ვაზაგაშვილის პირველი ოფიციალური

AutoSharing Option
24-26 ივნისს მალტის ქალაქ კოტონერაში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრების თავკაცმა გიორგი ვაზაგაშვილმა იქ წასაყვანი შემადგენლობა გუშინ, დუშეთში გამართული საკონტროლო შეხვედრების შემდეგ დაასახელა.

50 კილოგრამი წონითი კატეგორიის გარდა, მას ყველა წონაში ორ-ორი ფალავანი მიჰყავს: ზვიად ხუბულური (50), ბაჩანა ბოლქვაძე, ივანე მამისაშვილი (55), თამაზ კირაკოზაშვილი, ჯუმბერ ჩიხიაშვილი (60), გიორგი მუზაშვილი, აპოლონ ზურაბიანი (66), ლევან გუგავა, ბექა დონღვანი (73), ბექა ღვინიაშვილი, ადამ ვარაზაშვილი (81), შალვა ჩოჩელი, გურამ თუშიშვილი (90), გიორგი ლაზუაშვილი, გიგა გელაშვილი (+90).

მწვრთნელისთვის საკმაოდ ძნელი იყო ამ შემადგენლობის
შერჩევა. ჯერ ერთი, რომ თაობათა ცვლის პროცესის გამო ნაკრები მთლიანადაა გადახალისებული - შარშანდელ ლიდერთაგან გუნდში აღარავინ დარჩა. თანაც, საერთაშორისო ტურნირებმა მთელ რიგ წონებში თვით საქართველოს ჩემპიონატის შედეგებიც თავდაყირა დააყენა, არადა, ის მთავარი შესარჩევი ეტაპი იყო.

ქვეყნის პირველობის შემდეგ ნაკრებმა ორ უცხოურ შეჯიბრებაში იასპარეზა - ანთალიასა და კიევში. კირაკოზაშვილმა, გუგავამ და ჩოჩელმა ორივე ტურნირი მოიგეს, მუზაშვილმა უკრაინაში იმარჯვა, ლაზუაშვილმა და ღვინიაშვილმა - თურქეთში. აღსანიშნავია, რომ გუგავას გარდა ყველა მათგანი საქართველოს ჩემპიონია. შედეგად, ნაკრებში მოსახვედრად ყველაზე დიდი ნახტომიც ქვეყნის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანმა გუგავამ გააკეთა. საინტერესოა, რომ მან კიევში ფინალში საქართველოს ჩემპიონი დონღვანი დაამარცხა. ამ ორი ტურნირის გარდა, ჩოჩელი საკუთარი ხარჯით პოლონეთშიც გამოვიდა და ვერცხლი მოიპოვა. ცხადია, მალტაშიც ჩვენი გუნდის უმთავრესი ფავორიტიც კირაკოზაშვილი-გუგავა-ჩოჩელის სამეულია, რომლებიც აშკარად გამოირჩევიან თანატოლებში.

ვაზაგაშვილისეულ ნაკრებში ერთადერთი მოულოდნელობა ხუბულურის გამოჩენაა - ის საქართველოს ჩემპიონატზე მედალოსანი კი არა, პირველივე წრიდან გავარდა და არც უცხოეთში უასპარეზია. ამ წონაში სერიოზული საკადრო პრობლემებია - უცხოეთში ვერავინ შეძლო მედლის მოპოვება. საქართველოს ჩემპიონმა მიხეილ კირკიტაძემ ანთალიაში ბრინჯაოსთვის კი იჭიდავა, მაგრამ დამარცხდა, ამჯერად კი წონა ვერ დაიკლო და არაა ფორმაში. ამ წონაში მწვრთნელმა საუკეთესოს გამოსავლენად საკონტროლო შეხვედრები დანიშნა, სადაც ხუბულურმა ყველას აჯობა. მწვრთნელმაც აქცენტი იმაზე გააკეთა, მოცემულ მომენტში ვინ უკეთეს ფორმაშია და ხუბულურიც ამიტომ შეიყვანა შემადგენლობაში.

საბერძნეთიდან დაბრუნებული ვაზაგაშვილისთვის ეს პირველი ოფიციალური შეჯიბრებაა ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში. იმედია, ოფიციალურ ტურნირში მისი დებიუტი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც - საერთაშორისო შეჯიბრებებში იყო. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ბოლო შეკრება დუშეთში გაიარა ოლიმპიურ ბაზაზე. მწვრთნელი კმაყოფილია მოსამზადებელი პირობებითაც და სპორტსმენთა მომზადებითაც.

დასასრულს შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპის პირველობაზე ჩვენმა ნაკრებმა თითო ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვა. ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლაშა ტაველური (81) გახდა, მიხეილ მეზურნიშვილი (60) კი მესამეზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული