ტრაბზონული შემადგენლობები ცნობილია

AutoSharing Option
გაირკვა საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც რამდენიმე დღეში ტრაბზონში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში იასპარეზებს:
ზაზა ხუბულური (50), ივანე მამისაშვილი (55), თამაზ კირაკოზაშვილი (60), აპოლონ ზურაბიანი (66), ლევან გუგავა (73), ბექა ღვინიაშვილი (81), შალვა ჩოჩელი (90), გიორგი ლაზუაშვილი (+90). ამათგან გაურკვეველი მხოლოდ ზურაბიანის მდგომარეობაა, რომელსაც ხელი სტკივა. თუ ძველი ტრავმა ვერ მოირჩინა, გიორგი მუზაშვილი შეცვლის, თუმცა ნაკრების თავკაცი გიორგი ვაზაგაშვილი იმედოვნებს, რომ მოასწრებს გამოჯანმრთელებას. ყოველ შემთხვევაში, სადღეისო მდგომარეობა დამაიმედებელია.

ვაზაგაშვილმა სატრაბზონედ უძლიერეს შემადგენლობას უხმო. ახლანდელი გუნდის ყველა წევრმა 24-26 ივნისს
მალტურ კოტონერაში ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავა. ოღონდ მაშინ თუ ორ-ორი შემადგენლობა წაიყვანა (მოგეხსენებათ, ევროპა-მსოფლიოზე ეს დასაშვებია), ამჯერად მხოლოდ ლიდერებს დასჯერდა, რადგან ტრაბზონში წონაში ქვეყნიდან მხოლოდ თითო კაცმა უნდა იჭიდაოს. ევროპის პირველობაზე ამ ნაკრებმა ძალიან დიდი წარმატებით იასპარეზა - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს.

მედალოსანთა უმეტესობა ტრაბზონშიც იჭიდავებს - მამისაშვილი და ღვინიაშვილი ევროპის ჩემპიონები არიან, კირაკოზაშვილმა, ჩოჩელმა და ლაზუაშვილმა ფინალური შეხვედრები დათმეს, გუგავა კი მესამეზე გავიდა. ევროპის მედალოსანთაგან ამჯერად გუნდში მხოლოდ გურამ თუშიშვილი (90) ვერ მოხვდა.

ტრაბზონში წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა გოგოების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემაც, რომელსაც იქ ოთხი შეგირდი მიჰყავს: გურანდა შოთაძე (48), მარიამ ციხელაშვილი (52), მარიამ ჯანაშვილი (57), ანი მინდიაშვილი (63).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული