რეიტინგი ჩვენი მღელვარებისა

AutoSharing Option
ვიდრე ქართულმა ძიუდომ მსოფლიოს პირველობისთვის სპეციფიკურად მოსამზადებლად ტაიმ-აუტი აიღო, ამასობაში მსოფლიოს ძიუდო თავისი გზით მიდის და ზედიზედ მართავს სალიცენზიო შეჯიბრებებს.

მოგეხსენებათ, ჩვენი ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა ამ რანგის ტურნირებში გამოსვლაზე უარი თქვა და სანაცვლოდ შეგირდები იაპონიაში მიჰყავს ხუთკვირიან შეკრებაზე. ამ მიზეზით ჩვენებმა უკვე გამოტოვეს ტალინში გამართული მსოფლიოს თასი, ხოლო მომდევნო უქმეებზე ასევე გამოაკლდებიან ბრაზილიაში ზედიზედ გასამართ შეჯიბრებებს - რიო დე ჟანეიროს "დიდ მუზარადსა" და სან პაულუს მსოფლიოს თასს. დაგვეთანხმებით, ამ ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა სალიცენზიო რეიტინგში შექმნილი მდგომარეობა, ქართველთა
პოზიციები სადღეისოდ...


სარეიტინგო აბრაკადაბრა
მსოფლიოს რეიტინგში ყველაზე დამაიმედებელი ვითარება ჯერჯერობით კვლავაც 60 კილოგრამში გვაქვს, სადაც ბაქოსა და როტერდამის "დიდი პრიზების" მომგები ამირან პაპინაშვილი მეექვსეა 748 ქულით, თუმცა ოლიმპიურ რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა - ხუთეულში ორი რუსი შედის და რადგანაც ოლიმპიადაზე ქვეყნიდან წონაში მხოლოდ ერთი კაცის გამოყვანაა შესაძლებელი, ოლიმპიურ რეიტინგში მხოლოდ ერთი მათგანის შედეგი შედის.

საფეხურით უკან დაიხია ევროპის ვიცე-ჩემპიონმა და ახლახან რუმინეთის მსოფლიოს თასის მომგებმა ბეთქილ შუკვანმა - 360 ქულით 23-ეა, ოლიმპიურ რეიტინგში კი მე-17, რადგან მის წინაც არიან ერთი და იმავე ქვეყნის წარმომადგენლები. მსოფლიოს რეიტინგში 125-ქულით ჯერჯერობით 25-ეა დავით ასუმბანი, თუმცა მან უკვე შეიცვალა წონითი კატეგორია და 66-ში გადავიდა. აქედან გამომდინარე, რეალურად თუ ვიმსჯელებთ, 60-ში საგზურის მოპოვების ორი კანდიდატი გვყავს, რომლებსაც საამისოდ საკმაოდ მყარი საფუძველი გააჩნიათ. საკითხავი მხოლოდ ისაა, რომელს მისცემენ ამ უფლებას?

სალიცენზიო ქულებს კონკრეტული სპორტმენი კი აგროვებს, მაგრამ საგზური მაინც ფედერაციის კუთვნილებაა და არა ამ ათლეტის. ამიტომ მწვრთნელთა გადასაწყვეტია, ვინ წავა ოლიმპიადაზე. მართალია, ისინი ამ უფლებას ძირითადად ისევ ქულების მომპოვებელს აძლევენ, მაგრამ ზოგჯერ გამონაკლისებიც ხდება, რისი მომსწრენიც ჩვენც გავხდით პეკინის ოლიმპიადაზე. ვფიქრობთ, ამ კონკრეტულ - შუკვან-პაპინაშვილის შემთხვევაში გადამწყვეტი ის იქნება, ვინ უფრო უკეთეს ფორმაში შეხვდება მომავალ ზაფხულს, ჯერჯერობით კი მთავარი და ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ ორივე დაახლოებით თანაბარი დონის და, რაც მთავარია, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი ფალავანია.

რაც შეეხება ოლიმპიურ რეიტინგს ამ წონაში, პირველ ადგილზე უზბეკი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დიშოდ სობიროვია - 2370 ქულა. მეორეზე ჩვენი უკრაინელი თანამემამულე, მსოფლიოს შარშანწინდელი და ევროპის წლევანდელი ჩემპიონი, პლანეტის შარშანდელი პირველობის ფინალში სობიროვთან დამარცხებული გიორგი ზანთარაიაა 1224 ქულით. მესამეზე იაპონელი მსოფლიოს პრიზიორი და აზიის ჩემპიონი ჰიროაკი ჰიროაკაა (1000).

ყველაზე მეტად ქულები 66 კილოგრამში გვიჭირს. აქ ჩვენგან საუკეთესო შალვა ქარდავა 196 ქულით 40-ე ადგილზეა. რასაც უნდა გამოვაკლოთ მის წინ მდგომი ერთი ქვეყნის გაორებული წარმომადგენლები, აშკარაა - სალიცენზიო ჩათვლაში სანუკვარ 22-ეულს მაინც ბევრი აშორებს. ვნახოთ, რას შეგვმატებს ამ წონაში ასუმბანის გადმოსვლა. აქ მსოფლიოს რეიტინგს 1478 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი ჩაგანბაატარ ხაშბაატარი. მეორეზე რუსთა ყაბარდოელი ევროპის პრიზიორი ალიმ გადანოვია 1340-ით, მესამეზე - იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ჯუნპეი მორიშიტა 1280-ით.

მსოფლიოს რეიტინგში ბოლო ტურნირების შემდეგ ნუგზარ ტატალაშვილი (73) 236 ქულით უკვე 32-ე ადგილზე გადავარდა, მაგრამ სალიცენზიო რეიტინგში ზუსტად 22-ეა. ამ წონაში 176 ქულით 44-ეა ამბაკო ავალიანი, რეიტინგს კი 1524-ქულიანი კორეელი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი კი ჩუნ ვანგი ლიდერობს. მეორეზე ბელგიელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი დიკ ვან ტიხელტია 1010-ით, მესამე - ჰოლანდიელი ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დექს ელმონტი 988-ით.

ლიცენზიის მოპოვების შანსს 81-შიც ორი ქართველი ინარჩუნებს - ლევან წიკლაური მსოფლიოს რეიტინგში 360 ქულით 24-ეა, ოლიმპიურში – მე-17. ავთანდილ ჭრიკიშვილმა რუმინეთში მოპოვებული გამარჯვებისთვის 100 ქულა მიიღო, 284 დაუგროვდა და ჯერჯერობით 35-ეა, თუმცა ვიმედოვნებთ, მისი კრიზისი დასრულდა და სამომავლოდ კვლავაც შეიმატებს ქულათა მარაგს. ამ წონაში რეიტინგს 1760-იანი კორეელი ჯაე-ბუმ კიმი ლიდერობს, რომელიც ჩინებულად ასპარეზობს - მოიგო მსოფლიოსა და აზიის პირველობები, საფრანგეთის "დიდი მუზარადი" და რამდენიმე ავტორიტეტული საერთაშორისო შეჯიბრება. 1300 ქულით მეორეა ბრაზილიელი ორგზის ოლიმპიური პრიზიორი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (შარშან სწორედ კორეელთან წააგო ფინალი ტოკიოში) ლეანდრო გილეირო, მესამე - 882-იანი რუსი ევროპისა და მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ივან ნიფონტოვი.

90-ში სალიცენზიო 22-კაციან სიაში ერთადერთი მონაწილე გვყავს, მაგრამ მყარი პოზიციით - ვალერი ლიპარტელიანი, ცოტა არ იყოს და საბედისწერო ციფრით, 666-ით მეცხრეა. ოღონდ ეს მსოფლიოს რეიტინგში, სადაც მას სხვებთან ერთად ორი იაპონელიც უსწრებს ანუ სალიცენზიოში მერვეა. სამწუხაროდ, აქ ამ ერთის გარდა, სხვა დამაიმედებელი წერტილი არც გვაქვს. ჩვენებიდან რეიტინგში მეორე ზვიად გოგოჭურია, რომელიც 146 ქულით 48-ე ადგილზეა. თუმცა ის რუმინეთში რომ არ წაეყვანათ, ესეც არ იქნებოდა. რატომღაც ამ ბიჭს აქამდე თავის გამოჩენის შანსს ლამის არ აძლევდნენ, რუმინეთში კი ენდნენ და ბრწყინვალედაც იასპარეზა, მოიგო ტურნირი. მოარული ხმებით, ამით მან მსოფლიოზე წასვლაც გაინაღდა. ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, შეჯიბრებებში უფრო ხშირად გამოსცდიან და ისიც ისევ მოიპოვებს ქულებს.

ამ წონით კატეგორიას 1416 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს ჩვენი გაბერძნებული თანამემამულე ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური). რაც მან წელის ტრავმა მოირჩინა, იმდენად კარგ ფორმაშია, ღმერთმა დაიფაროს და ოლიმპიადამდე მისი შემჩერებელი ისევ ტრავმა თუ ჩანს, თორემ მეტოქეები ტატამზე ვერაფერს უხერხებენ. შედეგად ჯარჯიც ტრიუმფით იგებს ყველაფერს, სადაც კი გამოდის - ევროპის ჩემპიონატი იქნება, მსოფლიოსი, "დიდი მუზარადის" თუ სხვა რანგის შეჯიბრება. 1306-ით მეორეა იაპონელი მსოფლიოს პრიზიორი ტაკაში ონო, რომელიც საერთაშორისო ტურნირებს კარგად ჭიდაობს, მაგრამ პირველხარისხოვან შეჯიბრებებში (ოლიმპიადა, მსოფლიოსა და კონტინენტური პირველობები) ამ ერთი მედლის მეტი ვერაფერი მოიგო. სალიცენზიო რეიტინგში 1238-ით მესამეა რუსი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი კირილ დენისოვი.

100 კილოგრამში 516 ქულით მსოფლიოს რეიტინგში მე-18 ლომერ ჟორჟოლიანი, სალიცენზიოში კი მე-15 საფეხურზეა. 31-ეა მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე (304 ქულა), თუმცა სპორტში მისი დარჩენის საკითხი ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. აქ რეიტინგს 1536 ქულით იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ტაკამასა ანაი ლიდერობს, 1224-ით მეორეა ჰოლანდიელი ორგზის მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი და ოლიმპიური პრიზიორი ჰენკ ხროლი, მესამეზე მყოფ ყაზახი მსოფლიოს ჩემპიონ მაქსიმ რაკოვს კი 1084 ქულა დაუგროვდა.

მძიმე წონაში უკვე ჩვენგან საუკეთესო ზვიად ხანჯალიაშვილია - 25-ე ადგილი 324 ქულით, თუმცა სალიცენზიო ჩათვლაში ის მე-19 ადგილზეა. მან ადამ ოქრუაშვილს ბუქარესტში მოპოვებული ვერცხლით გადაუსწრო, ოქრუაშვილი კი 254 ქულით 31-ეა. მას უკვე დაუმთავრდა დისკვალიფიკაცია და მომავალში სალიცენზიო ტურნირებშიც ჩაერთვება.


ქართული პრობლემა მსოფლიოს ჭრილში
აი, ასეთია სადღეისოდ არსებული ვითარება, თუმცა თავის დამშვიდების უფლება ჯერჯერობით არც ერთ წონაში არ გვაქვს. იქაც კი, სადაც მოწინავე პოზიციებზე ვიმყოფებით. აქ პრობლემაა ლიცენზიების განაწილების წესის ერთი თავისებურება - უკვე ლიცენზირებული ძიუდოისტი რომ დაგიშავდეს, მისი შეცვლა მხოლოდ 22-ში მოხვედრილი ფალავანით შეგიძლია, თორემ ადრინდელივით ყველას უკვე ვეღარ გადასცემ საგზურს. სადღეისოდ არსებული მდგომარეობაც ნებისმიერი შეჯიბრების შემდეგ შეიძლება გაუარესდეს. თავის მხრივ, გაუმჯობესებაც ასევე ყოველი ასპარეზობის შემდეგაა მოსალოდნელი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მსოფლიომდე ჩვენები სალიცენზიო ტურნირებში აღარ გამოვლენ.

ესეც ცოტა საჭოჭმანო გადაწყვეტილებაა - ავსტრიელი აქცენტს მსოფლიოს პირველობაზე კარგად გამოსვლაზე აკეთებს. ერთი შეხედვით, ეს სავსებით გასაგებია - მსოფლიოზე მეხუთეზეც რომ გახვიდე, 100 ქულას მაინც მიიღებ ანუ იმდენივეს, რამდენსაც მსოფლიოს თასის მოგებისთვის. საკმაოდ მაღალია შეფასება 1/16-ფინალში გასვლისთვისაც - 60 ქულა, ამ დროს კი, მაგალითად, ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი 72-ს იძლევა. ზოგადად, მსოფლიოს პირველობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალქულიანი შეჯიბრებაა, მაგრამ ერთბაშად რამდენიმე მედლის დაგეგმვა ცოტა გადამეტებული სითამამე ხომ არაა? ცხადია, არ ვიქნებით წინააღმდეგნი, ასეც თუ მოხდება, მაგრამ ისე არ დაგვემართოს, მედლების ძებნაში ლიცენზიებიც ხელიდან გაგვიფრინდეს.

შედარებით სუსტ შეჯიბრებებში ქულების მოპოვება ხომ ბევრად იოლია, რასაც აკეთებენ კიდეც სხვები. მართალია, ამ რანგის შეჯიბრებები მსოფლიოს მერეც ბლომად გაიმართება, მაგრამ იქ უფრო მეტი დატვირთვა იქნება, ვიდრე - ახლაა, რადგან ყველა, ვისაც კი ულიცენზიოდ დარჩენის შანსი დაემუქრება, აუცილებლად იასპარეზებს. თან ადრევე განაღდებას ის დადებითი მხარეც აქვს, რომ მერე ოლიმპიადისთვის მშვიდად მოემზადები.

თუმცა ზაიზენბახერის ამ გადაწყვეტილებასაც აქვს არსებობის უფლება, ჩვენ კი უფრო საყურადღებოდ ქართული ძიუდოს ის პრობლემა მიგვაჩნია, რაც მწვრთნელის ამ გადაწყვეტილების მიღმა იმალება - მე არ ვიცი, როგორ ვარჯიშობენ ნაკრების ის კანდიდატები, რომლებსაც ტურნირებზე წასვლისას აქ ვტოვებო, განაცხადა მან. სამწუხაროა, რომ მართლაც არაა ისეთი სისტემა შექმნილი, როცა ყველა დარბაზი, ყველა სექცია ერთიანი გეგმით ივარჯიშებს. მაშინ ეს პრობლემაც აღარ იქნება და ნაკრებშიც ყველა დაახლოებით თანაბრად მომზადებული მივა. შედეგად, არც მწვრთნელს დასჭირდება თითოეული შეგირდისთვის კუდში დევნა, არც იმის შეეშინდება, ვინმე თვალს თუ მიეფარება, ვაითუ, აღარ ივარჯიშოსო. სამწუხაროა, რომ მუშაობის ქართული მოდელი ნაკრების მთავარ და შეგირდთა პირად მწვრთნელებს შორის ასეთ კოორდინირებულ თანამშრომლობას არ ითვალისწინებს, რაც სხვა სახეობებზეც ვრცელდება და არა მხოლოდ ძიუდოზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული