გუნდური მედალიც კარგია, მაგრამ საოლიმპიადოდ მთავარი მაინც პირად პირველობაში ნაჩვენები ჭიდაობის ხარისხია, ამ მხრივ კი ჩვენები პარიზში ისე გამოიყურებიან, მოყვარესთან ერთად მტერსაც კი შეებრალება. ამ ფონზე გუნდურის მედალი იგივე იქნება, რაც სახრავი ძვალი. ვნახოთ, რას იზამენ ჩვენები დღეს, გუშინ კი ორივე ქართველმა კვლავაც ნაადრევად წააგო და მედალს ვინღა დაეძებს, სანუგეშო წრემდე ვერც
თუმცა მისი გუშინდელი წაგება იქნებ მოულოდნელი არც იყო - წილისყრამ ხომ მისთვის უხერხული მეტოქე, მსოფლიოს შარშანდელი იაპონელი ვიცე-ჩემპიონი დაიკი ნიშიამა არგუნა. ისინი აქამდე კარიერაში სულ ორჯერ შეხვედროდნენ ერთმანეთს - შარშან და ორივეჯერ აზიელმა იმარჯვა. სხვათა შორის, შარშან ეს მეორედ მსოფლიოს პირველობაზე მოხდა, ოღონდ მაშინ - ნახევარფინალში. ბუნებრივია, ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე უსიამოვნო სტატისტიკას მისი დარღვევის რაღაც იმედი მაინც ახლავს ხოლმე და ამჯერადაც ამას ვიმედოვნებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, კვლავაც გაგრძელდა. თავს ნუ დავიმშვიდებთ იმით, რომ ქართველმა მინიმალური სხვაობით - იუკოთი წააგო. ფაქტი ულმობელია - ლიპარტელიანი ტურნირიდან გამოვარდა, იაპონელმა კი ვერცხლი მოიპოვა.
ლიპარტელიანზე ცოტა უკეთ გამოვიდა დებიუტანტი ზვიად გოგოჭური (90) - პირველ შეხვედრაში შვედი იოაკიმ დვარბი ვაზარ-იუკოთი დაამარცხა, მერე კი მის წინ კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი კიუ-ვონ ლეე აღიმართა. აქ აზიელის უპირატესობა შკარა იყო - ვაზარით მოიგო.
გუშინ მორიგი ტრიუმფი მოიწყო ილიას ილიადისმა (ჯარჯი ზვიადაურმა), რომელიც მართლაც ბრწყინვალე მოჭიდავეა. ამაზე არაერთხელ დაგვიწერია და ახლა გვიანიცაა თავში ხელის ცემა, მაგრამ ესეც ერთი მაგალითია ქართული უთავბოლობის - ჩვენი ტალანტით სხვები სარგებლობენ. უზბეკ რიშოდ სობიროვისა (60) და კორეელ ჯაე-ბუმ კიმის (81) შემდეგ ილიადისი გახდა მესამე ძიუდოისტი, ვინც შარშანდელი ტიტული შეინარჩუნა. ამ წონაში 2010 წლის ფინალი ვიხილეთ იმავე შედეგით, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ მაშინ თუ ილიადისმა ნიშიამას დამატებით დროში მოუგო, ამჯერად ჩინებული მოგვერდით მალევე მოუთავა ხელი.
ვფიქრობთ, უფრო ეფექტური იყო მისი გდება ნახევარფინალში რუს კირილ დენისოვთან, თუმცა მისი შეხვედრებიდან რომელიმეს გამორჩევა ძნელია ყველა ორთაბრძოლა იმდენად კარგად ჩაატარა. საინტერესო იყო იაპონელთა ნახევარფინალიც, რომელშიც ნიშიამამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უპირატესობა ონოზე. ონომ კარიერაში მეორედ მოიპოვა მედალი მსოფლიოზე და კვლავაც - ბრინჯაო (თუმცა კორეელი ლეეც ცოდვა იყო მასთან წასაგებად), ოღონდ პირველად ამ წარმატებას 81-ში მიაღწია. ჩანს, კუბელი ეშლი გონსალესი ოლიმპიადაზე ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.
ქალების ტურნირი მთლიანად ფრანგთა კარნახით წარიმართა - მასპინძელთა გულის გასახარად, ორივე ოქრო მათ დაისაკუთრეს. უბერებელი ლუსი დეკოსიც (70) იმათ შორისაა, შარშან მოპოვებული ტიტული წლეულსაც წარმატებით რომ დაიცვეს, თუმცა ფინალში ჰოლანდიელი ედიტ ბოსხი მეტად დუნე ჭიდაობაში კი დაამარცხა. შეხვედრაში, პრაქტიკულად, არაფერი გაკეთებულა. არადა, ბოსხსაც შეეძლო, მეორედ მოეპოვებინა მსოფლიოს ოქრო. დეკოსისგან განსხვავებით, ევროპის ჩემპიონმა ოდრი ჩუმეომ (78) პირველად მოიგო მსოფლიოს პირველობა.
ამდენად, წინ მსოფლიოს პირველობის კიდევ ერთი დღეა დარჩენილი და ჩვენი მთელი იმედები მას უკავშირდება, თორემ უახლოეს წლებში ეს ყველაზე ცუდი გამოსვლა იქნება. ჩვენი ნაკრები უმედლოდ წინა ორ პირველობაზეც დარჩა, მაგრამ მაშინ მეხუთე ადგილებზე მაინც გავედით - 2009-ში როტერდამში ნესტორ ხერგიანი (60), შარშან ტოკიოში - ლიპარტელიანი, ახლა კი სანუგეშომდეც ვერავინ მივიდა ანუ მეოთხედფინალამდეც ვერ მიაღწიეს.
დღეს მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე (100) პირველივე წრეში ბრაზილიელ მსოფლიოს ჩემპიონ ლუსიანო კორეას ხვდება, ჯგუფში კი ისეთი ძლიერი კონკურენტები ჰყავს, როგორიც იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ტაკამასა ანაი, მონგოლი ოლიმპიური ჩემპიონი ნაიდან ტუვშინბაიარი, ბელგიელი ევროპის ჩემპიონი ელკო ფან დერ ხესტი, ებრაელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი არიელ ზეევი, პოლონელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი პრზემისლავ მატიასზეკი და ლატვიელი ევროპის პრიზიორი ეუგენიუს ბოროდავკო არიან.
ცოტათი სუსტი ჯგუფი ერგო ევროპის ვიცე-ჩემპიონ ლომერ ჟორჟოლიანს, რომელიც პირველ შეხვედრას ლიტველ მარიუს ლაბალაუსკასთან გამართავს, ნახევარფინალის საგზურისთვის კი კონკურენციას კი სხვებთან ერთად ჰოლანდიელი მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი ჰენკ ხროლი, ეგვიპტელი მსოფლიოს პრიზიორი რამადან დარვიში, იაპონელი კაიჰან ტაკაგი და ის ბოსნიელი ამელ მეტიკი გაუწევენ, ვისთანაც წლეულს ევროპული ფინალი დათმო.
მძიმე წონაში უძნელეს ჯგუფშია ადამ ოქრუაშვილიც - რუსი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ალექსანდრ მიხაილინი, იაპონელი მსოფლიოს შარშანდელი ოქროს მედალოსანი აბსოლუტურში დაიკი კამიკავა, ბელარუსი ოლიმპიური ჩემპიონი იჰარ მაკარაუ, უზბეკი ოლიმპიადის ვერცხლისა და მსოფლიოს სამგზის პრიზიორი აბდულო ტანგრიევი, ჰოლანდიელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხრიმ ვუიჯსტერსი, პირველ შეხვედრას კი ჩვენებური ფილიპინელ ტომიჰიკო ჰოშიმასთან ჩაატარებს. ზვიად ხანჯალიაშვილი კორეელ სოო-ვან კიმს შეხვდება, ჯგუფში კი ძლიერ მეტოქეთაგან იაპონელი ორგზის მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი კეიჯი სუძუკი და გერმანელი მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი ანდრეას ტოლცერი ჰყავს.
კვარცხლბეკი
ვაჟები
90 კგ. 1. ილიას ილიადისი (საბერძნეთი); 2, დაიკი ნიშიამა; 3. ტაკაში ონო (ორივე - იაპონია), ეშლო გონსალესი (კუბა).
ქალები
70 კგ. 1. ლუსი დეკოსი (საფრანგეთი); 2. ედიტ ბოსხი (ჰოლანდია); 3. იორიკო კუჰინარა (იაპონია), ანეტ მესაროში (უნგრეთი).
78 კგ. 1. ოდრი ჩუმეო (საფრანგეთი); 2. აკარი ოგატა (იაპონია); 3. მაირა აგუიარი (ბრაზილია), კაილა ჰარისონი (აშშ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იაპონია არ აკლიათ,საფრანგეთი და რა ვიცი კიდევ,მაგრამ ქართული ჭიდაობა აღარ იცის წესიერად არცწრთმა ძიუდოისტმა.არა და,ახალი წესები ზედ გამოჭრილია ქართული ჭიდაობის კარგი მცოდნესათვის.
ავსტრიელი ქართველს წიგაობას და ისიც ქართულს ვერ ასწავლის.