ავსტრიელი შეუსვენებლად ავარჯიშებს ბიჭებს. იმ დილით შტანგებზე ემზადებოდნენ, რის საშუალებასაც საკუთარი ბაზა აძლევთ - მწვრთნელის მოთხოვნით, ფედერაციამ შტანგები შეიძინა თავისი ატრიბუტიკით, თუმცა ცალკე დარბაზის მოწყობა ფართის სიმცირის გამო ვერ ხერხდება. ამიტომ შტანგები საშეჯიბრო არენაზეა განთავსებული.
გუნდთან ერთად ვარჯიშობდა მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძეც (100) - ზაიზენბახერმა სიტყვა შეასრულა და სადამსჯელო ვადის ამოწურვის შემდეგ, მსოფლიოსთვის მზადების
- დასახული გეგმიდან გამომდინარე, როგორ შეაფასებთ იაპონიაში გავლილ შეკრებას?
- ტოკაის უნივერსიტეტში დაახლოებით 100 სპორტსმენი შედიოდა ტატამზე და ყველა მათგანი ემზადებოდა წმინდა იაპონურ სტილში, რაც გულისხმობს კარგ ჩავლებებს, კარგ დაცვას და დიდ სისწრაფეს ლეიბზე. ბიჭებიც იაპონიაში სავარჯიშოდ სწორედ ამ კომპონენტების გამო წავიყვანე. სამწუხაროდ, აუტანლად ცხელოდა და პირველ კვირაში ძალიან გაუჭირდათ, ბევრი სითხე დაკარგეს, მაგრამ ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა კარგად იმუშავა და მალევე გამოიყვანა მდგომარეობიდან.
- უცხოელები სხვებიც იყვნენ ტოკაის უნივერსიტეტში?
- ტოკაიში არა, სხვაგან კი იყვნენ და იქაც გვინდოდა ვარჯიში, მაგრამ დარბაზების გადატვირთვის გამო ვერ მოვახერხეთ. ტოკაიში ერთი ინგლისელი და ერთიც ნორვეგიელი იყო მხოლოდ.
გუნდი დღეში ორჯერ ვარჯიშობდა. ერთი ეთმობოდა ძიუდოს იაპონელებთან ერთად, მეორე - შტანგაზე ვარჯიშს, ფიზიკურ გამძლეობას, რბენებს... ამასთან დღეში თითოეული 12-12 შეხვედრას ატარებდა გადაბმულად, შეუსვენებლად. უმეტესობა უძლებდა ასეთ ტემპს. იყო შემთხვევები, როცა ვინმე, ვთქვათ, მეშვიდე სპარინგზე იღლებოდა, ვიღაც უფრო მეტზე ან ნაკლებზე, ამ დროს მათ 5-წუთიანი შესვენება ეძლეოდა. მთლიანობაში, იტანდნენ ასეთ დატვირთვას.
- ავსტრიელმა ექიმებმა გუნდს სამედიცინო შემოწმებაც ჩაუტარეს. იყო თუ არა პროგრესი წინა ტესტირებასთან შედარებით?
- სირბილში გამძლეობა საკმაოდ იყო მომატებული. ბიჭებს სხვადასხვა ტესტები ჩავუტარეთ. მაგალითად, ერთ-ერთი იყო სისხლში გლუკოზის შემოწმება, რაც იმის გამორკვევას ისახავდა მიზნად, რამდენად სწორად იკვებებოდნენ ისინი და მიიღეს ვიტამინები. ორი ტესტი კუნთების დაღლილობაზე ჩავატარეთ და ორზე ცუდი შედეგიც მოგვცა. შევუმოწმეთ ლაქტატის გამოყოფა უშუალოდ ჭიდაობის პროცესში და 200 მეტრზე რბენაშიც. პროგრესი არის და მსოფლიოს პირველობისთვის ნელ-ნელა შედიან ფორმაში. იქამდე ოთხი კვირა დარჩა და სპეციფიკურ გეგმაზე გადავდივართ, უფრო სწრაფძალოვან ვარჯიშებს ვამუშავებთ. თუ ბიჭებმა განწყობა და სავარჯიშო ჟინი შეინარჩუნეს, ყველაფერი კარგად იქნება.
- ძირითად გუნდთან დააბრუნეთ ირაკლი ცირეკიძე...
- ორი შეკრების განმავლობაში ცირეკიძე ცალკე ვარჯიშობდა თავისი გეგმით, თუმცა, ვფიქრობ, ეს ის გრაფიკია, რამაც მას ამხელა ტიტულები მოაპოვებინა. ირაკლი ძალიან გამოცდილი სპორტსმენია, ჩინებულად გრძნობს თავს და მჯერა, კარგად მოემზადებოდა. ის იტალიაშიც წამოვა შეკრებაზე.
- გუჯეჯიანზე რას იტყვით, რომელიც ყველაზე ბოლოს ჩაერთო ნაკრებში, შეეგუა თქვენეულ დატვირთვებს?
- ჯერ არაა ფორმაში, რაც ტესტებმაც აჩვენა - ადრინდელთან შედარებით, 20%-ით უარესი სურათი მივიღეთ. მას 5 თვე არ უვარჯიშია. გუჯეჯიანი მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია, ეს კი იოლად არ მოდის. თუმცა ამ ეტაპზე არაა ფორმაში, ნამდვილად აქვს დაბრუნების შანსი. შეუძლია, კარგად ვარჯიშით შევიდეს ფორმაში, მაგრამ ამ მსოფლიოსთვის ეს ვერ მოესწრება.
- ბოლო თვეებში ავთანდილ ჭრიკიშვილი ქომაგს სანერვიულოდ ექცა. როგორ ფიქრობთ, დამთავრდა მისი კრიზისი?
- მისი განვითარება გეგმაზომიერად წარიმართა ახალგაზრდებიდან უფროსებისკენ, მაგრამ ასეთი ტიპის ვარჯიშები შედეგს ერთბაშად არ იძლევა. ის ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი სპორტსმენია, თან უსიტყვოდ ვარჯიშობს. მებრძოლი სული აქვს - შიში არ ახასიათებს.
- 66 კილოგრამი დღემდე სუსტ წერტილად გვრჩება. ამ წონაში დავით ასუმბანის გადანაცვლებას როგორ აფასებთ - გაამართლებს?
- ჯერ არ ვიცით მას 66-ში რა შეუძლია. იქ სულ სხვა ატმოსფეროა, სულ სხვა დატვირთვები, გაცილებით ძლიერი მეტოქეები დახვდებიან. საერთოდ, წონის შეცვლა იოლი საქმე არაა. მართალია, ასუმბანმა ფიზიკურად მოუმატა, მაგრამ ჯერ კიდევ არაა მზად.
- ზვიად გოგოჭური გუნდში ყველაზე ახალი კადრია. მასზე რას იტყვით იმ პერიოდიდან გამომდინარე, რაც თქვენს თვალწინ ვარჯიშობს და აკვირდებით?
- კარგი ხასიათის სპორტსმენია - თავის საქმეს აკეთებს, ბევრ კითხვას არ სვამს. წყნარი ბიჭია, კარგი ნერვები აქვს და შეჯიბრებაზეც დაუძაბავად გამოდის, რაც დაამტკიცა ბუქარესტში გამარჯვებით - ხასიათი და შრომისმოყვარეობა შედეგში გარდასახა. არიან ფალავნები, ეგრეთ წოდებული ვარჯიშის ჩემპიონები, რომლებიც კარგად კი ემზადებიან, მაგრამ შედეგში ვერ გადაჰყავთ, გოგოჭურმა კი ეს მოახერხა.
- მსოფლიომდე ტურნირებში აღარ გამოხვალთ. როგორ ფიქრობთ, გუნდს საშეჯიბრო პრაქტიკის დეფიციტი ხომ არ ექნება?
- 1 აგვისტოს იტალიაში მივდივართ შეკრებაზე, სადაც, შესაძლოა, მასპინძლებსაც შევხვდეთ გუნდურში. მოგეხსენებათ, ახლა კარტების გახსნას ყველა ერიდება. თან ეშინიათ, ვინმე არ დაუშავდეს. იქიდან დაბრუნებულები შინ გავმართავთ სპარინგებს. არა მგონია, დეფიციტი შეექმნათ. გასაგებია, რომ ევროპელებზე ნაკლები შეჯიბრება გამოგვივიდა, მაგრამ ეს ტერიტორიული საკითხია - ისინი ერთ საათში ჩადიან ერთი ქვეყნიდან მეორეში, ჩვენგან კი შორსაა. ამიტომაც მეტ ტურნირში მონაწილეობენ. შეჯიბრებებში გამოსვლა ლამის ერთ კვირას გვაკარგინებდა - აქედან მივდიოდით ხუთშაბათს ღამე, უკან კი სამშაბათს ვბრუნდებოდით. დასვენებაც ხომ უნდოდათ. ამიტომ გადავწყვიტე, ტურნირებზე აღარ წავსულიყავით. შეჯიბრებებში მონაწილეობა გამოცდილებას კი შეგვძენდა, მაგრამ ამათ ჭიდაობას რომ ვუყურებდი, გამოუცდელობით არ აგებდნენ.
P.S. ამ საუბრისას ირაკლი ცირეკიძეც დარბაზში იყო და ჩვეულებრივად ვარჯიშობდა შტანგებზე. როგორც წესი, ის ამჯერადაც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და თავისი მზადების შესახებ ეს გვითხრა: "იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე ნაკრები იაპონიაში ემზადებოდა, მე თბილისში ვვარჯიშობდი აქ დარჩენილ გუნდთან ერთად, აქაური მწვრთნელების მეთვალყურეობით. იაპონიაში წასვლის წინ ზაიზენბახერმა მათ მოსამზადებელი გეგმა დაუტოვა და წვრთნებიც იმის მიხედვით მიდიოდა. ამიტომ არა მგონია, დიდი განსხვავება იყოს ჩემსა და იაპონიაში მომზადებულთა შორის. გუნდი ორი დღეა, რაც დაბრუნდა თბილისში და მწვრთნელს ჯერ ჩემთვის არაფერი უთქვამს, კმაყოფილია თუ არა, თუმცა მე მთელი დატვირთვით ვვარჯიშობ. ვნახოთ, წინ იტალიის შეკრებაა, იქ უფრო მოვუმატებ. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, ყველაფერი მოგვარდა, ჩვეულებრივი დამოკიდებულება გვაქვს."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"