სამუდამო დისკვალიფიკაცია - ამჯერად ძიუდოში

AutoSharing Option
ფეხბურთის შემდეგ ძიუდოს ჯერი დადგა - დღეს, 20 მაისს სპორტის ამ სახეობის აღმასკომმაც გამოიტანა განაჩენი საკუთარ სპორტსმენთა სამუდამო დისკვალიფიკაციით დასჯის შესახებ.

უმკაცრესი განაჩენი ეროვნული ნაკრების წევრს მძიმე წონაში ნოდარ მეტრეველსა და საქართველოს ჩემპიონ იოსებ წელაურს (81) გამოუტანეს. მეტრეველი ბაქოში, "დიდ პრიზზე" მომხდარი დანაშაულისთვის დაისაჯა - კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ქურდობის ფაქტს ეხება, წელაური კი ჩხუბის გამო დაისაჯა.

ინციდენტი გლდანში მდებარე ოლიმპიური მზადების ცენტრში, უნივერსიადის მიმდინარეობისას მოხდა, როცა წაგებით განაწყენებული სპორტსმენი ტატამიდან გასვლისას თავს დაესხა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ნიკო ზაუტაშვილს და
ხელჩართულ ჩხუბში იმდენად მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, დაზარალებულს ექიმთა დახმარება დასჭირდა.

გუშინ აღმასკომმა კიდევ ორი სპორტსმენი დასაჯა, ოღონდ გაცილებით ლმობიერად, მხოლოდ 6-თვიანი დისკვალიფიკაციით. ასეთი სასჯელი ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანწინდელ ვიცე-ჩემპიონ არჩილ შინჯიკაშვილს (90) და ივანე დავითაშვილს (66) გამოუტანეს გლდანის ზემოაღნიშნულ ბაზაზე ჩადენილი არასპორტული საქციელისთვის. შეგახსენებთ, რომ ეს ბიჭები იქ ცხოვრობენ, როგორც ნაკრების წევრები. სამწუხაროდ, ფედერაციამ მიზეზი არ დააკონკრეტა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, საქმე აქაც ქურდობას ეხება.

"მკაცრი სანქციები მომავალშიც განხორციელდება ნებისმიერ არასპორტულ საქციელზე - მწვრთნელის დაუმორჩილებლობა იქნება, დაგვიანება, ვარჯიშის გაცდენა თუ სხვა სახის დარღვევა. სპორტი არაა ქურდობის და მაიმუნობის ადგილი. ვინც არ იქნება დისციპლინირებული, ის არც სპორტში იქნება", - განაცხადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ დამნასჰავე სპორტმენებს ფეხებზე კიდიათ თავიანთი მომასვალი სხვები რატოჯმ უნდა გაისდარჯნენ მათ შეწყალებაზე ფიქრით?
ზოგადად ქართულ სპორტში დისციპლინა რა არის ნაკლებად გვესმის...
state
09:41 21-05-2011
0

სიახლეები პოპულარული