ამ უქმეებზე პრაღამ ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასს უმასპინძლა, სადაც წარმატებით გამოვიდა ჩვენი ნაკრები. 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს - ასეთია მათი მონაგარი. ჩემპიონები გიორგი მესაბლიშვილი (55) და ლაშა შავდათუაშვილი (66) გახდნენ, ლერი ჭელიძე (55), ვაჟა მარგველაშვილი (60) და გიორგი მერმანიშვილი (90) მეორეზე გავიდნენ, ბრინჯაო კი მძიმეწონოსნებმა - უშანგი კოკაურმა და ლევან მათიაშვილმა ირგუნეს.
ამ ტურნირს ჩვენი ნაკრებისთვის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, რამეთუ ეს იყო ბოლო საკონტროლო-შესარჩევი შეჯიბრება 16-18 სექტემბერს ბელგიურ ლომელში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა
გიორგი გუგავამ იქ ისინიც წაიყვანა, ვისაც უკვე მოიაზრებს საევროპო ნაკრების წევრად და ისინიც, ვინც ვაკანტური ადგილების შევსების პრეტენზიას აცხადებს. პირველთათვის ეს საკონტროლო შეჯიბრება უნდა ყოფილიყო, მეორეთათვის - შესარჩევი. საბედნიეროდ, უმეტეს შემთხვევაში მწვრთნელს შეგირდებმა იმედები გაუმართლეს ანუ გუგავამ სწორი არჩევანი გააკეთა. პრაღაში წასვლამდე მან თქვა, რომ ვინც იქ უკეთ იასპარეზებს, ბელგიაშიც იმას წაიყვანს, ხოლო ჩეხეთიდან დაბრუნებული გუნდს უკვე ოფიციალურად გამოაცხადებს. ის ჯერ არ ჩამოსულა თბილისში და იქნებ ზოგან ”თეთრი ლაქები” ამ ტურნირის შემდეგაც დარჩა, მაგრამ 55-ში მისი მოლოდინი გამართლდა - ამ წონაში სწორედ მესაბლიშვილ-ჭელიძის დუეტის წაყვანას აპირებს და პრაღაში ჩვენი გუნდისთვის ყველაზე წარმატებულიც ეს წონა აღმოჩნდა, ქართული ფინალი გაიმართა. გუგავა ასევე აპირებდა ბელგიაში შავდათუაშვილის, მარგველაშვილის, მერმანიშვილის წაყვანას, ახლა კი ეს საკითხი გადაწყვეტილად შეიძლება ჩაითვალოს. იყო რამდენიმე ფალავანი, რომლებიც დასაკვირვებლად წაიყვანა, თუმცა მათ იმედები ვერ გაუმართლეს. მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი დილემა 81-ში იდგა, თუმცა პრობლემა პრობლემადვე დარჩა - აქ 4 კაცი წაიყვანა, მაგრამ მაინც უმედლოდ დავრჩით. ყველაზე უკეთ საქართველოს ჩემპიონმა ზურაბ ეპიტაშვილმა იასპარეზა - მეხუთეზე გავიდა და, ალბათ, ქვეყნის ჩემპიონობა გარკვეულ ფორას მისცემს. აქამდე მცირე ურპირატესობა შალვა ნინიძის მხარესაც იყო, რადგან საბერძნეთის ტურნირი მოიგო, ახლა კი ის და ბექა რატიანი მეშვიდეზე გავიდნენ. მწვრთნელისთვის ერთ-ერთი პრობლემატური იყო 100 კილოგრამიც - იქნებ აქ ევროპაზე ორი კაცი არც წავიყვანოო. მისი აზრი არც ამ საკითხზე ვიცით, მაგრამ არა გვგონია, გადაეფიქრებინა - ელგუჯა ბიბილაშვილი, რომელიც უფრო გამოკვეთილი ლიდერი იყო, მეშვიდეზე გავიდა, გიორგი ცნობილაძე - მეცხრეზე.
დაველოდოთ გუნდის დაბრუნებას თბილისში - სავარაუდოდ, მაშინ გუნდის საბოლოო შემადგენლობასაც გავიგებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"