ნაყოფიერი სემინარი

AutoSharing Option
ევროპის ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, რუმინელმა დანიელ ლასკაუმ დაამთავრა მწვრთნელთა სამდღიანი სემინარი, რომელსაც ძიუდოს აკადემიამ უმასპინძლა.

სემინარმა დიდი ინტერესი გამოიწვია. განსაკუთრებით - პრაქტიკულმა მეცადინეობებმა, თუმცა მსმენელი არც თეორიულ ნაწილს აკლდა. ლასკაუ კარგი მასწავლებელიც ჩანს - დაწვრილებით, ამომწურავად და მიმზიდველად განმარტავდა ნებისმიერ ნიუანსს - როგორ მონაწილეობს მთელი სხეული ილეთის შესრულებაში; როგორ უნდა მიიღო მომგებიანი პოზიცია შეტევისას; მეტოქის სტილიდან გამომდინარე, როგორ უნდა იჭიდაო სწრაფ მოგებაზე და სხვა...

ჩვენებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ჩოქბჯენში ჭიდაობის და სხვა ისეთი ელემენტების შესწავლა იყო, რაშიც სერიოზულად მოვიკოჭლებთ. საბედნიეროდ, სემინარი
იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა, ცნობილმა მწვრთთნელებმაც კი განაცხადეს, ბევრი ისეთი რამე ვისწავლეთ, რაც გვეგონა, რომ აქამდეც ვიცოდითო.
კმაყოფილი სტუმარიც იყო - დამსწრე კონტიგენტითაც და განსაკუთრებით ქართული სტუმარ-მასპინძლობით. ამიტომ არცაა გასაკვირი, ოქტომბერში განმეორებით სტუმრობის სურვილი რომ გამოთქვა.

მსგავსი მეცადინეობები მართლაც გვჭირდება. ქართული ძიუდო, ზოგადად ქართული სპორტი ხომ საკუთარ წვენში იხარშება, ეს კი პროგრესს აფერხებს. ფაქტია - სპორტული წარმატებების მიუხედავად, წვრთნისა და ვარჯიშის თანამედროვე სტანდარტებს ჩამოვრჩებით, ეს კი სამომავლოდ შედეგებსაც აუცილებლად დაეტყობა. ამიტომაა სასურველი, რომ მსგავსი სემინარები სხვა ფედერაციებმაც ჩაატარონ. ეს განსაკუთრებით კარგი სამსახური რეგიონებში მომუშავეებისთვის იქნება - ამ სემინარზეც ბლომად იყვნენ რაიონების წარმომადგენლები და ვიდეოკასეტებზეც დიდი მოთხოვნილებაა.

სემინარის ბოლო დღეს ვარჯიშებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილიც დაესწრო - ლასკაუს ჩამოსვლა სამინისტრომ დააფინანსა. მინისტრმა ხაზი გაუსვა სემინარის მნიშვნელობას და გამოთქვა სურვილი, მსგავსი მეცადინეობა მომავალშიც ჩატარდეს.

დანიელ ლასკაუ: მადლობა თქვენს ფედერაციას და გიორგი ალექსიძეს სემინარის ორგანიზებისა და ჩემი მოწვევისთვის. როცა რაღაცის განვითარება გინდა, სხვების მოწვევა დასახმარებლად აუცილებელია. აქ ჩამოსვლისას დავინახე, რომ ძიუდოს განვითარება ძალიან უნდათ. სემინარზე ბევრი საინტერესო კითხვა დამისვეს, ეს პირველი ნაბიჯი იყო თქვენი მწვრთნელებისთვის, მაგრამ მსგავსი მეცადინეობები მომავალშიც გაგრძელდება, მერე კი სკოლის ჩამოყალიბებასაც ვეცდებით. პროცედურები სპორტსმენმაც უნდა შეისწავლოს, რათა წარმატებული გახდეს. ძალიან მომეწონა აქაურობა, უშუალო და გულღია ხალხი ხართ, დიდ წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეჯიბრებებში.

ლუდმილა ფერაძე (თბილისი): - ასეთი სემინარი პირველი იყო. ბევრად გავიზარდე, როგორც მწვრთნელი. გამოცდილებას ჩემს გოგოებს გავუზიარებ. ასეთი სემინარები ხშირად უნდა ჩატარდეს.

ზაზა მახათაძე (ზესტაფონი): - მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. გამოვარჩევ დღევანდელ პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩოქბჯენში. ქართული ძიუდო გადავლებაზეა დამყარებული, მაგრამ ჩოქბჯენიც უმნიშვნელოვანესია.

დემურ კევლიშვილი (მესხეთ-ჯავახეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, რეგიონის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) - მე ასე ვიტყვი – ეს სემინარი ერთ-ერთი წამალი იყო ჩვენი ძიუდოსთვის, რაც აუცილებლად წაგვადგება. ბევრი ისეთი რამე ვისწავლეთ, რაც თითქმის არ ვიცოდით.

გოჩა ბუტაშვილი (ახმეტა): - ძალიან კარგად გვიხსნიდნენ. ბევრი დავიწყებული რამეც გავიხსენეთ და ახლა ვარჯიშები ბევრად უფრო გეგმიურად წავა. ეს ყველაფერი კი ბავშვებს გამოადგებათ.

შერმადინ დადვანი (ბოლნისი): - ნამდვილად დიდი საქმე გაკეთდა ასეთი მაღალი დინის სპეციალისტის ჩამოყვანით. აქ ნასწავლი ძალიან წაგვადგება საქმეში.
რამინ ჯოხაძე (ქობულეთი): -კარგი საქმე გაკეთდა. წამყვანი ილეთები პრაქტიკულადაც შევასრულეთ. სემინარი გათვლილი იყო როგორც ბავშვებზე, ასევე უფროსებზე. მადლობა ორგანიზატორებს. მწვრთნელებს ყოველთვის არ გვაქვს სწავლის ასეთი შესაძლებლობა.

ია ზღულაძე (საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი): - იქნებ ეს ილეთები ისედაც ვიცოდი, მაგრამ აქ სულ სხვანაირად დავინახე, როგორც მსაჯმა. აქ ვისწავლე, როგორ უნდა გააარჩიო ერთმანეთისგან ნამდვილი და ცრუ შეტევა. მოკლედ, საჭირო სემინარი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული