შუკვანი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი კოლოსალური უპირატესობა გაფლანგა კანადელ ვილ ფრაზერთან და... წაგება მოახერხა. ჩვენებური ძალიან მალე ვაზარით დაწინაურდა, ცოტა ხანში მეტოქე გააფრთხილებინა, მერე კი იუკოც
ალბათ, აჯობებდა, მას დროის გაყვანაზე ეჭიდავა, მაგრამ თვითონ შეუტია. შესაძლოა, საამისოდ რევანშის სურვილიც ამოძრავებდა - ისინი კარიერაში მხოლოდ ერთხელ, შარშან შეხვდნენ ერთმანეთს დორტმუნდის "დიდ პრიზზე" და ფრაზერმა მოიგო. კანადელმა ახლაც კონტრ-ილეთზე დაიჭირა შუკვანი და იპონით მოუგო. პაპინაშვილმა ორი შეხვედრა გამართა და ორივე შუააზიელებთან - ტაჯიკი ჯამშედ ხალილოვი იოლად დააიპონა, უზბეკ გაბიტ ესიმბეტოვთან კი თვითონ გაატარა ორი ვაზარი.
66 კილოგრამში უფრო დავით ასუმბანისა გვეიმედებოდა, რომელიც წლეულს გადმოვიდა აქ, ვიდრე - გამოუცდელი და წელმტკივანი შალვა ქარდავასი, თუმცა საბოლოოდ კვლავაც გაწბილება შეგვრჩა ხელთ. პირველ წრეში ორივე ისვენებდა, ხოლო მეორეში ქარდავამ ბეწვის ხიდზე გაიარა, თორემ ასუმბანმა ჩეხ დავიდ დუბსკის ვაზარით იოლად აჯობა.
ქარდავამ ამერიკელ კენეტ ჰაშიმოტოს ორი იუკო აართვა ერთის წილ და მოგებაც ამის ხარჯზე იზეიმა, თორემ ორივე ფალავანი გაფრთხილებებით მოხსნის პირას იდგა. მესამე წრეში ორივე ჩვენებურს ლამის დაუძლეველი ბარიერი ელოდა - ასუმბანი მონგოლ მსოფლიოს ჩემპიონს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორ ჩაგანბაატარ ხაშბაატარს ხვდებოდა, ქარდავა - ბრაზილიელ მსოფლიოს შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ ლეანდრო კუნას. სამწუხაროდ, ჩვენებმა უშანსოდ წააგეს.
გასაგებია, რომ ასეთ მოწინააღმდეგესთან ორივე ფრთხილად ჭიდაობდა, რაც ასუმბანს მალევე ორ გაფრთხილებად ანუ იუკოდ დაუჯდა. ცოტა ხანში მონღოლმა ფეხში შესვლით კარგად ააგლიჯა ტატამს და ვაზარი მიითვალა, თუმცა შეტევა გააგრძელა და შებოჭა. ქარდავაც ასევე უშანსოდ დამარცხდა ბრაზილიელთან.
დღეს ვაჟთა ტურნირში მხოლოდ 73 კილოგრამის ფალავნები იასპარეზებენ ანუ ჩვენგან ნუგზარ ტატალაშვილი და თენგიზ პაპოშვილი იჭიდავებენ. ტატალაშვილი პირველ წრეში ისვენებს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ წილისყრამ დიდად გაუმართლა - მისი მეტოქე ჰოლანდიელი ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ დექს ელმონტისა და საკმაოდ გამოცდილ თურქ სეზერ ჰიუზუსის შერკინებაში გაირკვევა.
ამათგან ჩვენებური თურქს არ შეხვედრია, ელმონტთან კი ორჯერ დამარცხებულა. ამ ჯგუფში საკმაოდ ბევრი ტიტულოვანი ფალავანია - ბელგიელი ევროპის ჩემპიონი დიკ ვან ტიხელტი, შორეულ წლებში ამავე ტიტულის მფლობელი, სპორტში ხელმეორედ დაბრუნებული აზერბაიჯანელი რენატ მირზალიევი და ეცროპის კიდევ ერთი გამარჯვებული (სხვათა შორის, თბილისში, 2009 წელს) უკრაინელი ვოლოდიმირ სოროკა, ურიგო ფალავნები არც ებრაელი იოსებ ფალელაშვილი, ირანელი ალი მალომატი და კიდევ რამდენიმე ძიუდოისტია, მაგრამ ტატალაშვილს გაუმართლა იმ მხრივ, რომ ამათ მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდება, იქ კი, ღმერთმა დაიფაროს და რომც წააგოს, სანუგეშოში მაინც გადაერთვება.
მოკლედ, ტატალაშვილმა ჰიუზუს-ელმონტის ბარიერი თუ გაიარა, მერე ისეთ "ტურისტებთან" მოუწევს პაექრობა, როგორიც სამოა, ნაურუ, მოზამბიკი, ჰონგკონგი, ჰაიტი, ვენესუელა, თუნდაც ჩინეთი ან თურქმენეთია.
პაპოშვილს შედარებით გაუმართლა - თავიდან გვატემალელ ხუან მეხია დე ლა როსას ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ბრიტანელ დანიელ უილიამსს დაეჭიდება. დიდი შანსია, ამათში გამარჯვებულს მომდევნო წრეში რუსი მსოფლიოს პრიზიორი მანსურ ისაევი დაუხვდეს - მას იმ მხარიდან ამერიკელი ნიკოლას დელპოპოლო თუ შეაჩერებს, თუმცა ესეც უიმედო იმედია.
წილისყრის საერთო შედეგებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენებს დიდად გაუმართლათ. განსაკუთრებით ზედა სამ წონაში - 90-ში, 100-ში და მძიმეში. ვალერი ლიპარტელიანს (90) პირველივე წრეში იაპონელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, მისთვის უხერხულ მეტოქედ ქცეული დაიკი ნიშიამა ერგო. ცოტა გასაკვირია ამათი დაწყვილება, რადგან მსოფლიოს რეიტინგში ორივე მოწინავე ათეულშია.
ლიპარტელიანი შარშან ორჯერ დამარცხდა ნიშიამასთან (ბოლოს - მსოფლიოს პირველობაზე), კარიერაში კი მეტად არც უჭიდავიათ ერთმანეთში. ამავე ჯგუფში მოხვდნენ ალჟირელი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ამარ ბენიკლეფი, იტალიელი ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი რობერტო მელონი და უზბეკი მსოფლიოს პრიზიორი დილშოდ ჩორიევი...
ჩვენი გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე პირველივე წრეში ბრაზილიელ მსოფლიოს ჩემპიონ ლუსიანო კორეას ხვდება! ჩვენებურს თითქოს ეს არ ეყოფოდა და ამავე ჯგუფში არიან იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ტაკამასა ანაი, ჰოლანდიიდან ბელგიაში გადასული ევროპის ჩემპიონი ელკო ფან დერ ხესტი, მონღოლი ოლიმპიური ჩემპიონი ნაიდინ ტუვშინბაიარი, ებრაელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლის და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი არიელ ზეევი... ერთი სიტყვით, ეს ნამდვილი "სიკვდილის ჯგუფია".
მთლად ასეთი არა, მაგრამ მაინც მძიმე ხვედრი ერგო ლომერ ჟორჟოლიანსაც (100) - თავიდან ლიტველ მარიუს ლაბალაუკისს კი ხვდება, მაგრამ თუ მოუგო, ან ჰოლანდიელი მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსანი ხენკ ხროლი ელოდება, ან - საკმაოდ ძლიერი მონღოლი ტამუულენ ბატულგა.
ჯგუფში აგრეთვე არიან ბოსნიელი ამელ მეკისი, ვისთანაც ჟორჟოლიანი წლეულს ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, ეგვიპტელი მსოფლიოს პრიზიორი რამადან დარვიში და ბრაზილიელი ლეონარდო ლეიტე. ამ ორი წონიდან ვისაც შედარებით გაუმართლა, დებიუტანტი ზვიად გოგოჭურია (90) - ჯერ შვედ იოაკიმ დვარბის ხვდება დ მერეც ორი წრე ვინმე გამორჩეულად ძლიერი არ ჰყავს სავარაუდო მეტოქეთა შორის.
თუ ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, მერვედფინალში ან აზერბაიჯანელ ევროპის ვიცე-ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ ელხან მამადოვთან მოუწევს პაექრობა, ან - უზბეკ ხურშიდ ნაბიევთან, რომელთა გზებიც მანამდე იკვეთება.
მძიმე წონაში უძნელეს ჯგუფშია ადამ ოქრუაშვილი - ბედმა თავიდან ფილიპინელი ტომოჰიკო ჰოშიმა კი არგუნა, მაგრამ ჯგუფში კონკურენციას იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი დაიკი კამიკავა, რუსი მსოფლიოს სამგზის გამარჯვებული ალექსანდრ მიხაილინი, ბელარუსი ოლიმპიური ჩემპიონი იჰარ მაკარაუ, ჰოლანდიელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხრიმ ვუიჯსტერსი და უზბეკი ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიოს სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი აბდულო ტანგრიევი გაუწევენ.
ზვიად ხანჯალიაშვილი შედარებით დაინდო წილისყრამ - კორეელ სოო-ვან კიმს ხვდება. მეოთხედფინალამდე მას ერთადერთი სერიოზული კონკურენტი ჰყავს - გერმანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანდერას ტოლცერი.
81-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი ბურკინა ფასოელ ჰერმან მონეს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი - უნგრელ შანდორ ნაგისოლიმოშს. ჩვენებურს მეოთხედფინალამდე ძლიერი არავინ ხვდება, იქ კი ფრანგ ლუის პიეტრის, ჰოლანდიელ მსოფლიოს ჩემპიონ ხიიომ ელმონტსა და ამერიკელ ტრევის სტევენსს შორის გამარჯვებული დაუხვდება.
ჩვენებური არც ერთ ამათგანს არ შეხვედრია. ამავე წონაში ევროპის პრიზიორი ლევან წიკლაური ტურნირში მეორე წრიდან ერთვება უზბეკ იაკიო იმამოვთან შეხვედრით. მერვედფინალამდე ჩვენებურს ძლიერი არავინ ელოდება, იმ ეტაპზე კი მისი გზა რუსთა ევროპის ჩემპიონ სირაზუდინ მაგომედოვსა და ბელარუს ევროპის ვერცხლის მედალოსან ალექსანდრ სტიაშენკაზე გადის, ჯგუფის ფავორიტი კი ბრაზილიელი ორგზის ოლიმპიური მედალოსანი, მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ლეანდრო გილეიროა.
კვარცხლბეკი. ვაჟები.
48 კგ. 1. ჰარუნა ასამი; 2. ტომოკო ფუკუმი (ორივე - იაპონია); 3. ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი), სარა მენეზესი (ბრაზილია).
60 კგ. 1. რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი); 2. ჰიროაკი ჰიროაკა (იაპონია); 3. გიორგი ზანთარაია (უკრაინა), ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი).
66 კგ. 1. მასაში ებინუმა (იაპონია); 2. ლეანდრო კუნა (ბრაზილია); 3. ჯუნ-ჰო ჩო (კორეა), მუსა მოგუშკოვი (რუსეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"