ძმები მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულ ცეზარ ჩოჩელის შვილები არიან და პოლონეთშიც საკუთარი ხარჯით წავიდნენ მწვრთნელ ვაჟა ბალხამიშვილთან ერთად. ძიუდოს ქომაგი უფრო უკეთ შალვას იცნობს, რომელიც წლეულს გამოჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე, რამზესი კი პირველად ჭიდაობდა უცხოეთში. ამ ხანმოკლე პერიოდში შალვამ უკვე მოასწრო თვალსაჩინო წარმატებების მოპოვება - 90 კილოგრამში ჯერ
ეს მოსაზრება დრომ დაადასტურა - შალვამ დამაჯერებლად მოიგო ორივე ზემოხსენებული უცხოური შეჯიბრება და დღეს უკვე თამამად შეიძლება ლაპარაკი მის საჭიდაო ტალანტზე. რაც მთავარია, მშრომელი ბიჭია, ვარჯიშებს არ თაკილობს და მამის ავტორიტეტით არ ცდილობს ფონს გასვლას. ამბობენ, რომ, როგორც ელიტარულ ოჯახებშია მიღებული, მამას ფეხბურთზე სურდა მისი გადაყვანა, მაგრამ შვილმა ცოცხალი თავით არ ჰქნა და ძიუდოს არ უღალატა. აქედანაც კარგად ჩანს, რამდენად ფანატიკურადაა შეყვარებული სპორტის ამ სახეობაზე.
ანთალიისა და კიევის მსგავსად, შალვა ჩოჩელმა პოლონეთშიც უაღრესად დამაჯერებლად იჭიდავა - ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვედრა წმინდად მოიგო. პირველ წრეში მასპინძელი კონრად შიმალა დაამარცხა, მეორეში - პორტუგალიელი პედრო სილვა, მესამეში - უკრაინელი რომან დემიანენკო. ნახევარფინალში ჩვენებურს საკმაოდ გაუჭირდა, თუმცა მეტოქეც ანგარიშგასაწევი ჰყავდა - ლიტველი როკას სიმონისი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე შეხვედრათა უმეტესობა ასევე წმინდად მოიგო. მათ შორის - რუს მომავალ ბრინჯაოს პრიზიორ ვლადიმირ ბოლოტინთან. ერთი სიტყვით, ყველაფრიდან ეტყობოდა, რომ ლიტველი იოლი ლუკმა არ იქნებოდა და ჩვენებურმა მართლაც მხოლოდ იუკო აართვა.
ამ ეტაპზე უკვე ცნობილი იყო, რომ ფინალში მისი მეტოქე აუცილებლად უკრაინელი იქნებოდა - მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს იქაურები, ანტონ სავიცკი და ოლექსანდრ ჩერნიაკი ხვდებოდნენ. ამ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით ჩერნიაკმა იმარჯვა, რომელსაც წინასწარ შეხვედრებში ნამდვილად არ დაუდია ისეთი დამაჯერებელი ანგარიშები, როგორიც - ჩოჩელმა, თუმცა ფინალი მაინც უკრაინელმა მოიგო იპონით. სამწუხაროდ, შეხვედრის პერიპეტიებზე ვერაფერს გეტყვით და არ ვიცით, რა მოხდა, როგორ წარიმართა იგი.
ამდენად, შალვა ჩოჩელმა წლეულს პირველი ფინალი წააგო, თუმცა შედეგი მაინც კარგია. სავარაუდოდ, მან უკვე გაინაღდა ზაფხულში მალტურ კოტონერაში, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა.
ცეზარ ჩოჩელი (66) პირველივე წრეში იპონით დამარცხდა ებრაელ ჰასან ორთან. შეჯიბრება ძველი წესებით კი ტარდებოდა ანუ თუ ებრაელი ნახევარფინალში გავიდოდა, ჩვენებური სანუგეშო წრეში გადაერთვებოდა, მაგრამ არ დასცალდა - ორს მომდევნო წრეში უკრაინელმა ალექსანდრ კუზნეცოვმა აჯობა და ჩვენებურიც გავარდა.