ამჯერად ვაჟებში მხოლოდ 73 კილოგრამის წარმომადგენლები ასპარეზობდნენ, ჩვენგან კი ორი ფალავანი ჭიდაობდა - ნუგზარ ტატალაშვილი და თენგიზ პაპოშვილი.
ამ დუეტისგან დიდ შედეგს იქნებ არც ველოდით, მაგრამ ტატალაშვილის გამოსვლა უფრო მეტ ყურადღებას კი იმსახურებდა. გვაინტერესებდა, ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორი დასძლევდა თუ ვერა ბოლო თვეებში შემოჩვეულ ჩავარდნას. უფროსებში გადანაცვლების შემდეგ მას ცოტა გაუჭირდა, რაც ასაკობრივი ნაკრების შეცვლისას ჩვეულებრივი ამბავია და არ გაგვკვირვებია. მით უფრო, ტატალაშვილი შიგადაშიგ დამაიმედებელ შეხვედრებს ატარებდა,
დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება - მხოლოდ გაფრთხილებების იმედად ყოფნა დამღუპველია (როგორც ეს ჩვენებს დაემართათ) და თუ მოგება გინდა, ილეთი აუცილებლად უნდა გააკეთო. დაადასტურა ისიც, რომ ჭიდაობა, უპირველესად, ფანდებია და არა გაფრთხილებებსა თუ ამგვარებზე აგებული მათემატიკური ფორმულა. ვინც ილეთს ვერ აკეთებს, ვერც შამპანურს სვამს და კაცმა რომ თქვას, არცაა ღირსი.
ტატალაშვილს პირველივე მეტოქედ ჰოლანდიელი ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დექს ელმონტი ერგო, რომელთანაც მთელი ჭიდაობა ჩავლებებზე, ჯაჯგურზე და მეტოქის აქეთ-იქით დაქნევაზე ანუ გაფრთხილებაზე ააგო. გუნდის ავსტრიელ თავკაც პეტერ ზაიზენბახერის ჟესტებიც ამას ადასტურებდა, რამაც შედეგი მართლაც მოიტანა - ელმონტი მალევე გააფრთხილეს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს იმთავითვე მყიფე უპირატესობა ჩანდა და მართლაც დროებითი ეფექტი აღმოჩნდა - ელმონტმა მალევე იპონზე გადმოიღო უზადო კისრულით. ვერაფერს იტყვი - კლასი მაინც კლასია, რაც გუშინ ჩვენებურს ოდნავადაც არ ეტყობოდა.
პაპოშვილმა პირველ შეხვედრაში გვატემალელი ხუან მეხია დე ლა როსა იოლად დაჯაბნა - ვაზარ-იპონით, რაც მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე, მოსალოდნელიც იყო. მაინცდამაინც ძლიერი არც მის მომდევნო მოწინააღმდეგეს, ბრიტანელ დანიელ უილიამსს ეთქმოდა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქართველი ვერ აკეთებდა გდებებს - ერთი-ორჯერ კი დაუპირა გადმოღება, თუმცა ვერაფერს გახდა. ამ პირობებში მანაც ჭიდაობა უფრო ტაქტიკაზე ააგო და მეტოქე ორჯერ მართლაც გააფრთხილებინა, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში დაიღალა და წაგების მიზეზადაც ეს მიგვაჩნია.
ერთადერთი დადებითი, რაც ამ ორთაბრძოლიდან დაგვამახსოვრდა, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურის ფაქტორია - მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რამდენადაც ნიჭიერი სპორტსმენი იყო, იმდენად კარგი მწვრთნელი შეიძლება დადგეს, მისი დარიგებები ახლაც უნაკლო იყო. თან მთელი არსებითაა ჩართული შეხვედრაში - განუწყვეტლივ კარნახობს, სტიმულს აძლევს, სწორი რჩევებით ამარაგებს, რაც ბრძოლაში სერიოზული იარაღია. ბუნებრივია, ახლაც გამოჩნდებიან სკეპტიკოსები, რომლებიც ნათქვამზე შემომედავებიან - ჩვენში ხომ გამორჩეულ პიროვნებებს ვერ იტანენ და არც ზვიადაურის მწვრთნელობა მოეწონა ბევრს, წაგებულზე მწვრთნელის კრიტიკა კი ყველაზე ადვილია, მაგრამ რაც კამერებით გვესმოდა, პაპოშვილს ბოლომდე რომ შეესრულებინა მისი მითითებები, ტატამს გახარებული დატოვებდა და არა ატირებული. არადა, გამარჯვებამდე სულ რაღაც 20 წამი აშორებდა... თავიდან პაპოშვილი ყურადღებით კი უსმენდა ზვიადაურს და ცალი ყური მუდამ მისკენ ჰქონდა, მაგრამ ასეთი კონცენტრაციის შენარჩუნება ბოლომდე ვერ შეძლო. მწვრთნელმა მას რამდენჯერმე მიუთითა, ჩავლება აეღო და ბრიტანელისთვის ხელი გაეთიშა, მაგრამ დაღლილობისგან ამას ყოველთვის ვერ ახერხებდა.
დამთავრებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა ზვიადაურმა დაუძახა, უკვე ტაქტიკური ჭიდაობა მიდისო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ანგარიშის შენარჩუნებაზე და დროის გაყვანაზე უნდა ეზრუნა, მაგრამ იმდენად იყო დაღლილი, უილიამსს ისე მორჩილად გაჰყვა ილეთზე, თითქოს წინააღმდეგობა არც უცდია. მეტოქის ვაზარი და ქართველის ცრემლები - ასეთი იყო ამ შეხვედრის ფინალი...
ასე და ამგვარად, კვლავაც ხვალინდელი დღის იმედად დავრჩით, როცა ტატამზე ახალი თაობის კიდევ ერთი ტალანტი, თუმცა უფროსებში გადანაცვლების შემდეგ ასევე კრიზისში მყოფი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გავა. მართალია, მან ბუქარესტის მსოფლიოს თასი მოიგო, თუმცა ვნახოთ, არის თუ არა ეს კრიზისის დაძლევა. პირველ წრეში ჩვენებური სუსტ მეტოქეს - ბურკინა ფასოელ ჰერმან მონეს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი უნგრელ შანდორ ნაგისოლიმოშს დაეჭიდება. მის ქვეჯგუფში გამოვარჩევთ ჰოლანდიელ მსოფლიოს ჩემპიონ ხიიომ ელმონტს.
ხვალ ვაჟთაგან ასევე მხოლოდ ერთი წონის - 81-ის ფალავნები იჭიდავებენ, ჩვენი გუნდის მეორე მონაწილე კი ევროპის პრიზიორი ლევან წიკლაურია. ის ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება უზბეკ იაკიო იმამოვთან დაპირისპირებით.
ამ წონაში იაპონელ ჰიროიუკი აკიმოტოს სულ ცოტა დააკლდა უზბეკ რიშოდ სობიროვის (60) შედეგამდე ანუ მსოფლიოს პირველობის ზედიზედ მეორედ მოგებამდე. ამაში მას ხელი თანაგუნდელმა რიკი ნაკაიამ შეუშალა, რომელმაც ნახევარფინალში ვაზარით მოუგო. აკიმოტომ მერე ბრინჯაოსთვის შეხვედრაც წააგო უზბეკ ნავრუზხ ჯურაკობილოვთან, რომელიც წონაში თანდათან ყალიბდება ლიდერად. იაპონელები ოქროს გარეშე არც გუშინ დარჩენილან, რომელიც ნაკაიამ მოიპოვა (ფინალი გაფრთხილებებით მოიგო), ფრანგებმა კი პირველი მედალი ირგუნეს - უგო ლეგრანდმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ყაზახი რინატ იბრაგიმოვი, როთაც დარბაზს აუწერელი სიხარული მიანიჭა და ოვაციაც გვარიანი მიიღო.
ქალთა შორის გუშინაც გაიმართა იაპონური ფინალი - 52 კილოგრამში. სხვათა შორის, ეს შარშანდელი ფინალის განმეორება იყო, ოღონდ ამჯერად შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა - მისატო ნაკამურამ გაფრთხილებებით მოუგო იუკა ნიშიდას და რევანში აიღო შარშანდელი მარცხისთვის. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ პრიზიორ ნაკამურასთვის ეს მსოფლიოს ზედიზედ მესამე ფინალია - 2009-ში რორტერდამში მოიგო, შარშან წააგო, ახლა კი მეორედ მოიპოვა ოქრო.
იაპონური ფინალი კინაღამ 57-შიც ვიხილეთ. აიკო სატომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კაორი მაცუმოტო დააიპონა და როგორც მერე გაირკვა, ჩემპიონის გვირგვინიც გადაიბარა. მის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული კისრულის შემდეგ ორივე ძიუდოისტი ტიროდა - სატო სიხარულისგან, ბრაზილიელი რაფაელა სილვა კი სიმწრისგან. ორივე პირველად ჭიდაობდა მსოფლიოს ოქროსთვის.
ისევ მომავლის იმედად
ასე და ამგვარად, კვლავაც დღევანდელი დღის იმედად დავრჩით, როცა ტატამზე ახალი თაობის კიდევ ერთი ტალანტი, თუმცა უფროსებში გადანაცვლების შემდეგ ასევე კრიზისში მყოფი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გავა. მართალია, მან ბუქარესტის მსოფლიოს თასი მოიგო, თუმცა ვნახოთ, არის თუ არა ეს კრიზისის დაძლევა. პირველ წრეში ჩვენებური სუსტ მეტოქეს - ბურკინა ფასოელ ჰერმან მონეს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი უნგრელ შანდორ ნაგისოლიმოშს დაეჭიდება. მის ქვეჯგუფში გამოვარჩევთ ჰოლანდიელ მსოფლიოს ჩემპიონ ხიიომ ელმონტს.
დღეს ვაჟთაგან ასევე მხოლოდ ერთი წონის - 81-ის ფალავნები იჭიდავებენ, ჩვენი გუნდის მეორე მონაწილე კი ევროპის პრიზიორი ლევან წიკლაურია. ის ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება უზბეკ იაკიო იმამოვთან დაპირისპირებით.
ვიდრე ჩვენები ჯახირობენ
ვიდრე ჩვენი ფალავნები პარიზში ჯახირობენ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ტურნირი თავისი გზით მიდის და ის მასშტაბებით ისტორიაში შევა - 131 ქვეყნის 871 ფალავანი მონაწილეობს, რაც ორივე განხრით რეკორდულია. მონაწილეთა რაოდენობის სიმრავლე წონაში ქვეყნიდან ორი კაცის გამოყვანის წესმაც განაპირობა, თუმცა ძიუდოს გეოგრაფიაც უზომოდ გაიზარდა.
პარიზში ისეთი ქვეყნები ჩავიდნენ, ადრე მსგავს შეჯიბრებებზე არასოდეს რომ ყოფილან. მათ შორის ბევრი ომითა და პოლიტიკური კრიზისებით გათანგული ქვეყანაცაა - მოზამბიკი, პალესტინა, პაკისტანი, ერაყი, პაპუა ახალი გვინეა, სამოა, მალი, ჰონკგონგი, ბარბადოსი, ბენინი, ბოტსვანა, კაპო ვერდე, ჩადი, კოტ დივუარი და სხვა... ეს პირდაპირი შედეგია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერის ძალისხმევისა, რომელიც გეოგრაფიის გასაფართოებლად ფულსა და ენერგიას არ იშურებს - აწყობს საწვრთნელ ცენტრებს, იწვევს სპეციალისტებს და სხვა... ცხადია, ჯერ ასეთი ეგზოტიკური ქვეყნების წარმომადგენლები დიდ შედეგებს ვერ აღწევენ, თუმცა რამდენიმემ აქაც გამოიჩინა თავი.
მაგალითად, განელმა ემანუილ ნარტეიმ (73) მშვენივრად გამოცელა უკრაინელი ევროპის ჩემპიონი ვოლოდიმირ სოროკა. ამავე წონაში ვენესუელელმა ანტონიო რივასმა ორი იპონი მიითვალა ასევე არასაჭიდაო ქვეყნების ფალავნებთან, თუმცა მეორე შემთხვევაში ვერც თვითონ მიხვდა ამას და ვერც - მსაჯის ჟესტით, ვიდრე ტაბლოს არ გახედა. საკმაოდ კარგად იბრძოლეს ინდოელებმაც.
უნდა ითქვას, რომ ადამიანური რესურსებით მდიდარ ამ ქვეყანაში ჭიდაობა სწრაფი ტემპით ვითარდება და თავისუფალში მსოფლიოს ჩემპიონ-ოლიმპიური მედალოსანიც ჰყავთ. ძიუდოისტთა ამ ტურნირის პარალელურად მიმდინარე ჭაბუკ "თავისუფალთა" მსოფლიოს პირველობაზე 24 აგვისტოსაც გაუხდათ ჩემპიონი და ჩვენებსაც მოუგეს. ბედის ირონიაა, რომ იქ ჭიდაობა ქართველებმა განავითარეს - "თავისუფალი" ვლადიმერ მესტვირიშვილმა, ბერძნულ-რომაული - ემზარ მახარაძემ, ქალებისა - როინ დობორჯგინიძემ. სამივე დღემდე ინდოეთში მუშაობს.
ირაკლი თავაძე
კვარცხლბეკი
ვაჟები
73 კგ. 1. რიკი ნაკაია (იაპონია); 2. დექს ელმონტი (ჰოლანდია); 3. უგო ლეგრანდი (საფრანგეთი), ნავრუზ ჯურაკობილოვი (უზბეკეთი).
ქალები
52 კგ. 1. მისატო ნაკამურა; 2. იუკა ნიშიდა (ორივე - იაპონია); 3. ანა კარაკოსა (ესპანეთი), ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი).
57 კგ. 1. აიკო სატო (იაპონია); 2. რაფაელა სილვა (ბრაზილია); 3. კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი), კაორი მაცუმოტო (იაპონია).