მსოფლიოზე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები უკვე პარიზშია, სადაც ზეგ მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. შაბათს გუნდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II მიიღო, მისი ლოცვა-კურთხევიდან რამდენიმე საათში კი სპორტსმენებმა გეზი საფრანგეთისკენ აიღეს.

მსოფლიოს ჩემპიონატში ამჯერად ჩვენგან მხოლოდ ვაჟთა გუნდი გამოვა, ქალებში კი მონაწილე არ გვეყოლება.

ვაჟთა ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა პარიზში ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, დავით ასუმბანი (ორივე - 66), ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90), ირაკლი
ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (+100) წაიყვანა. გუნდში ერთადერთი პრობლემა ქარდავას ტრავმაა - წელი აწუხებს, რის გამოც ბოლო წუთამდე დაკვირვების ქვეშ იყო, თუმცა მწვრთნელმა მაინც ჩართო ნაკრებში, ოღონდ გამაყუჩებლებით თუ იჭიდავებს.

ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ეტაპებად და განსხვავებული გრაფიკით ემზადებოდა. თავიდან რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში გამოვიდნენ, რასაც ავსტრიელი ექიმების მიერ უახლესი აპარატურით ჩატარებული კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევებიც დაემატა. ამის საფუძველზე ზაიზენბახერმა ძიუდოისტთა ჯგუფი აარჩია და დაიწყო მისი მიზანმიმართული მზადება მსოფლიოს პირველობისთვის.

მზადების არსი კი იმაში გამოიხატებოდა, რომ მწვრთნელმა საერთაშორისო ტურნირებში გამოსვლა იუარა და აქცენტი შეკრებებზე გადაიტანა, სადაც შეგირდებს ფიზიკურ დატვირთვებზე და სხვადასხვა სახის ტაქტიკურ-ტექნიკური საჭიდაო კომპონენტების დახვეწაში ავარჯიშებდა. მან მიზნად საჭიდაო სტილის შეცვლა და თანამედროვე წესებზე მორგება დაისახა, ხოლო რა გამოუვიდა ამ მცდელობიდან, 23-27 აგვისტოს პარიზში გამოჩნდება, როცა პირადი პირველობა გაიმართება, 28 აგვისტო კი გუნდურ შეჯიბრებას დაეთმობა.

ამ ტურნირში თავდაპირველად ჩვენები ქალთა მონაწილეობასაც გეგმავდნენ, ბოლოს კი ლაპარაკი მხოლოდ ერთ წარმომადგენელზე იყო, თუმცა საბოლოოდ ფედერაციამ პარიზში ვინმეს გაგზავნა არ მიიჩნია მიზანშეწონილად. მიზეზი დაბალი შედეგებია - კანდიდატები, როგორც წესი, პირველ წრეში მარცხდებოდნენ.

აი, სამომავლოდ, იმედია, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება, რადგან ასაკობრივ გუნდებში რამდენიმე ნიჭიერი გოგო გამოჩნდა, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზურის მოპოვება.

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინალური შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟსაც გეგმავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული