სამაჩაბლოელების შეუპოვრობა

AutoSharing Option
2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებული ლიახვის ხეობელები სხვადასხვა რაიონში არიან დასახლებულნი. რამდენიმეგან სპორტული სექციებიც ფუნციონირებს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ძიუდოს ჯგუფებია. სავარჯიშო პროცესის, მიღწევების და პრობლემების შესახებ ვესაუბრეთ მწვრთნელ ვალერი მელანაშვილს.

- 90-იანი წლების გარიჟრაჟზე სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენების მერე თითქმის 20 წელი ლიახვის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სპორტით იყო გატაცებული - რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხეობიდან ორიოდე კილომეტრში მდებარე ცხინვალის დარბაზები მიუწვდომელი გახდა, არც გორი იყო ისე ახლოს, რომ სავარჯიშოდ სისტემატიურად გველო და ამიტომ 2007 წლის
სექტემბერში აჩაბეთში აშენებულ კეთილმოწყობილ დარბაზში გახსნისთავე ძიუდოს მოწყურებულმა ახალგაზრდობამ უმალვე მოიყარა თავი.

მეც სწორედ მაშინ დავიწყე მწვრთნელად მუშაობა. აჩაბეთში თავდაპირველად მხოლოდ ძიუდოს სექცია ფუნქციონირებდა და 150-მდე ბავშვს ვავარჯიშებდით. ცოტა ხანში თავისუფალი ჭიდაობის ჯგუფიც ამუშავდა. საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ მომდევნო წლის აგვისტოში, ომის გამო დარბაზის კი არა, მშობლიური კარის დატოვებამ მოგვიწია...

- დევნილობის მერე სხვადასხვა ადგილზე მოგიწიათ დასახლება და როგორღა შეიკრიბეთ ხელახლა?
- დიახ, სხვადასხვა რეგიონში ვართ დასახლებულები. შევძელით. ცხადია, ძველი კონტიგენტიც აღარაა ერთად. მე თბილისში ვარ და დედაქალაქში გადმოსული ჩემი 20-მდე მოსწავლეც შეძლებისდაგვარად შევკრიბე. თავდაპირველად გია თენაძის დახმარებით სპორტის აკადემიის დარბაზში მიგვიჩნიეს ადგილი მწვრთნელ კახა მოცრაძეს ჯგუფთან ერთად, მერე ნაძალადევში გადავედით და ახლა ყოფილი შრომითი რეზერვების დარბაზში ვვარჯიშობთ. ძიუდოს სექციები ფუნქციონირებს წეროვანის დევნილთა დასახლების სპორტულ დარბაზში, ქვემო ქართლში (კოდა), კახეთში და ა.შ.

- საქართველოს პირველობებსა და ჩემპიონატებზე საასპარეზოდ სამაჩაბლოს გუნდი როგორი პრინციპით კომპლექტდება?
- რაიონებიდან, სადაც დევნილები ვართ დასახლებული ჩამოგვყავს გუნდები ძირითადად წეროვანის დარბაზში და იქ ვატარებთ საუკეთესოთა გამოსავლენ ტურნირებს. ვინაიდან საქართველოს ჩემპიონატებზე სამაჩაბლოსთვის კვოტა თითოეულ წონაში ერთი ფალავნით განისაზღვრება, მხოლოდ ჩემპიონებით ვკრებთ გუნდს.

- შეგირდებიდან ამ ეტაპზე ყველაზე იმედისმომცემად ვის მიიჩნევთ?
- მეტად პერსპექტიული ჭაბუკი არიან თორნიკე ჭოველიძე, ცოტნე მეტრეველი, გიორგი ბლიაძე, ლაშა ქრისტესიაშვილი, ანდრო ბერუაშვილი. ჭოველიძე საქართველოს წლევანდელი მესამე პრიზიორია ძიუდოში და მეორე პრიზიორი ქართულ ჭიდაობაში. ერთი თვის წინათ სვანეთში ნესტორ ხერგიანისა და ლერი ნაკანის ტურნირებზე ჭაბუკთა შორის ქრისტესიაშვილმა და ჭოველიძემ პირველობა არავის დაუთმეს.

- სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ფარგლებში ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, ძიუდოს ფედერაცია რატომ არაა?
- არაერთხელ ითქვა ამის თაობაზე, თუმცა, სამწუხაროდ, საკითხი ვერ მოგვარდა ფინანსური პრობლემების გამო.

- სხვა მხრივ ფინანსურად თუ გეხმარებათ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია?
- 2008 წლის შემოდგომაზე გადმოგვცეს ძიუდოს კიმონოები, სხვა მხრივ ერთი თეთრითაც არასდროს დაგვხმარებიან. ფეხბურთის გუნდების დაფინანსებისა, რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ სპორტი მხოლოდ ფეხბურთი ხომ არ არის? თანაც ჩვენ სამაჩაბლოელებს, ზოგადად ქართლელებს, მოგეხსენებათ, ტრადიციულად სისხლში გვაქვს გამჯდარი საჭიდაო სახეობებისადმი სიყვარული. გვყავს პერსპექტიული ფალავანები, მათთვის დახარჯული ფული, მერწმუნეთ, რომ წყალში გადაყრილი ნამდვილად არ იქნება. დღესდღეობით იმ დარბაზის ბიუჯეტით ვფინანსდებით, სადაც განთავსებულნი ვართ.

- უახლოესი გეგემები რა გაქვთ?
- მალე ზღვისპირეთში ჩავალთ ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე, შემდეგ კი არდადეგებზე გავუშვებ შეგირდებს და სექტემბრიდან განახლებული ენერგიით შევუდგებით ძიუდოსა და ქართულ ჭიდაობაში მოახლოებული შეჯიბრებებისთვის სამზადისს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული