ძიუდოს ნოვატორული სემინარი

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინიციატივით და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით თბილისში მწვრთნელთა სამდღიანი სემინარი დაიწყო, რომელსაც ძიუდოს ევროპული ფედერაციის რუმინელი ვიცე-პრეზიდენტი დანიელ ლასკაუ უძღვება.

სემინარი ძიუდოს აკადემიაში ტარდება და, საბედნიეროდ, დიდი ინტერესი გამოიწვია - გუშინ, პირველ დღეს 50 მწვრთნელი ესწრებოდა, რომელთა დიდი ნაწილიც რაიონიდან იყო ჩამოსული. ლასკაუ თეორიულთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობებსაც ატარებს. თეორიული სწავლება ყველაზე ქვედა საფეხურიდან - ბავშვთა სპორტიდან იწყება, პრაქტიკული კი სხვადასხვა ილეთების ჩვენება-სწავლებას მოიცავს.

ძიუდოს ფედერაციისთვის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამგვარი მეცადინეობის ჩატარება სტრატეგიული მიმართულებაა, თუმცა ეს
არა მხოლოდ კვალიფიკაციის გაზრდას, არამედ მწვრთნელთა რანგებად დაყოფასაც ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე ეს შეუძლებელია, რადგან საქართველოში ამგვარი მიდგომა აქამდე არ ყოფილა და, შესაბამისად, არც სერთიფიკატი აქვს ვინმეს. ამიტომ მოსალოდნელი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ფედერაციამ ასე გადაწყვიტა - პირველ ეტაპზე მოიწვევს უცხოელს, რომელიც დაარიგებს მოწმობებს და დროთა განმავლობაში, როცა ჩვენში მწვრთნელთა რეიტინგები გამოიკვეთება, მერე უკვე თავისთავად გამოიყოფა მაღალკვალიფიციური მწვრთნელთა კატეგორია, რომელიც მეცადინეობებს ჩაუტარებს დაბალკვალიფიციურებს.

ვფიქრობთ, ნამდვილად ნოვატორული იდეაა, რასაც სხვა ფედერაციებმაც უნდა მიბაძონ. ასეთი რეიტინგის დადგინება ძალიან ბევრ სადავო საკითხს მოაგვარებს და ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს. იქნებ უცხოელი მწვრთნელები სხვა ფედერაციებსაც ჩამოჰყავთ, ან იქნებ აქაურებს აგზავნიან უცხოეთში, იქნებ ისინი სერთიფიკატებსაც იღებენ, მაგრამ ასე ორგანიზებულად აქცენტი შიდარეიტინგზე და სპეციალისტთა კატეგორიებად დახარისხებაზე არავის აუღია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული