შეგახსენებთ, რომ პარასკევს ევროპის ჩემპიონი ივანე მამისაშვილი (55) გახდა, თამაზ კირაკოზაშვილი (60) კი მეორეზე გავიდა. შაბათს ბრინჯაოს მედალი ლევან გუგავამ (73) მოიპოვა, ამავე წონაში კი ბექა დონღვანი
შაბათი აშკარად რუსებისა გამოდგა - იმ დღეს მათგან მხოლოდ ორი წონის წარმოამდგენლებმა იჭიდავეს და ორივე ფინალში გავიდა. 73-ში ნახევარფინალური ეტაპი სულაც ქართულ-რუსული იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე დავთმეთ - გუგავა მომავალ ჩემპიონთან, სულეიმან ვიშეგუროვთან დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში გაფრთხილებებით დამარცხდა, დონღვანმა კი რუსტამ გერეკოვთან წმინდად წააგო. ამ დუეტიდან დონღვანი საქართველოს ჩემპიონია, გუგავა - ბრინჯაოს მედალოსანი. ისინი ქვეყნის პირველობაზე არ შეხვედრიან ერთმანეთს, მაგრამ უცხოეთში - კიევსა და ანთალიაში გუგავამ ორივეჯერ ფინალში მოუგო თანაგუნდელს. კირაკოზაშვილისა არ იყოს, საწყენია, რომ უცხოეთში ყველაფრის მომგებმა გუგავამ ყველაზე მთავარი წააგო, თუმცა რუსთან შეხვედრაში ყველაფერი ერთადერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა...
ფინალამდე გუგავა ძლევამოსილად, ორი სუფთა მოგებით მივიდა - პოლონელ მიესცკო პოლგრაბსკის იუკოების კასკადი ხომ დაატეხა თავს, ზედაც ორი ვაზარი დააყოლა, ესტონელი მარტინ ვისტი კი ჯერ ვაზარიზე დააგდო, მერე - იპონზე. შედარებით გაუჭირდა აზერბაიჯანელ ფირუდინ დადაშოვთან - გდება ვერ შეასრულა, თუმცა მეტოქე მთელი შეხვედრა დიდ წნეხში ჰყავდა და ორი გაფრთხილება დამსახურებულად მიაღებინა, ამას კი ნახევარფნალი მოჰყვა, რომლის ბედიც ასევე გაფრთხილებებმა გადაწყვიტეს, ოღონდ - უკვე ჩვენებურის საწინააღმდეგოდ. ერთი გაფრთხილება რუსსაც მიაღებინა, მაგრამ მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, კვლავ მოწოდების სიმაღლეზე დადგა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში უკრაინელ ვიტალი დერემიანკოსთან და იუკოს მოპოვების შემდეგ დააიპონა.
ნახევარფინალამდე დონღვანიც ზუსტად ასეთივე გზით მივიდა - სამი შეხვედრიდან ორი წმინდად მოიგო. თუმცა პირველ ორთაბრძოლაში ჰოლანდიელ ბოიდ დერკსთან ძლივს გადაურჩა მარცხს - მეტოქე ვაზარის იგებდა, მაგრამ ჩვენებურმა შეხვედრის მიწურულს მისი იპონზე დაგდება შეძლო. ხორვატ სტიეპო როკოსთან მხოლოდ იუკო იკმარა, ხოლო ზემოხსენებული უკრაინელი დერემიანკო კი ბეჭებზე დააგდო. სამწუხაროდ, მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო - ნახევარფინალში თვითონაც სუფთაზე დავარდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი დადაშოვმა გუგავას ჯავრი ამაზე იყარა - ვაზარ-იპონით მოუგო.
66-ში ლაშა ზურაბიანი პირველივე წრეში დამარცხდა აზერბაიჯანელ მიხაილ ანანიევთან, გიორგი მუზაშვილმა კი მედლისკენ გაიწია, თუმცა მას წილისყრამაც გაუმართლა - პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მოლდოველი სერგიუ სპაცი დააიპონა და მეოთხედფინალში გავიდა. ამ ეტაპზე ისიც რუსთან და ასევე მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა - მიხაილ იგოლნიკოვთან მსაჯებმა პასიურობისთვის მოხსნეს. სანუგეშოში პირველივე შეხვედრა ორი ვაზარით დათმო აზერბაიჯანელ ჰუსეინ რაჰიმლისთან და მეშვიდეზე დარჩა.
სამწუხაროდ, ბიჭებს ვერაფრით აუბეს მხარი გოგოებმა. ოთხივე ჩვენებური შაბათს ჭიდაობდა და ყველა პირველივე წრიდან გავარდა. თან ყველამ - გურანდა შოთაძე, მარიამ ციხელაშვილი (ორივე - 52), მარიამ ჯანაშვილი (57), ანი მინდიაშვილი (63) იპონით წააგო.
კვარცხლბეკი
50 კგ. 1. ელიოს მანზი (იტალია), 2. ვალოდ ხიარი, 3. ლუის მასუ (ორივე - საფრანგეთი), ლუკა კავალო (იტალია).
55 კგ. 1. ივანე მამისაშვილი (საქართველო), 2. ისკანდერ ტალიშინსკი, 3. ელბრუს ზამანოვი (ორივე - აზერბაიჯანი), 3. ალექსანდრ იემჩენკო (უკრაინა).
60 კგ. 1. ელდარ გაზიმაგომედოვი (რუსეთი), 2. თამაზ კირაკოზაშვილი (საქართველო), 3. ვლადისლავ აზოვცევი (რუსეთი), რაშად რუფულლაიევი (აზერბაიჯანი)
66 კგ. 1. მიხაილ იგოლნიკოვი, 2. რამაზან კოძაკოვი (ორივე - რუსეთი), 3. მურატ ბეკტასი (თურქეთი), ჰუსეინ რაჰიმლი (აზერბაიჯანი), 7. გიორგი მუზაშვილი (საქართველო).
73 კგ. 1. სულეიმან ვიშეგუროვი, 2. რუსტამ გერეკოვი (ორივე - რუსეთი), 3. ლევან გუგავა (საქართველო), ფირუდინ დადაშოვი (აზერბაიჯანი), 5. ბექა დონღვანი (საქართველო).
81 კგ. 1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო), 2. ბოგდან ზუსკო (უკრაინა), 3. დავით ხარებავა (უკრაინა) და აბდულ-მალიკ ელმარკიევი (რუსეთი), 5. ადამ ვარაზიშვილი (საქართველო)
90 კგ. 1. გლებს ტალალუჯევსი (ლატვია), 2. შალვა ჩოჩელი (საქართველო), 3. გურამ თუშიშვილი (საქარველო) და ლი კოხმანი (ისრაელი)
+90 კგ. 1. ოლეგ აბაევი (რუსეთი), 2. გიორგი ლაზუაშვილი (საქართველო), 3. ალექსეი საპუნოვი (რუსეთი), მატეუშ კვიატკოვკსი (პოლონეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"