ირაკლი ცირეკიძე ნაკრებს დაუბრუნდა

AutoSharing Option
ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში ირაკლი ცირეკიძე (100) ნაკრებს დაუბრუნდა და თვის ბოლოს გუნდთან ერთად იტალიაშიც მიემგზავრება შეკრებაზე.

ცირეკიძე დისციპლინის დარღვევისთვის ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა ჩამოაშორა გუნდს. მიზეზი შეკრების გაცდენა იყო, როცა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მშობლიურ ქუთაისში ორი დღით ითხოვა წასვლა, მაგრამ იქ ჩასულმა ტელეფონი გამორთო (ყოველ შემთხვევაში - ის, რომელიც ფედერაციამ იცოდა) და დუშეთში მოწყობილი შეკრება საერთოდ გამოტოვა. დისციპლინის განუხრელი დაცვის მომხრე ავსტრიელმა მისი არგუმენტები არ მიიღო და გუნდიდან მოკვეთა.

ეტყობა, ამაში თავისი როლი სხვა რამემაც ითამაშა - ზაიზენბახერმა
განაცხადა, ცირეკიძეს თუ ჩემი ვარჯიშები არ მოსწონს, შეუძლია, დამოუკიდებლად მოემზადოსო! მწვრთნელის თქმით, სპორტსმენი ძალიან ბევრ კითხვებს უსვამდა ლამის ყველა სავარჯიშო ნიუანსთან დაკავშირებით და თითქმის ყველაფერზე მოითხოვდა ახსნა-განმარტებას. ავსტრიელმა მაშინვე დასძინა, რომ ცირეკიძეს მსოფლიოს პირველობაზე წასვლის შანსი მაინც რჩებოდა და მას ბოლო შეკრებაზე თან გაიყოლებდა.

გუნდი კვირას დაბრუნდა იაპონიიდან, სადაც ხანგრძლივი შეკრება გაიარა და ზაიზენბახერმაც სიტყვა შეასრულა - ქართული ძიუდოს ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი კვლავაც ძირითად შემადგენლობასთან ვარჯიშობს და თვის ბოლოს ნაკრებს იტალიაშიც გაჰყვება ერთობლივ შეკრებაზე.

"ორი შეკრების განმავლობაში ცირეკიძე ცალკე ვარჯიშობდა თავისი გეგმით, თუმცა, ვფიქრობ, ეს ის გრაფიკია, რამაც მას ამხელა ტიტულები მოაპოვებინა. ის ძალიან გამოცდილი სპორტსმენია, კარგად გრძნობს საკუთარ თავს და მჯერა, კარგად მოემზადებოდა", - განაცხადა ზაიზენბახერმა.

თავად ცირეკიძემ კი ასეთი კომენტარი გააკეთა: "მე თბილისში ვვარჯიშობდი აქ დარჩენილ გუნდთან ერთად, აქაური მწვრთნელების მეთვალყურეობით. იაპონიაში წასვლის წინ ზაიზენბახერმა მათ მოსამზადებელი გეგმა დაუტოვა და წვრთნებიც იმის მიხედვით მიდიოდა. ამიტომ არა მგონია, დიდი განსხვავება იყოს ჩემსა და იაპონიაში ნამზადებ ხალხს შორის. გუნდი სულ ორი დღის დაბრუნებულია თბილისში და მწვრთნელს ჯერ არაფერი უთქვამს ჩემს მომზადებაზე, კმაყოფილია თუ არა, თუმცა მე კი მთელი დატვირთვით ვვარჯიშობ. ვნახოთ, წინ კიდევაა დარჩენილი იტალიის შეკრება, სადაც უფრო მოვუმატებ. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, ამ მხრივ ყველაფერი მოგვარდა, ჩვეულებრივი დამოკიდებულება გვაქვს."

ამით ცირეკიძეს მართლაც მიეცა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის შანსი, რომელიც 23-27 აგვისტოს პარიზში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წასული იყო? :)
ბებერიკუ
10:01 27-07-2011
0

სიახლეები პოპულარული