით დაამარცხა. ტატალაშვილის მომდევნო მეტოქე ბევრად გამოცდილი და სოლიდური იყო - ჰოლანდიელი ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი დექს ელმონტი. აქ თავს იმით თუ დავიმშვიდებთ, რომ ჩვენებურს უბრძოლველად არ წაუგია და ვიდრე მეტოქე წმინდა გდებას შეასრულებდა, მანამდე იუკო აართვა (თუმცა თვითონაც დაკარგა ერთი ასეთივე შეფასების ქულა). პაპოშვილი პირველივე წრიდან ჩაება ტურნირში და ახალგაზრდა რუმინელ ადრიან ნიკოლას მერგეს იოლად, ძალზე დამაჯერებლად მოუგო სუფთად ორი ვაზარით. ამის შემდეგ, ერთი შეხედვით, ბევრად ძლიერი მეტოქე ელოდა - მსოფლიოს რეიტინგში ათეულში შემავალი კანადელი ნიკოლას ტრიტონი, თუმცა რეიტინგის მიუხედავად, მას ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ წონის ლიდერებს. საბედნიეროდ, ჩვენებურმა კანადელსაც იოლად აჯობა - ვაზარის შემდეგ წმინდა გდებაც მიითვალა და მეორე სუფთა მოგება ჩაიწერა აქტივში, ოღონდ სამწუხაროა, რომ ასეთი დასაწყისი ასევე კარგად ვერ გააგრძელა და უტიტულო ავსტრიელ პეტერ შარინგერთან წააგო, თუმცა კი დაძაბულ ბრძოლაში - შეხვედრაში სამი იუკო გაკეთდა, აქედან ორი მეტოქემ მიითვალა. როგორც ვხედავთ, ავსტრიელმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა მას ხეზე ასვლა ვერ ასწავლა, თუმცა მთლიანობაში, შაბათის კვარტეტიდან ყველაზე უკეთ კიდევ პაპოშვილმა იჭიდავა.

ჭრიკიშვილმა ტურნირი ყოჩაღად დაიწყო - უნგრელ სანდორ ნაგისოლიმოშს ჯერ გაფრთხილებინა მიაღებინა, მერე კი ორი ვაზარიც გაუკეთა და წმინდად მოუგო. მეორე შეხვედრა ბევრად ძლიერ ფალავანთან გამართა - ბელარუს ევროპის ვიცე-ჩემპიონ ალექსანდრ სტიაშენკასთან და იპონით წააგო. ამის შემდეგ ბელარუსი აზერბაიჯანელ ელხან რაჯაბლისთან დამარცხდა, ამას კი ჭრიკიშვილმა თბილისის მსოფლიოს თასზე რა იოლად მოუგო, გემახსოვრებათ. ეტყობა, ჩვენი ახალგაზრდა ტალანტი მართლაც გადაიღალა და დასვენება სჭირდება. დიდად ვერც წიკლაურმა ივარგა - თურქ აჰმეტ სარის გაფრთხილებებით და იუკოთი კი მოუგო, მაგრამ მერე ბელგიელ იოახიმ ბოტიესთან მცირე სხვაობით დამარცხდა.

გუშინ ჩვენგან ვალერი ლიპარტელიანი (90), კონსტანტინე მუკვანი და ალექსანდრე მსხალაძე (ორივე - 100) ჭიდაობდნენ. ცხადია, მათგან ყველაზე მეტად ლიპარტელიანისა გვეიმედებოდა და ყველაზე დიდი იმედგაცრუებაც მისი წაგება იყო. არადა, როგორც განთესილს, წილისყრამაც გაუმართლა - ლოგიკურად, ნახევარფინალში გასვლა არ უნდა გასჭირვებოდა. პირველ წრეში გერმანელ კრისტოფ ლამბერტს სძლია კიდეც, თუმცა თავიდან ჩამორჩა - გაფრთხილებაც მიიღო და იუკოც დაკარგა, მაგრამ მერე მდგომარეობა გამოასწორა - ჯერ თვითონაც მიაღებინა გაფრთხილება მეტოქეს, რასაც ვაზარი მიაყოლა, ყველაფერი კი წმინდა გდებით დაასრულა. ლამბერტი არც ისე ხელწამოსაკრავი ფალავანია და მასთან ამხელა უპირატესობით მოგების, ამდენი გდებების შემდეგ ძნელი წარმოსადგენი იყო, ჩვენებური ყაზახ ალექსანდრ კოსაჩევთან თუ წააგებდა, მაგრამ ზუსტად ასე მოხდა - ლიპარტელიანი სუფთად დამარცხდა! რაც შეეხებათ 100-კილოგრამიანებს, ორივე პირველივე წრიდან გამოვარდა იპონით - მსხალაძეს რუსმა აშხაბ კოსტოევმა სძლია, მუკვანს - ახალგაზრდებში ორგზის ევროპის ჩემპიონმა უკრაინელმა არტემ ბლოშენკომ.

ამდენად, ბაქოს "დიდ პრიზზე"გამოსვლა ერთადერთი მედლით დავამთავრეთ. მართალია, ოქროს მედლით, მაგრამ რაოდენობა და მთლიანად, გუნდის გამოსვლა არაა სახარბიელო. ნაევროპალ ფონზე ეს იქნებ არც იყოს გასაკვირი - ისიც გამიკვირდა, მწვრთნელებმა იქ ნაჭიდავები შემადგენლობა რომ არ დაასვენეს, თუმცა ეს გამამართლებელ საბაბად მაინც ვერ გამოდგება, ვინაიდან ევროპაზე სხვებმაც იჭიდავეს. ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთელ რიგ მოჭიდავეებთან - ტატალაშვილი, ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი - პერსონალურადაა სამუშაო, რათა ჩავარდნა დაძლიონ. მძიმე ფიზიკური დატვირთვების შემდეგ ლეიბზე შესვლა რთულია, თუმცა მთელ რიგ შემთხვევებში ფიზიკური კონდიციების ამაღლებაც აშკარაა. ევროპის ჩემპიონატზე იგივე პაპინაშვილმაც იჭიდავა და თანაც დიდი დატვირთვით - ბრინჯაოსთვის ბრძოლაშიც მიიღო მონაწილეობა ანუ ბოლომდე გავიდა, მაგრამ ამას ახლანდელ წარმატებაში ხელი არ შეუშლია. სამაგიეროდ, იგივეს ჩვენი გუნდის სხვა წევრებზე ვერ ვიტყვით.

ტურნირი კი დამთავრდა, მაგრამ ნაკრები კვლავაც ბაქოში დარჩება და ერთობლივ ვარჯიშებში მიიღებს მონაწილეობას. იქ ნაჭიდავებ შემადგენლობას ევროპის ვიცე-ჩემპიონები - ბეთქილ შუკვანი (60) და ლომერ ჟორჟოლიანი, აგრეთვე ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძეც (100) დაემატებიან, რომლებიც წუხელ წავიდნენ თბილისიდან. ჩვენებისთვის მომდევნო შეჯიბრება 27-29 მაისს მოსკოვში გასამართი "დიდი მუზარადია", რომელიც ასევე სალიცენზიო სტატუსისაა და ამიტომაც მიდიან, თორემ სხვა შემთხვევაში, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, იქნება, არც ეასპარეზათ.


კვარცხლბეკი. ვაჟები.
73 კგ. 1. ნავრუზ ჯურაკობილოვი, 2. მირალი შარიპოვი (ორივე - უზბეკეთი), 3. დექს ელმონტი (ჰოლანდია), იარომირ იეზეკი (ჩეხეთი).
81 კგ. 1. ოლე ბიშოფი (გერმანია), 2. ელხან რაჯაბლი (აზერბაიჯანი), 3. ლეანდრო გილეირო (ბრაზილია), არტემ ვასილენკო (უკრაინა).
90 კგ. 1. დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი), 2. კირილ ვოპროსოვი (რუსეთი), 3. კაროლის ბაუზა (ლიტვა), ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი).
100 კგ. 1. ჰენკ ხროლი (ჰოლანდია), 2. რამიზიდნ საიდოვი (უზბეკეთი), 3. არიელ ზეევი (ისრაელი), დანიელ ბრატა (რუმინეთი).
+100 კგ. 1. ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე), 2. იჰატ მაკარაუ (ბელარუსი), 3. სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა), ვლადიმირს ოსნაჩსი (ლატვია).
ქალები.
63 კგ. 1. ალისე შლესინგერი (ისრაელი), 2. ურსკა ზოლნირი (სლოვენია), 3. ესტერ სტამი, ანიჩკა ვან ემდენი (ორივე - ჰოლანდია).
70 კგ. 1. ედიტ ბოსხი (ჰოლანდია), 2. ანეტ მესაროში (უნგრეთი), 3. სესილია ბლანკო (ესპანეთი), ლინდა ბოლდერი (ჰოლანდია).
78 კგ. 1. აბიგელ იოო (უნგრეთი), 2. ლუის მალზანი (გერმანია), 3. ლუსი ლოუტე (საფრანგეთი), მარინდა ვერკერკი (ჰოლანდია).
+78 კგ. 1. თეა დონღუზაშვილი (რუსეთი), 2. სონგ იუ (ჩინეთი), 3. ირინა კინდერსკა (უკრაინა), ფრანცისკა კონიტცი (გერმანია).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული