ჭრიკიშვილის დასანანი მარცხი პარიზში

AutoSharing Option
პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინაც უმედლოდ დავრჩით, თუმცა ამჯერად ჯილდოს მოპოვება ყველაზე რეალური ჩანდა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) სამი წრე იმდენად კარგად გაიარა.

ახალგაზრდა ტალანტი ჩვენი გუნდის სხვა წევრებზე უკეთ კი გამოიყურებოდა, ვინც აქამდე იჭიდავა, მაგრამ ოლიმპიურ იმედებზე რა გითხრათ... ის ჯერ ახალგაზრდაა და ცხადია, კიდევ აკლია რაღაც-რაღაცები, უპირველესად კი გამოცდილება, დაღვინება, დადინჯება. მისი მარცხის მიზეზადაც ეს მიგვაჩნია.

ის კარგად კი გრძნობს ილეთს, ტექნიკური არსენალიც აქვს, თუმცა ცოტა მეტი მრავალფეროვნება მაინც მართებს და თან უნდა ისწავლოს ტაქტიკური ჭიდაობა, დაცვაშიც მეტი
ყურადღებით უნდა იყოს. ტურნირზე რამდენიმე კონტრშეტევა გაატარა, რომელიც მეტოქეთა სისუსტის გამო შერჩა. ალბათ, მსაჯთა მიკერძოებისთვისაც უნდა იყოს მზად და ასეთ შემთხვევაში სათანადოდ ააწყოს გამოსვლა...

ამას კრიტიკად ნუ ჩაგვითვლით - მხოლოდ რჩევა და სურვილია იმის დიდი წადილით განპირობებული, რომ მან თავისი ნიჭი, მონაცემები სრულად გამოიყენოს და მომავალში დიდ წარმატებებს მიაღწიოს. პარიზში ის მერვედფინალში მასპინძელ ლუის პიეტრისთან დამარცხდა, რომელიც მსაჯთა აშკარა სიმპათიით სარგებლობდა. ვერ ვიტყვით, რომ ჭრიკიშვილმა ცდა დააკლო, მაგრამ მაინც წააგო. თან ვერც ამ ხელმოცარვას დავაბრალებთ არბიტრს, რადგან ჩვენებური იმ საბედისწერო ეპიზოდში ნამდვილად შეცდა და მეტოქემ ვაზარი დამსახურებულად მოიპოვა.

გუშინ ტურნირზე ვაჟებშიც და ქალებშიც მხოლოდ თითო წონის წარმომადგენლები ჭიდაობდნენ - 81 და 63-ში. ჩვენი გუნდის მეორე წევრი, ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი ლევან წიკლაური პირველ წრეში ისვენებდა, ჭრიკიშვილმა კი სუსტი მეტოქე, ბურკინა ფასოელი ჰერმან მონე იოლად დააიპონა.

მეორე წრეში მას თავიდანვე ელოდა უნგრელი შანდორ ნაგისოლიმოში, რომელიც აფრიკელზე ბევრად გამოცდილია, თუმცა ჩვენებურს არც მისი დამარცხება გასჭირვებია. შეხვედრის შუაწელში მსაჯებმა ჭრიკიშვილს იპონი გაუუქმეს, მერე კი ორჯერაც გააფრთხილეს, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენებური ამან კი არ დააბნია, პირიქით, გააბრაზა და პირველივე მისვლაზე უნგრელი ვაზარიზე დააგდო.

მას ტემპი არც მერე შეუნელებია და დამთავრებამდე წამებიღა რჩებოდა, როცა მშვენიერი ამოსმულით ბეჭებზე დასცა. ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ვფიქრობთ, მაინც რისკი იყო - იმ დროს ისედაც იგებდა, დროც იწურებოდა და ტაქტიკური ჭიდაობა უფრო უსაფრთხო, უფრო გამართლებული იქნებოდა. გვესმის, რომ შეტევებით გატაცება ახალგაზრდული ასაკის ბრალია, მაგრამ ასეთ შემთხვევებში შედეგის შენარჩუნებაზე ზრუნვა ბევრად უფრო პრაქტიკულია და ეს უნდა ისწავლოს.

ვიდრე ჭრიკიშვილი უნგრელს ამარცხებდა, ამასობაში წიკლაური უზბეკ იაკიო იმამოვთან აგებდა - მეტოქემ ვარდნაში გარეფეხით გამოცელა და თან მყარად აღებული ჩავლებით მარცხენა მკლავით ისე ღონივრად დაქაჩა თავისკენ, იპონისგან თავის დაღწევა მხოლოდ სასწაულს შეეძლო.

მესამე წრეში ჭრიკიშვილს კიდევ ერთი დასვენებული მეტოქე ელოდა - ყაზახი საიატ შამშიევი, რომელსაც მანამდე მოწინააღმდეგე არ ჰყავდა და იქამდე უბრძოლველად გავიდა. ამის მიუხედავად, ქართველის უპირატესობა მაინც დიდი იყო - გაფრთხილებებიც მიაღებინა და ვაზარიც აართვა.

ამ შეხვედრას წინ საინტერესო ორთაბრძოლა უძღოდა პიეტრისა და ჰოლანდიელ მსოფლიოს ჩემპიონ ხიიომ ელმონტს შორის - აქ ჭრიკიშვილის მეტოქე ირკვეოდა, თუმცა ჩვენთვის ეს შეხვედრა უფრო მსაჯთა ქმედებით გახდა საინტერესო, როგორც არასასურველი მესიჯი. იქ უკვე ღიად დაფიქსირდა, რომ პიეტრი ყურადღების ცენტრში იყო. ეგ კი არა, შეხვედრის დაწყებამდე არბიტრებმა ტატამს რაღაც ზადი შეამჩნიეს და ტექნიკური სამსახურის 6 თანამშრომელი ბარე 5 წუთი ასწორებდა ლეიბს, ლამის მთელი ტატამი აშალეს, მერე კი ელმონტი ორჯერ ისეთ ვითარებაში გააფრთხილეს, შეჯიბრება საფრანგეთის გარეთ რომ ყოფილიყო, არც მისცემდნენ.

პიეტრი აგრესიული სტილის მოჭიდავე კი არის და ბევრს მოძრაობს, ეტანება მოწინააღმდეგეს, რითაც აქტიურობის იმიტაციას ქმნის, მაგრამ არც ელმონტი ყოფილა პასიური, თუმცა მაინც გააფრთხილეს. მასპინძელმაც ასე ნაჩუქარი იუკოთი მოიგო, თუმცა მაინც ღვიოდა იმედი, რომ მსაჯები უფრო მეორე ფრანგს - ალაინ შმიტს მიემხრობოდნენ. გასაგებია, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში ვერავინ დაგეხმარება და როგორც წესი, უშუალოდ ასპარეზობისას, წილისყრის მერე მიდის გათვლები, ვის ვისთან შეიძლება დასჭირდეს ხელის წაკვრა, ვინაა შენთვის ყველაზე საშიში მეტოქე... "მამლების კრებულში" შმიტი ისედაც წონის ლიდერი იყო და თან მანამდე ბრწყინვალე იპონებით მოიგო.

ამიტომ არსებობდა რაღაც შანსი, რომ მსაჯთა მთელი ყურადღება უფრო მისკენ იქნებოდა მიმართული, ვიდრე შედარებით გამოუცდელი პიეტრისკენ, რომელსაც ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე გამარჯვების გარდა სხვა მიღწევა არც უმაგრებდა ზურგს, მაგრამ ბედი არ გინდა? ზუსტად იმ დროს, როცა ჭრიკიშვილი პიეტრის ხვდებოდა, შმიტი ბრაზილიელ მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიური ბრინჯაოს ორგზის მფლობელ ლეანდრო გილეიროსთან აგებდა!

სამწუხაროდ, პიეტრისთან შეხვედრაში ჩვენი შიში პირველივე წამებიდან გამართლდა - მსაჯთა სიმპათია ფრანგისადმი აშკარად იგრძნობოდა. ჭრიკიშვილმა ორჯერ გააკეთა გდება, რომელთაგანაც პირველი თუ არა, მეორე ნამდვილად იმსახურებდა შეფასებას, თუმცა არბიტრებმა ყურიც არ შეიბერტყეს. სამაგიეროდ, მანამდე ქართველი გააფრთხილეს - ისე, ყოველი შემთხვევისთვის თავი დაიზღვიეს.

მართალია, ერთხელ ფრანგსაც გაუუქმეს იუკო, მაგრამ ის თავიდანვე არ იყო მისაცემი. ამის მიუხედავად, ჭრიკიშვილმა წაგება მხოლოდ საკუთარ შეცდომას უნდა დააბრალოს - რაღაც ნასწრაფევად მიახტა და ფეხის გარედან ჩახვევა მოინდომა, მაგრამ ფრანგი დაუსხლტა და წელში ისე უპრობლემოდ შეუვარდა, ილეთის გაკეთება დროის ამბავი იყო და არც გასჭირვებია ვაზარის მოპოვება...

არადა, ამ დროს ჭრიკიშვილი მყარად იდგა ფეხზე და დაღლა არ ეტყობოდა, პიეტრი კი ლამის მთელი შეხვედრა ტატამზე გორავდა. მას იღბალმაც გაუღიმა, რადგან მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ელხან რაჯაბლისაც ასე წვალებ-წვალებით მოუგო, თუმცა იქაც უფრო რაჯაბლი შეცდა - ვაზარით დაწინაურებულმა ძალიან ადრე დაიწყო დროის გაყვანაზე ფიქრი, თან ისიც არანაკლებად დაიღალა და პიეტრიმ ჯერ ვაზარიზე გადააგორა, მერე კი შებოჭა. ოღონდ იმდენი წახმარება არც მასპინძელს შერჩა - ჯერ ნახევარფინალში მომავალმა ჩემპიონმა, კორეელმა ჯაე-ბუმ კიმმა აყარა შავი დღე, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი მოლდოველმა სერგიუ ტომამ ახეხინა ბეჭებით ტატამი.

უზბეკ რიშოდ სობიროვის (60) შემდეგ კიმი მეორე ძიუდოისტი გახდა, ვინც შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. ბოლო ორი წელიწადია ის, პრაქტიკულად დაუმარცხებელია და კარგად დაწყებული წლევანდელი სეზონიც შედეგიანად დაასრულა. ახლა მის კოლექციაში აზიის თამაშებისა და პირველობის თითო ოქრო, მსოფლიოს ორი ოქრო და ოლიმპიური ვეცხლის მედალია.

ალბათ, სრული მოულოდნელობა იყო ფინალში ჩერნოგორიელ სრდჯან მრვალჯევიჩის გასვლა. არადა, აქამდე უტიტულო ფალავანმა (მას მსოფლიოს თასიც კი მხოლოდ ორჯერ მოუგია) ნახევარფინალში ჩინებულად მოუგო გილეიროს და ზედიზედ მეორედ ფინალში გასვლა არ დაანება. კიმმა ვაზარით მოიგო ფინალი, თუმცა შებოჭვამდე სულ ცოტა დააკლდა - ჩერნოგორიელი ისეთი მარწუხიდან დაუძვრა, დარბაზი ფეხზე წამოუდგა ოვაციით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, როცა კიმმა საკმაოდ ემოციურად გამოხატა გამარჯვება და ლამაზი ყირაც გააკეთა, მრვალჯევიჩს ხელიც აუწია, ღირსეული მეტოქე იყავიო. ასევე დიდი წარმატებაა მედალი ტომასთვისაც, მასპინძლებს კი ვაჟთა გუშინდელი წარუმატებლობა მათივე ქალმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ემანე გევრისემ დაავიწყა - ფინალში იაპონელი მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული იოშიე უენო დაამარცხა. მან ნახევარფინალშიც ფრიად იყოჩაღა ჰოლანდიელ მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსან ელიზაბეტ ვილბოორდესეს ძლევით.

პარიზში ვაჟთაგან დღესაც ერთი წონის ფალავნები იჭიდავებენ - 90-ისა, ვალერი ლიპარტელიანი კი არც მეტი, არც ნაკლები, პირველ შეხვედრას იაპონელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ დაიკი ნიშიამასთან ჩაატარებს. იაპონელი უხერხულ მეტოქედ ექცა ჩვენებურს - შარშან ორჯერ დამარცხდა მასთან. შედარებით გაუმართლა დებიუტანტ ზვიად გოგოჭურს - შვედ იოაკიმ დვარბის ხვდება.

კვარცხლბეკი
ვაჟები
81 კგ. 1. ჯაე-ბუმ კიმი (კორეა); 2. სრდჯან მრვალჯევიჩი (ჩერნოგორია); 3. სერგეიუ ტომა (მოლდავეთი), ლეანდრო გილეირო (ბრაზილია).
ქალები
63 კგ. 1. ემანე გევინსე (საფრანგეთი); 2. იოშიე უენო (იაპონია); 3. ელიზაბეტ ვილბოორდესი (ჰოლანდია), ურსკა ზოლნირი (სლოვენია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული