შეგახსენებთ, რომ რუმინეთში ჩვენმა ფალავნებმა 3 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვეს, რაც ამ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია. ამაზე ძიუდოს ევროპული ფედერაციის საიტმა იხუმრა კიდეც, ქართველები ასე კარგად მშობლიურ ტურნირზე არ გამოსულანო და სამართლიანადაც - მართალია, მაშინაც ოთხი მედალი გვქონდა, მაგრამ ოქრო მხოლოდ 2 იყო.
ბუქარესტში ჩემპიონები ბეთქილ შუკვანი (60), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) დ ზვიად გოგოჭური (90) გახდნენ, მეორეზე კი მძიმეწონოსანი ზვიად ხანჯალიაშვილი გავიდა. პრესკონფერენციას სამივე ჩემპიონი ესწრებოდა მწვრთნელ
რუმინულ ტურნირთან დაკავშირებით თავდაპირველად კომენტარი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების გეგმით გათვალისწინებული ბოლო შეჯიბრება იყო, რომელიც ცალკეული წამყვანი ნაკრებების უარის მიუხედავად, მაინც საკმაოდ ძლიერი გამოდგა - 46 ნაკრები გამოდიოდა, მონაწილეთა შორის კი ბლომად იყვნენ საერთაშორისო რეიტინგის ათეულში შემავალი ძიუდოისტები. თურმე უცხოელებისთვის დიდი სიურპიზი აღმოჩნდა ჩვენების გამოსვლა, რადგან ყველა ახალგაზრდებისა, განსაკუთრებით კი გოგოჭურით გაოცებულან, რომელიც ძიუდოს სამყაროსთვის აქამდე სრულიად უცნობი იყო.
"ეს ტურნირი ბიჭებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო - წარმატება საკუთარი თავის რწმენას შეჰმატებდათ. საბედნიეროდ, ბიჭებმა კარგად იჭიდავეს და მაღალ დონეზე იასპარეზეს" - განაცხადა ჯიქურაულმა.
ამის შემდეგ შეხვედრის ყველაზე საინტერესო ნაწილი დაიწყო, როცა ზაიზენბახერმა მსოფლიოს პირველობისთვის ნაკრების მზადების გეგმა გაგვაცნო. მოგეხსენებათ, მან შეცვალა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი კურსი - ტალინში, რიო დე ჟანეიროსა და სან პაულუში დაგეგმილი სალიცენზიო შეჯიბრებებში გამოსვლას იაპონიაში ერთი თვით სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე წასვლა არჩია. ჩვენები იქ 19 ივნისს გაემგზავრებიან და 23 ივლისამდე დარჩებიან, პარალელურად კი ტოკაისა და კოქშიგანის უნივერსიტეტებში ივარჯიშებენ.
ზაიზენბახერს შეკრებაზე 16 სპორტსმენი მიჰყავს: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე - 60), დავით ასუმბანი, შალვა ქარდავა (ორივე - 66), ამბაკო ავალიანი, თენგიზ პაპოშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (სამივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური, გიორგი ბაინდურაშვილი (სამივე - 81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90), ლომერ ჟორჟოლიანი, ალექსანდრე მსხალაძე (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (+100). მწვრთნელის განცხადებით, აგვისტოში პარიზში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე წამსვლელი შემადგენლობა 90 პროცენტით ამათგან ამოირჩევა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსოფლიოსთვის სხვები არ მოემზადებიან - ყველა ფორმაში უნდა იყოს, ვინიცობაა, მწვრთნელს რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ვინმეს შემცვლელი დასჭირდეს. ავსტრიელმა ისიც დასძინა, რომ მისთვის დოგმა არაა, ყველა წონაში 2 კაცი წაიყვანოს - ვისაც მედლის მოპოვების რეალური შანსი არ ექნება, გუნდში არ დავაყენებთო.
იაპონიიდან ნაკრები 23 ივლისს დაბრუნდება და ერთ შეკრებას უცხოეთში გაივლის, ოღონდ ჯერ საბოლოოდ გარკვეული არაა, იტალიაში თუ ბელარუსში. სამაგიეროდ, გადაწყვეტილია, რომ დასკვნითი შეკრება დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე მოეწყობა.
ასუმბანთან დაკავშირებით ზაიზენბახერმა შემდეგი განაცხადა: "მან დაამტკიცა, რომ 60-ში ერთ-ერთი უძლიერესი იყო, ახლა კი 66-ში გადაწყვიტა გადასვლა. ის საკმაოდ მაღალი კლასის მოჭიდავეა, ბოლო კვირეები ფიზიკურადაც კარგად ემზადება და ყველანაირად დავეხმარებით ახალ წონაში წარმატებების მოპოვებაში". საინტერესოა მწვრთნელის პრინციპული პოზიციაც ცირეკიძის შესახებ: "ის ძალიან გამოცდილი სპორტსმენია, მაგრამ ბოლო დროს გვქონდა დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ის ინდივიდუალურად მოემზადოს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. იქამდე მას შეუძლია თავის წარმოჩენა, თუ როგორ ფორმაში იქნება პლანეტის პირველობისთვის. რაც შეეხება მის განცხადებას ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით, დაბრუნება ბევრს სურს, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია. ცირეკიძეს ამის შანსი რამდენჯერმე მივეცით, ამ ეტაპზე კი გუნდთან ვერ ივარჯიშებს, თუმცა ბოლო შეკრებაზე წავიყვანთ".
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ზაიზენბახერმა ყურადღება გაამახვილა, ნაკრების თვისობრივად ახალ სავარჯიშო სტილზე გადასვლაა - სხვა საჭიდაო სახეობებისთვის დამახასიათებელი მანერიდან კლასიკურ ძიუდოზე გადადიან. მან აღნიშნა, რომ ეს ცვლილება რამდენიმე თვეში მოხდება, თუმცა ის დიდი გამოწვევაა ბიჭებისთვის და დაძაბულ შრომას მოითხოვს. ბევრს უჭირს კიდეც გადაწყობა, მაგრამ ბევრი უკვე კარგად შეეგუა მას, თუმცა მწვრთნელის აზრით, მთავარი ისაა, რომ ყველა მიხვდა ამ რეფორმის აუცილებლობას და აქეთკენ მიდიან. ავსტრიელმა კმაყოფილება გამოთქვა ფიზიკურ მომზადებასთან დაკავშირებითაც, რაც სათანადო დარბაზის კეთილმოწყობით ახსნა.
მწვრთნელს იმაზეც დავეკითხეთ, რატომ იუარა სალიცენზიო შეჯიბრებებში გამოსვლა - იაპონური შეკრება კარგია და ფრიად საჭირო, მაგრამ სალიცენზიო ქულებიც ხომ საჭიროა? ამაზე ასეთი პასუხი მივიღეთ: "განვლილ ტურნირებში მონაწილეობამ დაგვარწმუნა, რომ ამდენ შეჯიბრებებზე სიარული დიდ ენერგიას ართმევდა ბიჭებს. ამიტომ ამ ეტაპზე მათი გაწვრთნა, მომზადება და ახალ სტილთან შეგუება უფრო აქტუალურად მივიჩნიე. ის ხუთი დღე, ვიდრე სპორტსმენი ტურნირზეა, ეთიშება ყოველდღიურ სავარჯიშო რეჟიმს, მერე აქ ჩამოდიან და ერთი დღე მაინც სჭირდებათ დასვენება ანუ ისე გამოდის, რომ მთელი კვირა უცდებათ. თანაც, რამდენიმე წონაში საგზური ლამის განაღდებული გვაქვს, ხოლო მსოფლიოს პირველობაზე თუ წარმატებით გამოხვალ, ქულებს ისედაც შეიმატებ.
ამასთან, მსოფლიოს პირველობის შემდეგაც ბევრი სალიცენზიო შეჯიბრებაა და იქაც შეიძლება მარაგის შევსება, ამ ეტაპზე კი ჩვენი ფალავნებისთვის უფრო აქტუალური საჭიდაო სტილის შეცვალა, ფიზიკური მომზადებაა და არა ქულები. ამიტომ ისეთ ერთკვირიან ამოვარდნებს მირჩევნია, სერიოზული საფუძვლები შევქმნათ, ლიცენზიებზე ზრუნვა კი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გაგრძელდეს".