ერთი ბრინჯაო ბუნდოვანების პრიზმაში

AutoSharing Option
პარიზში, ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო ათწლეულს ყველაზე ცუდი გამოსვლისგან დასკვნითმა დღემ გვიხსნა - მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ (100) ბრინჯაო მოიპოვა.

100 კილოგრამი ტურნირზე ჩვენი გუნდის ყველაზე წარმატებულ წონად იქცა - ცირეკიძის კვალდაკვალ მსოფლიოს ტიტულოვან ფალავნებს ლომერ ჟორჟოლიანიც მუსრავდა და ნაკრების ამ წარუმატებელი გამოსვლის ფონზე, მეოთხედფინალამდე ქართული ფინალიც კი რეალური ჩანდა, მაგრამ იქ ორივე ჩვენებური დამარცხდა.

ჟორჟოლიანმა ვერც ამჯერად დააღწია თავი ძველ სენს - ტურნირის მეორე ნახევარში "დადგა", სანუგეშოშიც წააგო და საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა. არადა, პირველი ნახევარი იმდენად ძლიერად
ჩაატარა...

პირად პირველობაში უნიათო გამოსვლას ნაკრებმა "ჩაროზად" გუნდურ ტურნირში მარცხიც მიაყოლა. არადა, წილისყრამ როგორც აქ გაგვიმართლა, იმის ნახევარი იღბალი პირადში რომ გვქონოდა, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, თუმცა ამაზე წერილის ბოლოში.

პარიზული შედეგი წარმატებად მხოლოდ ცირეკიძეს თუ ჩაეთვლება, თორემ გუნდს - ვერანაირად! ცირეკიძეს კი მართლაც ყოჩაღ, ცალკეულ შეხვედრებში და, კონკრეტულად, ბელგიელ ელკო ფან დერ ხესტთან ორთაბრძოლაში დაშვებული შეცდომების მიუხედავად! მაგრადაც იბრძოლა, მაგრადაც იჭიდავა, ბოლოს და ბოლოს, იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონსა და წონის ფავორიტ ტაკამასა ანაის ორი გდება აგემა და გაასაცოდავა, ბავშვივით უმწეო გახადა ეს მრისხანე ფალავანი, პირველ შეხვედრაში ასევე ბეჩავად აქცია ბრაზილიელი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ლუსიანო კორეა, კვარცხლბეკამდე უძნელესი გზა გაიკაფა და ახალ წონაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს მედალი.

პარიზული გამოსვლით მან სკეპტიკოსებსაც დაუმტკიცა, რომ 100-შიც შეუძლია დიდი წარმატებების მოპოვება, თუმცა ის რაც მიღწევაა მისთვისთვის, საპირისპირო შედეგია გუნდისთვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი მედლის ამარა დავრჩით - ბოლო ათწლეულში ანუ 2001 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამჯერ დავრჩით ასე კინკილა მედლით (2001-2003 წლებში ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურის ვერცხლისა და 2005 წელს ლაშა გუჯეჯიანის ბრინჯაოთი), ორჯერ ისიც ვერ მოვიპოვეთ - 2009-10 წლებში და მხოლოდ ერთხელ, 2007-ში გვქონდა სამი ჯილდო (ცირეკიძის ოქრო, ნესტორ ხერგიანის ვერცხლი და გუჯეჯიანის ბრინჯაო), არც იმიტომ, რომ თავდაპირველად შეპირებული ოქრო არაა, არამედ იმის გამო, რომ გუნდმა ძალიან ცუდად იჭიდავა.

მის გამოსვლაში ვერც პროგრესი დავინახეთ და ვერც - შეპირებული ფიზიკური "რევოლუცია". მოჭიდავეთა უმეტესობა ამ კომპონენტში კვლავაც სუსტად იყო მომზადებული და შეხვედრის ბოლომდე მაღალ ტემპში ჭიდაობა უჭირდათ.

დიდი პროგრესი ვერც ტაქტიკურ ჭიდაობაში დავინახეთ და ვერც - "აქილევსის ქუსლად" ქცეული საჭიდაო კომპონენტების დახვეწაში. ასეთ შედეგს ქართველი მწვრთნელები ბევრად მცირე ანაზღაურებით აღწევდნენ, ავსტრიელ პეტერ ზაიზენბახერს კი, მოარული ხმებით (ოფიციალურად თანხის ოდენობა საკონტრაქტო პირობებით გასაიდუმლოებულია), საკმაოდ დიდ თანხას იღებს. თან მისი გულისთვის უდიერად ჩავანაცვლეთ ქართველი მწვრთნელი. გვიღირდა კი ეს ყველაფერი ამად?

ოლიმპიადის წინ მთავარი პირადი შედეგია
ზაიზენბახერის თეორიული რჩევები მართლაც საჭირო ჩანდა, მაგრამ პრაქტიკულად სულ სხვა სურათი ვიხილეთ. რატომ და რისთვის, ამის გარკვევას ცალკე წერილში შევეცდებით, ახლა კი ორ გარემოებაზე გავამახვილებთ ყურადღებას:

ჩვენგან ყველაზე უკეთეს შედეგს ცირეკიძემ მიაღწია ანუ იმან, ვისაც ბოლო ეტაპის შეკრებები ნაკრებთან ერთად სრულად არ გაუვლია; მთელი ტურნირის განმავლობაში ცირეკიძეს მწვრთნელად ზვიადაური ეჯდა და არც ერთხელ - ზაიზენბახერი! ვეჭვობთ, ეს შიდა სამზარეულოს გადაწყვეტილება იყო.

ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ ამ შედეგს ქართულ ძიუდოში ძალთა გადანაწილებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი მოჰყვეს, უპირველესად კი თავად ზაიზენბახერის კონტრაქტი გადაიხედოს. ქართულ ძიუდოში ისედაც დიდი ხნის წინათ დაიწყო უწყებრივი დაპირისპირება, ბოლო არჩევნების მიხედვით კი გვგონია, ის ახალი "ლობისტების" ხელში გადავიდა, ახალ ქარს კი ახალი წესრიგი მოაქვს.

ჩვენს ნაკრები გუნდური პირველობა კიდევაც რომ მოეგო, ეს გამოსვლა მაინც არ ჩაითვლებოდა წარმატებად. მთავარი ხომ ოლიმპიადაა, ის კი ინდივიდუალური შეჯიბრებაა და იქ გუნდური მედალი არაფერში წაგვადგება.

საოლიმპიადოდ მთავარი პირადი შედეგია, ამ მხრივ კი პარიზში ცუდი რეალობა გამოჩნდა - სპორტსმენთა უმეტესობამ ძალზე სუსტად იჭიდავა. ოლიმპიური ლიცენზიების სრული კომპლექტი იგეგმებოდა, მაგრამ ამ იმედს ახლა დიდი კითხვის ნიშანი დაესვა. ასეთი ჭიდაობით ბევრ წონაში გაგვიჭირდება საგზურის მოპოვება, თუმცა რომც მოვიპოვოთ, ამითაც რა?! ლონდონში წარმატება სულ მთლად მირაჟი ჩანს, ისევ ცალკეულ გამოცდილ ფალავანთა იმედად თუ ვიქნებით.

საფირმო ილეთი უნაკლო უნდა იყოს
ირაკლი ცირეკიძემ გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე მაინც მიაღწია წარმატებას. მან ჯგუფში ირანელი ჯავად მაჰჯოუბიც დაჯაბნა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - იუკოებში გამოხატული უპირატესობა შებოჭვით დაასრულა. ფან დერ ხესტთან შეხვედრაში მას პირველად დაეტყო დაღლა, თუმცა მანამდე, 20 წამში ეს ევროპის ჩემპიონი კაცი იპონზე დააგდო.

მსაჯებმა ჯერ წმინდა ჩათვალეს, მაგრამ მალევე ჩამოავაზარეს. დაძაბულ შეხვედრაში შემდეგაც ორივეს რამდენჯერმე ჰქონდა ანგარიშის შეცვლის შანსი. დამთავრებამდე 1,22 წუთით ადრე ცირეკიძე იგებდა, მაგრამ ბელგიელმა კონტრილეთზე დაიჭირა და ანგარიში გაათანბრა.

დამატებითშიც ლამის იგივე განმეორდა - ცირეკიძემ ისევ ფეხი ჩაუხვია, მაგრამ ილეთი მეტოქემ დაასრულა იპონით. სამწუხაროა, რომ ცირეკიძე საკუთარ ილეთზე შეცდა, თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა. კოკა კი, ბოლოს და ბოლოს, გატყდა. ზედა ჩავლებასთან ერთად ფეხის ჩახვევა ცირეკიძის კოზირად იქცა. ამით მოუგო ანაისაც, მაგრამ მარცხის მიზეზადაც ეს ექცა.

ორჯერ კორეასაც ამაოდ შეუტია ამ ფანდით, თუმცა იმან ეს ვერ გამოიყენა. ალბათ, საჭიროა, ნებისმიერი სპორტსმენი თავის საფირმო ილეთს უნაკლოდ ფლობდეს...

სხვათა შორის, ამავე მიზეზით ცირეკიძის ბედი დამამშვიდებლის ფინალშიც ბეწვზე ეკიდა ეგვიპტელ მსოფლიოს პრიზიორ რამადან დარვიშთან ბრძოლაში. გდება მსაჯებმა ჯერ მეტოქეს ჩაუთვალეს, მაგრამ ჩანაწერის ნახვისას სამართლიანობა აღადგინეს.

ცირეკიძის და ავთანდილ ჭრიკიშვილის (81) მსგავსად, ლომერ ჟორჟოლიანიც ფიზიკურად მშვენივრად გამოიყურებოდა. შეჯიბრებაც იმდენად ძლიერად დაიწყო, ვიფიქრეთ, რომ ევროპის პირველობაზე მოპოვებული ვერცხლი მისი შემობრუნების დასაწყისი გახდა.

ლატვიელი მარიუს ლაბალაუკისი იოლად დააიპონა, ჰოლანდიელ ორგზის მსოფლიოს ვეცხლისა და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელ ჰენკ ხროლს დასაწყისშივე აართვა ვაზარი, რაც მეტოქემ შეხვედრის შუაწელში გაქვითა. დამთავრებამდე 7 წამით ადრე ქართველმა ჩინებული მოგვერდით იუკო მოიპოვა, მაგრამ მსაჯებმა არ ჩაუთვალეს, თუმცა ჩვენებური დამატებითშიც აგრძელებდა მაღალ ტემპს, მეტოქე კვლავაც წნეხში ჰყავდა და მსაჯებმა ჰოლანდიელი სამართლიანად გააფრთხილეს.

მესამე წრეში მეტოქედ ბოსნიელი ამელ მეკისი ჰყავდა, ვისთანაც წლეულს ევროპული ფინალი დათმო, რისთვისაც ახლა ღირსეული რევანში აიღო. ჟორჟოლიანი ძალიან მოტივირებული გავიდა საჭიდაოდ, ბოსნიელი ორივე ხელით აიტაცა და ისე გამეტებით დაახეთქა ტატამს, ძველი წყენაც თან გაატანა. აი, ამის შემდეგ მოიშალა ჩვენებური - დარვიშთან გაფრთხილებებით, სანუგეშოში კი მომავალ ბრინჯაოს პრიზიორთან, ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან წააგო.

ჩემი ფანდი, ჩემი მტერი
ძველ ჩვეულებას არც მძიმეწონოსანმა ზვიად ხანჯალიაშვილმა უღალატა - ამჯერადაც მკერდს ზემოთ მოინდომა მეტოქის გადაგდება და ისევ თავის ილეთზე მოჰყვა.

პოლონელ გრჟეგოჟ ეიტელს ისღა დარჩენოდა, ბეჭებზე დაცემულ მეტოქეს ფორმალურად მაინც დასწოლოდა ზევიდან და იპონი დაეფიქსირებინა. არადა, ფიზიკურად ხანჯალიაშვილიც კარგად გამოიყურებოდა - შედარებით ბევრს და თავისუფლად მოძრაობდა, მეტი მონდომებაც ეტყობოდა და მანამდე კორეელი სოო-ვან კიმი დააიპონა. ადამ ოქრუაშვილს ფილიპინელი ტომოჰიკო ჰოშინა ფეხში ხელით შესვლისთვის მოუხსნეს, ყირგიზ იური კრაკოვეცკის 14 წამით ადრე იუკო აუღო, კორეელმა მომავალმა ბრინჯაოს პრიზიორმა სუნგ-მინ კიმმა კი კისრულით იუკოზე გადმოიღო.

ამ წონაში შარშანდელი ფინალი განმეორდა და შედეგიც იგივე მივიღეთ, თუმცა ეს არც იყო გასაკვირი – 22 წლის ფრანგმა ტედი რინერიმ კვლავაც დაამარცხა გერმანელი ანდრეას ტოლცერი. რინერი მართლაც შეუჩერებელი გიგანტია და პირადთან ერთად გუნდური პირველობაც მოიგო. ამიერიდან ის უკვე 6-გზის მსოფლიოს ჩემპიონია (აქედან ორჯერ - გუნდურში). ამ წონაში მესამეზე გავიდა უბერებელი რუსი ალექსანდრ მიხაილინი, რომლის აქტივშიც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონობაა.

100 კილოგრამში რუსებმა ერთადერთი ოქრო მოიპოვეს - ტაგირ ხაიბულაევი ვერავინ შეაჩერა. მათ შორის - ვერც ყაზახმა მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა მაქსიმ რაკოვმა ფინალში.

რინერის მსგავსად, ქალებში შეუჩერებელია ჩინელი გოლიათი ვენ ტონგი, რომელიც ასევე მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. თუმცა რინერტისგან განსხვავებით, ოლიმპიური ჩემპიონიცაა.

ტონგიმ ყველა შეხვედრა იპონით მოიგო (მათ შორის რუსეთის სახელით მოასპარეზე თეა დონღუზაშვილთანაც), უმეტესობა კი - მტკივნეულით. ფინალში მან თანამემამულე ქიან ქინი დაჯაბნა. აღსანიშნავია, რომ შარშან ტონგი დოპინგზე ჩავარდა, თუმცა დაამტკიცა, რომ დოპინგი შეგნებულად არ მიუღია და დისკვაკლიფიკაციაც მოუხსნეს.

გუნდური ასპარეზობა მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა - ფრანგებმა იმარჯვეს ვაჟებშიც და ქალებშიც. ჩვენი ვაჟთა ნაკრების პირველი მეტოქე გერმანია იყო, რომელსაც 3:2 სძლიეს, ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლა კი კორეელებთან 2:3 წააგეს და სანუგეშოში გადავიდნენ, სადაც ჯერ ჩინელებს სძლიეს მშრალი ანგარიშით - 5:0, მაგრამ ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლა იაპონელებთან დათმეს - 2:3.

კვარცხლბეკი
100 კგ. 1. ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი); 2. მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი); 3. ირაკლი ცირეკიძე (საქართველო), ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი); 7. ლომერ ჟორჟოლიანი (საქართველო).
+100 კგ. 1. ტედი რინერი (საფრანგეთი); 2. ანდრეას ტოლცერი (გერმანია); 3. სუნგ-მინ კიმი (კორეა), ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი).
ქალები.
+100 კგ. 1. ვენ ტონგი; 2. ქიან ქინი (ორივე - ჩინეთი); 3. მიკა სუგიმოტო (იაპონია), ელენა ივაშენკო (რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფერი პოლიტიკად რომ აქციეს, იმის ბრალია ეს ყველაფერი. იჭიდაოს ახლა პრეზიდენტმა!
zuxusha
13:16 29-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული