ახალი გუნდი ძველი კადრებით

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა გუშინ ძიუდოს ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე 23-28 აგვისტოს პარიზში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა.

წინასწარ გეტყვით, რომ მასში სიახლე არაფერია, თუ არ ჩავთვლით, რომ ყველა წონაში ორ-ორი კაცი ჩასვა. არადა, იყო ლაპარაკი, რომ იქნებ ზოგან არსებული კვოტა სრულად არ გამოეყენებინა და ორის ნაცვლად თითო სპორტსმენით ეასპარეზა, სხვა მხრივ კი ისევ იმ ხალხს უხმო, ვისაც მთელ მოსამზადებელ ციკლში უწყვეტად დაატარებდა ტურნირებსა თუ შეკრებებზე.

ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, დავით
ასუმბანი (ორივე - 66), ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (+100) - აი, ამ კადრებს დაეყრდნო ზაიზენბახერი მსოფლიოს პირველობისთვის.

თუმცა ქარდავასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები ჯერ ისევ რჩება - მას ხერხემალი აწუხებს და არაა გამორიცხული, დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, მწვრთნელი მას ჯერ კიდევ აკვირდება.

გუნდის ყველაზე ახალი და, შესაბამისად, გამოუცდელი წევრი გოგოჭურია. მან პარიზში ჭიდაობა ბუდაპეშტის მსოფლიოს თასზე გამარჯვებით გაინაღდა, თუმცა შრომისმოყვარე ბიჭმა მერე შეკრებებზეც ნაყოფიერად ივარჯიშა, თორემ საამისოდ მხოლოდ ერთი შეჯიბრების მოგება არ ეყოფოდა.

მსოფლიოზე მასავით დებიუტანტი იქნება ჭრიკიშვილიც, თუმცა ის გამოცდილებით ბევრად აღემატება გოგოჭურს - ამ ახალგაზრდა ტალანტმა შარშან თავის ასაკში ევროპისა და მსოფლიოს პირველობა მოიგო, რითაც უფროსებშიც ფავორიტის სტატუსით შეაბიჯა. მართალია, იმათთან პაექრობა თავიდან ცოტა გაუჭირდა, მაგრამ ბუდაპეშტის მსოფლიოს თასი მანაც მოიგო და ფავორიტის იმიჯიც დაიბრუნა.

ძალიან საინტერესოა ახალი თაობის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორ ტატალაშვილის გამოსვლა, რომელსაც ასევე გაუჭირდა უფროსებთან პაექრობა, თუმცა საერთაშორისო ტურნირებში რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა. მაგალითად, ისეთ ფალავანთან, როგორიც კორეელი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი კი ჩუნ ვანგია.

მართალია, ტატალაშვილს არც ის შეხვედრები მოუგია და ჯერჯერობით - არც რაიმე ტიტული, მაგრამ მის მიერ დემონსტრირებული ჭიდაობა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ზაიზენბახერს ის ყოველთვის თან დაჰყავდა შეკრებებზე, ტატალაშვილმაც ნაყოფიერი მოსამზადებელი ციკლი გაიარა, მათ შორის - ორი ხანგრძლივი შეკრება იაპონიაში, რაც, იმედია, სასიკეთოდ წაადგა.

თავდაპირველი ინფორმაციით, მსოფლიოს ეს ჩემპიონატი პეტერ ზაიზენბახერისთვის საჯილდაო ქვა უნდა ყოფილიყო - იქ ნაჩვენები შედეგის მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო ავსტრიელის კონტრაქტის განახლების საკითხი. რამდენიმე თვის წინ ჭორად გავრცელდა, რომ მას ოლიმპიადამდე გაუგრძელეს კონტრაქტიო, რაც გუშინ ფედერაციაშიც დაგვიდასტურეს. ამდენად, ზაიზენბახერი საქართველოს ნაკრებში ოლიმპიადის დასრულებამდე დარჩება და პარიზული ჩემპიონატი მის კონტრაქტზე გავლენას ვეღარ მოახდენს...

თავდაპირველი შეთანხმებით, ზაიზენბახერს მსოფლიოს პირველობაზე წარმატებად ოქროს მედლის მოპოვება ჩაეთვლებოდა, თუმცა მოგვიანებით ეს ფორმულირებაც შეიცვალა და ითქვა, რომ მთავარი არა კონკრეტული სინჯის მედალი, არამედ ნაკრების საერთო პროგრესი იქნებაო.

"საერთო პროგრესი" ცოტა ზოგადი განმარტებაა და არავინ აკონკრეტებს, რა იგულისხმება მასში. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, გუნდის მზადებაში გარკვეული პროგრესი ნამდვილად არის (თუნდაც წარმატებით ჩატარებული ევროპის პირველობაც გავიხსენოთ, არადა, იმის შემდეგ ბიჭებმა საგანგებოდ მსოფლიოსთვის მიზანმიმართული მზადების ბევრად ხანგრძლივი და ბევრად დატვირთული ციკლი გაიარეს), თუმცა, ცხადია, ამ ყველაფრის ბარომეტრი მსოფლიოს პირველობა იქნება.

გვჯერა, რომ ნაკრები პარიზიდან უმედლოდ არ დაბრუნდება, რითაც ორწლიანი წარუმატებელი გამოსვლის სერიასაც წერტილს დაუსვამს, მაგრამ სადღეისოდ მწვრთნელს ოქროს მედალს, ზოგადად კონკრეტული რაოდენობის თუ სინჯის ჯილდოს აღარ სთხოვენ და ლაპარაკი ისევ ზოგად პროგრესზეა. ამავე მოსაზრებას იზიარებს ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობაც, რომელიც ორიოდე დღის წინ 4 წლის ვადით აირჩიეს. ყოველ შემთხვევაში, საწინააღმდეგო მოსაზრება ღიად არავის დაუფიქსირებია.

დასასრულს, გეტყვით, რომ პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ვაჟთა ტურნირში გამოვალთ, ქალთა შორის კი მონაწილე არ გვეყოლება. ტურნირი 23 აგვისტოს დაიწყება და პირადი პირველობა 27-მდე გასტანს, 28-ში კი გუნდური შეჯიბრებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული