ჯარჯი ზვიადაურიდან ილიას ილიადისობამდე

AutoSharing Option
პარიზში, მსოფლიოს პირველობის ფინალში შეხვედრის მიწურულს გაბერძნებულმა ქართველმა ძიუდოისტმა ილიას ილიადისმა (90; ჯარჯი ზვიადაური) იაპონელ დაიკი ნიშიამას დრო უხელთა და უნაკლო მოგვერდით ისეთ იპონზე დაანარცხა, პირთამდე სავსე "ბერსის" საჭიდაო დარბაზი ოვაციისგან კინაღამ ჩამოინგრა.

ჯარჯი-ილიასმა სიხარული კი გამოხატა, მაგრამ არც მეტოქე დავიწყებია, ჩვეულებისამებრ მასთანაც მივიდა და ხელი აუწია, თუმცა ატირებულ ნიშიამას მისი დიდსულოვანი ჟესტისთვის ნამდვილად არ ეცალა - ზედიზედ მეორედ წააგო მსოფლიოს ფინალი ილიადისთან და გასაგებია, რა გუნებაზეც იქნებოდა. თუმცა იმ წუთებში დარბაზს მისთვის არ ეცალა და მხურვალე ოვაციას არ ანელებდა.
არც ფრანგებს გაემტყუნებოდათ - ისინი ხომ მსოფლიოს ძიუდოს ახალ ლეგენდას ესალმებოდნენ.

ილიადისმა უკვე ყველა დიდი ტურნირი მოიგო და ახლა მეორე წრეზე წავიდა - პარიზული გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატებზე მისი ზედიზედ მეორე ზეობა იყო. წლეულს სულაც დუბლი შეასრულა - აპრილში ევროპის ჩემპიონიც გახდა, რაც ასევე მეორე ოქროა კონტინენტურ ასპარეზზე. ახლა ოლიმპიადის მეორედ მოგება დარჩა, თუმცა ის იმდენად იოლად და დამაჯერებლად იმარჯვებს ყველგან, ეს ამბავიც დროის საკითხი გვგონია.

ილიადისის უპირატესობა იმდენად აშკარაა ყველა შეჯიბრებაზე, თითქოს მისთვის მოუგებელი ტურნირი არ არსებობს და წლიდან წლამდე მართლაც იშვიათად თუ დამარცხდება. ის ჯერ 24 წლისაა და წინ კიდევ არაერთი სეზონი ელოდება. მით უფრო, არც შრომა ეზარება.

ილიადისის პარიზულ ტრიუმფს ქართულ ინტერნეტფორუმებზეც საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა: ილიადისი უკვე იმ დონის სპორტსმენია, რომელიც ყველგან უყვართ და ყველა ქვეყანაში ტაშს უკრავენო, წერდნენ ძიუდოს აქაური ქომაგები. "ბერსის" დარბაზი ამის სრული დასტური იყო, ასე კი მხოლოდ ლეგენდებს ექცევიან.

უზომო პოპულარობისა და სახალხო პატივისცემის გარდა, წარმატებებმა ილიადის-ზვიადაური მილიონერადაც აქცია, თუმცა ამას პიროვნულად არ შეუცვლია - ისევ ისეთივე ხალისიანი და ხუმარაა, სულ ხუმრობის და სიცილის ხასიათზეა, არც წაგებული მეტოქის დამშვიდება ავიწყდება და ან ხელს აუწევს იმის ნიშნად, შენც მაგარი მოწინააღმდეგე იყავიო, ან რაღაც სხვა ფორმით ანუგეშებს, ირგვლივაც ისევ ისე აფრქვევს დადებით აურას და იხვეჭს სიმპათიებს.

მედლებს არც მისი პროფესიონალიზმი გაუნელებია - კვლავაც ძველებური შემართებით ვარჯიშობს და საკუთარ თავს არანაირ შეღავათს არ აძლევს. მან მზადების რაღაც განსხვავებული სტილიც კი გამოიმუშავა და ეს მომქანცველი პროცესი სახალისო გასართობად აქცია - ხუმრობა, იუმორი და სიცილი არც ამ დროს ეკარგება სადმე. ალბათ, ამიტომაც არ იღლება ვარჯიშით და არც ბეზრდება ბევრისგან განსხვავებით.

ცხადია, ილიადისი ახლა მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრშია და ისიც არ აწბილებს ჟურნალისტებს. ამ დღეებში მასთან ინტერვიუ აზერბაიჯანულ საიტებზე გამოჩნდა, საიდანაც საინტერესო ამონარიდებს შემოგთავაზებთ. კითხვაზე, როგორ გრძნობდა თავს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის რანგში, მან ასე უპასუხა:

"ეს ისეთი გრძნობაა, რომლის გადმოსაცემადაც სიტყვები უძლურია. მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა - მე ბედნიერი ვარ".

იქვე ჯარჯი-ილიასმა ოჯახში მოსალოდნელ სასიხარულო ცვლილებაზეც გააკეთა აქცენტი, რაც თურმე მისთვის დამატებითი სტიმული ყოფილა: "ახლა ჩემი მეუღლე ისეთ მდგომარეობაშია, ოჯახში მორიგ მატებას ველოდებით. ამან დამატებითი ძალები მომცა და შთამაგონა პარიზში გამოსვლისას. ახლა მზად ვარ, ოქტომბერში ისევ გავხდე მამა". როცა დარწმუნებული ხარ საკუთარ ძალებში, წარმატება აუცილებლად მოვა, ოღონდ უნდა იბრძოლო ამისთვისო, დასძინა მან. ილიადისმა დაიკი ნიშიამასთან ზედიზედ ორგზის წარმატების საიდუმლოზეც ილაპარაკა და ეს ასე ახსნა: "აზიელებთან ჭიდაობისას დაუშვებელია, ინიციატივა მათ დაუთმო და საშუალება მისცე, თავისი ჭიდაობა მოგახვიონ თავს. ნიშიამასთან ორივეჯერ ზედა ჩავლებას ვიღებდი, თუმცა ის, ულაპარაკოდ, ტალანტი სპორტსმენია".

ხსენებულ ინტერვიუში ყველაზე საინტერესოდ მაინც ის ადგილი მომეჩვენა, სადაც ილიადისი იმ შემართების მიზეზებზე ლაპარაკობს, ტურნირიდან ტურნირამდე, ტიტულიდან ტიტულამდე რომ ავლენს. ვარჯიშები რომ არ ეზარება, ზევითაც გითხარით. არადა, წარმატებას ყოველთვის თან სდევს დაღმავალი პერიოდი. თუმცა, ეტყობა, ყოველთვის არა, რადგან ილიადისის კარიერაში მსგასი არაფერი ყოფილა.

აქ იყო ჩავარდნები, საკმაოდ ხანგრძლივიც, თუმცა ეს წელის ტრავმამ გამოიწვია, მწვერვალზე ასვლით გამოწვეული მოდუნება, ფსიქოლოგიური დაღმასვლა კი მას არ ჰქონია. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ის გამოწვევაა, რასაც ტიტულის დაცვა ჰქვია. "არსებობს გამოთქმა, ტიტულის მოპოვება უფრო ადვილია, ვიდრე - მისი დაცვაო.

როცა მოიპოვებ ტიტულს, მერე იწყება მთავარი გამოცდა, რადგან მეტოქეები შენს წინააღმდეგ სულ სხვა განწყობით გამოდიან - ყველას უნდა, მსოფლიოს ჩემპიონს მოუგოს. ასეა ახლაც, ჩემს შემთხვევაშიც" - თქვა ილიადისმა და იცავს კიდეც მთელი მონდომებით მონაპოვარ სახელსა და ავტორიტეტს.

ვარჯიშობს ლაღად, თავისუფლად, ძალდაუტანებლად, მერე გადის ტატამზე და ასევე ჭიდაობს, რითაც თვითონაც იღებს სიამოვნებას და ქომაგსაც ახარებს. ასე თამაშ-თამაშ და სიცილ-სიცილით მიიწევს ოლიმპიადისკენ, თუმცა თავს არ იტვირთავს იმაზე ფიქრით, მოვიგებ თუ არა იქო. "ამ წუთებში ოლიმპიადაზე არ ვფქირობ. არ მინდა, თავი გადავიღალო ამაზე ფიქრით. ღმერთმა ქნას, ჯანმრთელობა იყოს და ყველაფერი კვლავაც ნორმალურად იქნება", - ამბობს ილიადის-ზვიადაური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
როდესაც ქართველი კაცი თავის ნიჭს და გენიას ,შეალევს არა თავის სამშობლოს არამედ სხვა ერს ,ის არ არის კაცი , როდესაც არცისე ნიჭიერი ხარ და სხვისი სახელით გამოდიხარ რადგან შენს ნაკრებში არ გიძახებენ ,ეგ მესმი მე მაგ ქართველებს ვქომაგობ(გამონაკლისი თუ საქართველოს სახელით მოასპარეზეს ხვდება). კაი თავიდან წავიდა მაგრა შემდეგ ან ეხლა ხომ შეუძლია ჩამოსვლა არა.
Geo-4ever***
10:45 10-09-2011
0
სპორტსმენებ ჩვენ იმიტომ ვქომაგობთ ,რომ ჩევნი ერი ასახელონ,თორემ არც ცირეკიძე და სხვა ვინმე ჩემი არავინ არ არის,ჩვენ მათ ვგულშემატკივრობთ იმის გამო რომ ,აიწიოს ჩვენი დროშა,ჩვენი ჰიმნი დაუკრან და მთელი დარბაზი ჩვენს ჰიმნს უსმენდეს,საქართველოს სახელით ზიმბაბველს უნდა უგულშემატკივრო და ამისთანა უსინდისოს არა,რადგან ეს თუ გაიმარჯვებს აჟღერდება ბერძნული ჰიმნი,ხოლო ის ჩვენი სახელით მოასპერეზე ზიმბაბველიან მოზამბკილი თუ გაიმარჯვებს აჟღერდება ჩვენი ჰიმნი,და ჩვენი დროშა აიწევა .
Geo-4ever***
10:49 10-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული