ახალგაზრდული ნაკრები თითქმის გაირკვა

AutoSharing Option
როგორც იცით, ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა დიდ წარმატებით იჭიდავა პრაღაში ჩატარებულ ევროპის თასზე, სადაც სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა. ჩემპიონები ლაშა შავდათუაშვილი (60), ბეთქილ აფრასიძე (73) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდნენ. ოთარ კაიდარაშვილმა (55) და შმაგი ლაგაზაურმა (60) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, მესამეზე კი გიორგი ნოზაძე (90) გავიდა. ნაკრები უკვე დაბრუნდა თბილისში და გუშინ მისმა თავკაცმა სოსო ლიპარტელიანმა ძიუდოს ფედერაციაში პრესკონფერენცია გამართა. ამ წარმატების აღსანიშნავად დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო
ვარძელაშვილიც ესტუმრა, რომელიც დიღმელია და 1993-94 წლებში თურმე იმ დარბაზში ვარჯიშობდა კიდეც. მინისტრმა დაათვალიერა აკადემიის შენობა, რომელიც დღეს რადიკალურად შეცვლილი დახვდა. ცვლილებები იმდენად კარგია და მასშტაბური, ხოლო დღევანდელობა იმდენად უკეთესია წარსულზე, მინისტრი სასიამოვნოდ გაოცდა იქ ნანახით. მაშინ რომელ ტატამზე იყო ლაპარაკი, გარეთ ავტომატიანი ხალხი დარბოდაო, გაიხსენა ვარძელაშვილმა ქვეყნისთვის მართლაც შავბნელი ის დრო. დღევანდელზე ქების სიტყვებიც ბევრი ითქვა და სამართლიანადაც, თუმცა არავის უხსენებია ჭიდაობა, რომელიც, პრაქტიკულად, გააძევეს იქიდან. არადა, დარბაზი მათაც სჭირდებათ. მით უფრო, ბოლო ხანებში დედაქალაქში ავბედით ტენდენციად იქცა მოჭიდავეთა დარბაზების შესყიდვა-მიტაცება. საქმე იქამდეც მივიდა, რომ თბილისში მოჭიდავეებს დარბაზები აღარ დარჩათ. მინისტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება ახალი სპორტული ბაზების მშენებლობაა. ვიმედოვნებთ, მოჭიდავეთა გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანს და საგანგებოდ შეისწავლის.
პრესკონფერენციას ტურნირის სამივე ჩემპიონი ესწრებოდა, რომლებსაც ვარძელაშვილმა წარმატება მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ მათი სახით ქართულ ძიუდოს კარგი მომავალი ეზრდება.

ჩეხეთში ნაკრების გამოსვლაზე სოსო ლიპარტელიანმა ისაუბრა და აღნიშნა ბიჭების კარგი გამოსვლა. მისი თქმით, ამ ტურნირმა რამდენიმე სიურპრიზი შემოგვთავაზა, უმთავრეს აღმოჩენად კი აფრასიძე დაასახელა. მან თურმე იმდენად კარგად იჭიდავა, უცხოელები გააკვირვა და მათგან ძალიან ბევრი კომპლიმენტიც დაუმსახურებია. აფრასიძე საქართველოს ვიცე-ჩემპიონია, მაგრამ ჩეხეთში შედეგით ჩემპიონ ზებედა რეხვიაშვილს აჯობა. შავდათუაშვილი საქართველოს ჩემპიონატში მესამე იყო, პრაღაში კი საკუთარი ხარჯით წავიდა და კონკურენტებზე ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენა. 90-შიც მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა - ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ნოზაძემ არჩილ შინჯიკაშვილს მოუგო. არადა, საქართველოს ჩემპიონატის ფინალში პირიქით მოხდა - შინჯიკაშვილმა გაიმარჯვა. ლიპარტელიანმა აქედან გამომდინარე აღნიშნა, რომ სასურველია, მოზარდებმა რაც შეიძლება მეტ ტურნირში მიიღონ მონაწილეობა, რადგან ერთია საკუთარ სახლში ჭიდაობა და სულ სხვა - საზღვარგარეთ. ჩვენ ის უფრო გვაინტერესებს, უცხოელებთან როგორ იჭიდავებენო, თქვა ლიპარტელიანმა. ამ თემას ვარძელაშვილიც შეეხო, საქართველოს ჩემპიონატის მოგება არ უნდა იყოს ნაკრებში მოხვედრის გარანტია და საამისოდ საერთაშორისო ტურნირებშიც უნდა იყოჩაღონო. მისი თქმით, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე უნდა წავიდეს ის, ვინც იმ კონკრეტულ მომენტში უფრო კარგადაა მომზადებული.

ჩეხეთის ტურნირი ბოლო საკონტროლო-შესარჩევი შეჯიბრება იყო 17-19 სექტემბერს სოფიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის. ლიპარტელიანი ადრევე ამბობდა, რომ ვინც იქ იყოჩაღებდა, ბულგარეთშიც ის წავიდოდა. მწვრთნელმა საკადრო პრობლემები პრაღაში მართლაც გადაჭრა, ოღონდ ორ წონაში ვაკანსია ჯერ ისევ შეუვსებელია. სოფიაში კაიდარაშვილი, ლაგაზაური, შავდათუაშვილი, აფრასიძე, ჭრიკიშვილი და მიხეილ ნარიმანიძე (100), რომელიც ჩეხეთში მეხუთეზე გავიდა. ჯერჯერობით ღიადაა დატოვებული 90 და +100 წონითი კატეგორიები, ოღონდ სრულიად განსხვავებული მიზეზით - 90-ში ორ ძლიერ კონკურენტს შორის ვერ გაუკეთებია არჩევანი, მძიმეში კი კანდიდატთა ჭიდაობის ხარისხი არ აკმაყოფილებს. 90-ში ნოზაძემ კი მოიგო, მაგრამ ცუდად არც ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ შინჯიკაშვილს უჭიდავია - ორ იუკოს იგებდა, მაგრამ ბოლოს მოდუნდა და მეტოქემ ვაზარი აართვა. ამიტომ ჯერჯერობით არ ჩქარობს მის ჩამოწერას. ორივე წონაში კონკურენცია შეკრებებზე გადაწყდება, ასეთი კი ორია - სულ მალე გუნდი ბაკურიანში წავა ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე, 1 სექტემბრიდან კი, ბულგარეთში წასვლამდე, დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ივარჯიშებს.
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის გარდა, წლეულს ამ გუნდს მსოფლიოს პირველობაც ელოდება - 21-24 ოქტომბერს მაროკოში და 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატიც 19-21 ნოემბერს სარაევოში, სადაც, ალბათ, ამ ნაკრების წევრთა დიდი ნაწილიც იჭიდავებს. ვარძელაშვილმაც და ძიუდოს ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემაც გუნდს მოსამზადებელ პერიოდში ყველანაირი დახმარება აღუთქვეს. ძიუდოისტებმა მინისტრს დაფინანსების გაზრდა სთხოვეს - თურმე ნუ იტყვით და, ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს პირველობამდე შეკრების თანხა არ ჰქონია გამოყოფილი! მინისტრი ამ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
ბოლოს, ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ, რომელიც უკვე დაბრუნდა მინსკიდან, სადაც სტაიკების ოლიმპიურ ბაზაზე გაიარა შეკრება. გუნდი მალე ბორჯომში გაემგზავრება, ოღონდ დაბინავდება არა სპორტკომპლექს `ოლიმპში~, არამედ ერთ-ერთ სასტუმროში და სხვაგან ივარჯიშებს. ეტყობა, ამის მიზეზი ისაა, რომ `ოლიმპი~ ლერი ხაბელოვის საკუთრებაა. თავად ხაბელოვი ამჟამად რუსეთში, ჩვენი ინფორმაციით, ვლადიკავკაზში ცხოვრობს, მისი ცოლ-შვილი კი დღემდე თბილისშია. ეს შეკრება თვის ბოლოს დასრულდება, 2 სექტემბერს კი გუნდი ტოკიოში გაფრინდება და აკლიმატიზაციის მიზნით 9-13 სექტემბერს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ადგილზე მოემზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ ახალგაზრდა ძიუდოისტებს ამ დიდ წარმატებას. იმედია, სტაბილურად გააგრძელებენ და "ვარსკვლავური ავადმყოფობა " არ შეეყრებათ.
giorgi
12:39 07-08-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული