ირაკლი ცირეკიძე დასაჯეს

AutoSharing Option
მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძის ირგვლივ კვლავ გაურკვევლობაა. უფრო სწორად, მისი სპორტული კარიერის შესახებ. ძიუდოისტი გუშინ, 26 მაისს მოსკოვში უნდა წასულიყო "დიდ მუზარადზე" საჭიდაოდ, მაგრამ გუნდს არ გაჰყოლია. მეტიც - ის არც ბოლო შეკრებაზე გამოჩენილა, ტელეფონიც გამორთული აქვს და არც თავად ეკონტაქტება ვინმეს.

ბოლო შეკრების წინ მან ერთი დღით ითხოვა გათავისუფლება და ქუთაისში წასვლა პირადი საქმეების მოსაგვარებლად. ფედერაციამაც გაუშვა, მაგრამ მას შემდეგ სპორტსმენი დაიკარგა. იქიდან მოყოლებული, მასთან დაკავშირებას ამაოდ ცდილობდა ფედერაციაც, ნაკრების ხელმძღვანელობაც და ოლიმპიური კომიტეტიც. სეოკ-დან მასთან დაკავშირებას
დღესაც აქტიურად ცდილობდნენ, ურეკავდნენ ფედერაციიდანაც, ჩვენც დავურეკეთ, მაგრამ მობილური ტელეფონი გამორთულია.

სეოკ-მა ქუთაისში იქაური ძიუდოისტები და რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობაც შეაწუხა, მაგრამ სპორტსმენს ვერავინ დაუკავშირდა. სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ოლიმპიურ ჩემპიონს მიმდინარე თვის ხელფასს დაუქვითავენ.

"მე მეტი არაფერი შემიძლია - სპეცნაზს ვერ გავუგზავნი, ჩხუბს ვერ დავუწყებ და ძალით ვერ მოვიყვან სავარჯიშოდ. როცა დავუკავშირდებით და საქმის დეტალებში გავერკვევით, შესაბამის ღონისძიებებსაც მერე განვსაზღვრავთ, მანამდე კი ასეთი გადაწყვეტილება გამოვიტანეთ", - გვითხრა ნაცვლიშვილმა.

ცირეკიძის ნაცვლად მოსკოვში იოსებ მსხალაძე გამოვა. მის გარდა იქ ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი (73), ლომერ ჟორჟოლიანი (100), ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) და ნინო ოძელაშვილი (70) იჭიდავებენ. ჩვენებურთაგან ხვალ ტატამზე მხოლოდ 73-ის წარმომადგენლები გავლენ, დანარჩენები კი ხვალ იასპარეზებენ.

უკვე გაიმართა წილისყრა და გაირკვნენ ჩვენებურთა მეტოქეებიც. ტატალაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი ახალგაზრდა რუს დენის იარცევს შეხვდება. მომდევნო წყვილში ამათ შორის მოგებულის მეტოქე ბელგიელი ევროპის ჩემპიონისა და მსოფლიოს პრიზიორ დიკ ვან ტიხელტის, თბილისის წლევანდელი ტურნირის ფინალში ავალიანთან დამარცხებულ ბელარუს ალექსი რამანჩიკისა და ესტონელ ევროპის პრიზიორ კინტერ როტბერგის შეხვედრებში გაირკვევა. ავალიანი პირველივე წრიდან იჭიდავებს და ახალგაზრდებში აზიის ჩემპიონ ჩინელ ვეი ლიუს ხვდება, ვისაც წლეულს ერთხელ უკვე მოუგო - ვარშავაში, 1/16-ფინალში. დიდი შანსია, ჩინელთან წარმატების შემთხვევაში ქართველებთან მოუწიოს ურთიერთობის გარკვევა - სავარაუდო მეტოქეთა შორის ისრაელის სახელით მოჭიდავე იოსებ ფალელაშვილი და რუსეთის წლევანდელი ჩემპიონი სერგეი ბადრიაშვილიც არიან. ამ უკანასკნელს ავალიანი ჯერ არ შეხვედრია, ფალელაშვილს კი წლეულს ორჯერ ეჭიდავა და ორივე მოუგო - თბილისსა და ვარშავაში.

ჟორჟოლიანი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი კამერუნელ ფრანკ მარტიალ მუსიმა ევანეს ხვდება. ალბათ, სასწაული იქნება, ევროპის ვიცე-ჩემპიონი აფრიკელთან რომ დამარცხდეს, მომდევნო შეხვედრა კი უზბეკ რამზიდინ საიდოვსა და პოლონელ ტომაშ დომანსკის შორის მოგებულთან მოუწევს. მსხალაძე უზბეკ უხტირ ყურბანოვს ეჭიდავება.

ხანჯალიაშვილი თავიდანვე ჩაებმება შეჯიბრებაში და ყირგიზ იური კრაკოვეცკის შეხვდება, ხოლო თუ მოუგებს, სავარაუდოდ, გერმანელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ანდერას ტოლცერს დაეჭიდება. ყოველ შემთხვევაში, ის მონგოლ სუგარჯარგალ ბოლდპურევს ეჭიდავება და მასთან წარმატება არ უნდა გაუჭირდეს. ოძელაშვილიც პირველივე წრიდან ჩაებმება კორეელ აზიის ორგზის ჩემპიონ იე-სულ ჰვანგთან შეხვედრით.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამისმა ფორსებმა ხომ დაგვღალა რა. ან ჰო თქვი ან არა და დასვი წერტილი. მაგარი კაცი ხარ მაგრამ თავი არ უნდა მოაბეზრო გულშემატკივარს.
khaka
21:38 27-05-2011
0
tsirekidzem tqva misi satqmeliii ukveeee da verc veravin shedrebaa,amxela sxvebmaxc gaaketon rac man gaaketaaaaa.
tika
03:44 02-06-2011
0

სიახლეები პოპულარული