ძიუდოისტები იაპონიაში მიდიან

AutoSharing Option
უახლოეს დღეებში საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიაში გაემგზავრება საწვრთნელ შეკრებაზე.

მოგეხსენებათ, ნაკრების ავსტრიელმა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა შეცვალა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმა - ტალინში, რიო დე ჟანეიროსა და სან პაულუში დაგეგმილი სალიცენზიო შეჯიბრებებში გამოსვლას იაპონიაში თვენახევრით სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე წასვლა არჩია. იქ ჩვენები ტოკაისა და კოქშიგანის უნივერსიტეტებში ივარჯიშებენ.

ზაიზენბახერს შეკრებაზე 16 სპორტსმენი მიჰყავს, რომლებიც დღეს, 8 ივნისს დაასახელა: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (60), დავით ასუმბანი, შალვა ქარდავა (66), ამბაკო ავალიანი, თენგიზ პაპოშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური, გიორგი ბაინდურაშვილი
(81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90), ლომერ ჟორჟოლიანი, ალექსანდრე მსხალაძე (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (+100). იაპონიიდან ნაკრები 23 ივლისს დაბრუნდება და ერთ შეკრებას უცხოეთში გაივლის, ოღონდ იტალიაში თუ ბელარუსში, ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაწყვეტის პროცესშია, დასკვნითი შეკრება კი დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე მოეწყობა.

როგორც ზაიზენბახერმა განაცხადა, აგვისტოში პარიზში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე წამსვლელი შემადგენლობა 90 პროცენტით ამათგან ამოირჩევა, თუმცა მისთვის დოგმა არაა, ყველა წონაში 2 კაცი წაიყვანოს. მწვრთნელმა ისიც გვითხრა, რომ ასუმბანმა საბოლოოდ გადაწყვიტა წონითი კატეგორიის შეცვლა და 66-ში გადავიდა. ვიქონიოთ იმედი, რომ ამით ამ წონაში საკადრო პრობლემაც ამოიწურება.

"ასუმბანმა დაამტკიცა, რომ 60-ში ერთ-ერთი უძლიერესი იყო, ახლა კი 66-ში გადაწყვიტა გადასვლა. მას კლასი აქვს, ფიზიკურადაც კარგად ემზადება და ყველანაირად დავეხმარებით ახალ წონაში წარმატებების მოპოვებაში" - განაცხადა მწვრთნელმა. მან კომენტარი მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეზეც (100) გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გუნდში სავარჯიშოდ არ დააბრუნებს, ხოლო თუ მსოფლიოსთვის ინდივიდუალურად მოემზადება და ფორმაში იქნება, ბოლო შეკრებაზე წაიყვანს. მას დაბრუნების შანსი უკვე რამდენჯერმე მივეცით, თუმცა დისციპლინას არ იცავდაო", - აღნიშნა მწვრთნელმა.

თუ რატომ გამოტოვა ერთბაშად სამი სალიცენზიო შეჯიბრება, ამაზე ავსტრიელმა განაცხადა, რომ სადღეისოდ ბიჭებისთვის მთავარია სხვა საჭიდაო სტილიდან კლასიკურ ძიუდოზე გადასვლა და მიზანმიმართული ვარჯიშები, ხოლო ტურნირებზე გამოსვლით ირღვევა მათი ყოველდღიური სავარჯიშო გრაფიკი, ხშირი გადაფრენები კი ბიჭებს დიდ ენერგიას ართმევს. ამიტომ ამჯობინა დატვირთული სავარჯიშო რეჟიმი, სალიცენზიო შეჯიბრებები კი მსოფლიოს პირველობის შემდეგაც ბლომად ტარდება. თან მსოფლიოზე მოპოვებული წარმატებაც იძლევა ქულებს რეიტინგში, თუმცა სადღეისოდ რამდენიმე წონაში საგზური ისედაც განაღდებული გვაქვსო. ამ ეტაპზე ქულებზე მეტად სავარჯიშო სტილის, ფიზიკური კონდიციების ამაღლების პრობლემა დგასო, ესეც დასძინა ავსტრიელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული