ოქროთი გაქვითული ხარჯი

AutoSharing Option
ამას წინათ პრაღაში გამართულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს თასზე 18 წლის გორელმა ფალავანმა ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ) უძლიერესის ტიტული მოიპოვა. ეს ტურნირი მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობის დასადგენად ერთ-ერთი საკვანძო შეჯიბრება იყო და ვინაიდან საქართველოს ნაკრებში წონით კატეგორიაში ორ ფალავანზე მეტის დაფინანსება ვერ ხერხდებოდა, შავდათუაშვილი კი ქვეყნის ჩემპიონატზე მესამე პრიზიორი გახდა, გუნდს საკუთარი ხარჯით გაჰყვა.

საერთოდ, სპეციალისტები მას პერსპექტიულ ფალავნად მიიჩნევენ და საქართველოს ჩემპიონატზეც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ. ეროვნულ ჩემპიონატში ნახევარფინალამდე წარმატებით გადალახა ყველა ბარიერი. შემდეგ კი ფრიდონ გიგანთან დაუდევრობით დამარცხდა. `არბიტრის
შეცდომა აშკარა იყო, თუმცა ლაშაც საბედისწეროდ შეცდა, როდესაც მსაჯის რეაგირების მოლოდინში შეწყვიტა პაექრობა. სამწუხაროდ, მაშინ იმდენად დაძაბული, ემოციური ფონი იყო (მსაჯობაზე სხვადასხვაგვარი რეაგირების მიზეზით დარბაზში რამდენჯერმე ჩხუბიც ატყდა), რომ ვითარების გართულებას მოვერიდეთ და შავდათუაშვილის მარცხს იძულებით შევურიგდით~ _ იხსენებს მისი პირადი მწვრთნელი ნიკოლოზ ბიბილაშვილი. საბოლოოდ, ამ წონაში კიდევ ერთი გორელი, ლაშა ლომიძე გახდა ჩემპიონი, მეორე ადგილზე გიგანი გავიდა, შავდათუაშვილს კი მესამე ადგილი ერგო.

პრაღაში მისი უშუალო კონკურენტები, ლომიძე და გიგანიც ჭიდაობდნენ. ლომიძემ მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო, გიგანმა - ორი. შავდათუაშვილმა ჯერ შვეიცარიელი იანიკ ალემანი გააკრა ბეჭებზე, შემდეგ - იტალიელი ენრიკო პარლატი და სლოვენიელი ანდრაზ იერები, ნახევარფინალში პოლონელ გჟეგოჟ ლევნსკის, ფინალში კი ებრაელ გოლან პოლაცკის სძლია.

`გული მწყდებოდა, რომ საქართველოს ჩემპიონატზე რაც შემეძლო, ის შედეგი ვერ მივიღე. მას შემდეგ იმ ხელმოცარვის გასაბათილებლად მიწევს ბრძოლა. საერთაშორისო არენაზე დამაჯერებლად კი გამოვედი, მაგრამ ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებში ადგილის მოსაპოვებლად ეს არ კმაროდა. ჩეხეთის ტურნირი გაცილებით მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა ყოფილიყო. ამიტომ მადლობლი ვარ ბატონი სოსო ლიპარტელიანის, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, პრაღაში მეჭიდავა. იქ გარკვეულწილად ორმაგი ფსიქოლოგიური წნეხის დაძლევაც მომიხდა _ გამარჯვების გარდა, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ჩემი ამბიცია უსარგებლო ტრაბახს დაემსგავსებოდა და... გაჭირვებით ნაშოვნი ფულიც წყალში ჩამეყრებოდა. ამიტომ ორმაგად გავიხარე გამარჯვებით~ _ გვითხრა ლაშამ.

ნაკრების მთავარ მწვრთნელს სოსო ლიპარტელიანს, მართალია, ჯერ არ გადაუწყვეტია 66 კილოში საევროპო (ბულგარეთი) მონაწილის ვინაობა, მაგრამ არც იმას მალავს, რომ გამოკვეთილი ფავორიტი სწორედ შავდათუაშვილია.

` ლაშა პერსპექტიული ფალავანია და მასზე სამომავლოდაც დიდ იმედებს ვამყარებთ. ტექნიკურად ჭიდაობს, ფიზიკურადაც კარგადაა მოზადებული, თუმცა მის დადებით მხარედ დისციპლინას უფრო აღვნიშნავდი. შრომისმოყვარეობის გამოა, რომ ვარჯიშზე მაქსიმალურად იხარჯება და შემდეგაც ხშირად რჩება სავარჯიშოდ. იმედი მაქვს, შანსის მიცემის შემთხვევაში სოსო ლიპარტელიანს იგი გაუმართლებს კიდეც~ _ დასძინა გორის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის ხელმძღვანელმა ანზორ თენაძემ.

ფოტოზე: პრაღის ტურნირის კვარცხლბეკი, მარცხნიდან მეორე ლაშა შავდათუაშვილი



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული