ევროპის რეპეტიცია ჩეხეთში

AutoSharing Option
ამ უქმეებზე საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები პრაღაში მიემგზავრება, სადაც თანატოლთა ევროპის თასზე იჭიდავებს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გუგავამ იქ საჭიდაოდ ასეთი შემადგენლობა შეარჩია: გიორგი მესაბლიშვილი, ლერი ჭელიძე (ორივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი, ტრისტან ფეიქრიშვილი, გიორგი კაცია (სამივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი, ოთარ არჩვაძე (ორივე - 66), ფრიდონ გიგანი, მიხეილ ჩოხელი (ორივე - 73), ზურაბ ეპიტაშვილი, შალვა ნინიძე, ბექა რატიანი, თემურ ხაჩიძე (ოთხივე - 81), გიორგი მერმანიშვილი, გიორგი ქავთარაძე (ორივე - 90), ელგუჯა ბიბილაშვილი, გიორგი ცნობილაძე, დავით მერაბიშვილი (სამივე - 100),
ლევან მათიაშვილი, უშანგი კოკაური (ორივე - 120).

ესაა ბოლო საკონტროლო-შესარჩევი შეჯიბრება 16-18 სექტემბერს ბელგიურ ლომელში გასამართი ევროპის ახალგაზრდული პირველობისთვის. ამათგან დიდ ნაწილს უკვე განაღდებული აქვს იქ წასვლა, თუმცა გუგავა მათ დასახელებას არ ჩქარობს, დანარჩენთა ვინაობა კი პრაღაში გაირკვევა - ვინც იქ უკეთ იასპარეზებს, ევროპაზეც ის წავა. ჩეხეთიდან დაბრუნების შემდეგ მწვრთნელი შემადგენლობას ოფიციალურად გამოაცხადებს. ზოგიერთ წონაში კონკურენცია ისევ გრძელდება და ასეთებში გუგავა პრაღაში ყველა კანდიდატს გამოცდის. ეს ძირითადად ის წონებია, სადაც 2-ზე მეტი სპორტსმენი მიჰყავს, თუმცა გაურკვევლობა ზოგან 2-კაციან კატეგორიებშიც გრძელდება.

მწვრთნელმა ეს გუნდი საქართველოს ჩემპიონატისა და საერთაშორისო ტურნირების შედეგებით შეარჩია. ამიტომ მასში რამდენიმე ისეთიც მოხვდა, რომლებსაც ქვეყნის პირველობაზე მედლები არ მოუპოვებიათ. სამაგიეროდ, უცხოეთში იჭიდავეს კარგად.
გუნდი ჩეხეთში ხვალ დილით გაფრინდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული