მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ძიუდოში - თემურ ხუბულური

AutoSharing Option
სულ მთლად გადარეული ვარ
როგორც ქართლელი ბიჭების უმრავლესობა, თავიდანვე ჭიდაობის ტრფიალი ვიყავი. დავიწყე სიარული სექციაში. 10-20 კილომეტრი უნდა გამერბინა ყოველდღე, მაგრამ რბენას გააჩნია. მწვრთნელმა მითხრა - ოფლი რომ გამოვიდეს და წონა დარეგულირდეს, თბილად ჩაცმულმა უნდა ირბინოო. ჩემს სოფელში, მტკვრის პირას გლეხებს ყანები ჰქონდათ და დღენიადაგ შიგ ფუსფუსებდნენ თოხებით. ყანებსა და მდინარეს შორის გადიოდა ჩემი სარბენი ბილიკი.

სანამ გრილი გაზაფხული იყო გლეხები მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ მაქცევდნენ, მაგრამ თანდათან დათბა და დაცხა. ახლა კი ეჭვიანად დამიწყეს ყურება შუა ივლისში მორბენალ, ჩათბუნულ
ჯეელს. ერთ დღეს ყანიდან მეძახიან:

- თემუურ, - რო მობრუნდები, არ გაგვეპარო, საქმე გვააქ!
გლეხკაცის ღალატი სად გაგონილა. რომ მოვბრუნდი, შევძახე - აქა ვარ-მეთქი. თოხები მიყარეს და ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდნენ გზაზე.
რაღაცის თქმას კი აპირებენ, მაგრამ ვატყობ - ვერ ბედავენ. ბოლოს ისევ ძია სანდრომ გარისკა:
- თემურ, შვილო, - კი არ გეწყინოს და ერთი რამ უნდა გკითხოთ.
- შენა, ბიჯო, ეხლა - რო დარბიხარ - თუ გრძნობ, შვილო?
- მააშ... ოოო... ე.ი. რო დარბიხარ - იცი... მაიცა და - რათ დარბიხარ?
- ვვარჯიშობ.
- ვარჯიშობს - მრავლისმეტყველად გადახედა სანდრომ დანარჩენებს.
- აბა, ის თუ იცი, ახლა რა თვეა?
- ივლისი.
- ვააა, ესეც ცოდნია, კაცო! - ახლა მეორემ გამოხატა აღტაცება.
- ... და ასე თბილად რო გაცვია, იმასაც გრძნობ?
- მაშ.
გლეხებმა ისევ გადახედეს ერთმანეთს. მერე თანაგრძნობით დააკანტურეს თავები.
- ირბინე, შვილო, ირბინე...
- მეტი არაფერი გინდოდათ, კაცო? - გამიკვირდა.
- არა... მეტი არაფერი... წადი, გაიხარე... ეეჰე!
წასასვლელად შევბრუნდი და უცებ გავჩერდი, ფეხზე ზონარი შემხსნოდა და შესაკრავად დავიხარე, გლეხებს წასული ვგონივარ და ყური მოვკარი როგორ ეუბნებოდა სანდრო ძია მიტო ძიას:
- მიტო, ხო გეუბნებოდი და არა გჯეროდა, აჰა, მოგიგე თუ არა ოთხი ბოთლი "პივაი" თავის "სასიცკითა"?
- ხო გეუბნებოდი, ჩვენი თემურა გიჟია, არაა თავი მატორზე-მეთქი, აჰა, არც ეხლა გჯერა?
- მააშ კაცო, მააშ... მოგებული ხარ - ეუბნება მიტო - რას წარმოვიდგენდი კაცო, არადა ბალღობაში სუ არ ეტყობოდა, კაცოოო!!!

პასპორტი
იაპონიის ტურნედან მოსკოვში ჩამოვფრინდით. გამარჯვებით გახარებულებმა თვითმფრინავში კონიაკით შევიქციეთ თავი და გვარიანად შებუჟბუჟებულები ვართ.

აეროპორტში წესია - პასპორტი უნდა შეგიმოწმოს უშიშროებამ. ყველამ ვაჩვენეთ პასპორტები. თითქმის ყველაფერი რიგზეა და... ცხონებული შოთა ჩოჩიშვილის ჯერი დადგა. მოიქექა ჯიბეები - არა აქვს პასპორტი. ახლა შარვლის ჯიბეები მოიქექა, არც იქაა... დაუბრუნდა პიჯაკის გვერდითა ჯიბეებს, მერე გულის გარეთა და შიგნითა ჯიბეებს, არაა პასპორტი.

- ნეტუ პასპორტ! - ეუბნება წესრიგის დამცველებს.
- კარგად მოძებნე! - "დაარიგეს." დაიწყო ისევ ძებნა... რაც არ არი, არ არი...
მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ შოთას მსოფლიო იცნობდა, რუსები მიანც "აწვებიან"... საქმეში მაღალჩინოსნები ჩაერთვნენ.
- ტავარიშ პალკოვნიკ - ვეუბნები - ეტო ჟე ჩოჩიშვილი, ჩემპიონ მირა! - ნუ!
- პუსტ პრედიავიტ პასპორტ, მი ნე ზნაემ...
ისედაც "ნაკონიაკარები", ავღელდით, ავიფოფრეთ. საქმე სახუმაროდ არაა.
- გაჩხრიკეთო, - ბრძანა "ტავარიშ პოლკოვნიკმა" და შეუდგა ერთი ქართველი "კაგებეშნიკი" საქმეს...
პიჯაკის ჯიბეში ცხვირსახოცის და ხურდა ფულის მეტი არაფერია. შარვლის ჯიბეებში ქაღალდის ცოტაოდენი ფული და სანთებელა. შიგნით ჯიბეში ბლოკნოტი. "შმონვა" უფრო "ღრმად" მიდის. სვიტრის შიგნით შოთას თბილი პერანგი ეცვა და... იმ პერანგის გარეთა გულის ჯიბეში არ აღმოჩნდა პასპორტი!;
ვეცი ხელში "კაგებეშნიკს". გამოვგლიჯე შოთას პასპორტი და იპოლიტე ხვიჩიასავით ვეუბნები:
- არის თუ არა ეს - პასპორტი?!
- კი, პასპორტია! - დაიბნა რუსეთში გაზრდილი ჩვენი თანამემამულე.
- მე შენ გეკითხები (გათამამებული "შენობით" ფორმაზე გადავედი), არის თუ არა ეს პასპორტი?! არის თუ არა ეს - შე უპასპორტო შენა - პასპორტი?!
ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა... შეიძლება ჩვენ რაიმე გამოგვრჩენოდა, მაგრამ "კგბე"-ს რა დაემალება!"


გამიშვით!

ერთი წლის შემდეგ ისევ თვითმფრინავში ვართ და საზღვარგარეგთ მივფრინავთ. 12-14 საათი ჰაერში უნდა დავყოთ.

ჩვენთან ერთადაა ჩვენი სული და გული, მუდამ მხიარული და სტიმულის მომცემი საყვარელი პიროვნება, ანზორ მარტყოფლიშვილი. თუ რაიმე "იაღლიში" მოხდებოდა, ანზორი მუდამ პოულობდა გამოსავალს, მაგრამ იმჯერად თვითონ აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში.

ანზორის თავს გადახდენილი ამბები მერე ანეკდოტად გამოსულა და გაფანტულა საქართველოში. მაშ ასე... ჰაერში ვართ. ანზორი დადარდიანებულია, რადგან საკმაოდ დიდი თანხა დაკარგა ჯერ კიდევ აფრენამდე. ამ მუდამ მხიარულ კაცს დანა კბილს არ უხსნის. მიჯდა კუთხეში - ილუმინატორთან და არ იღებს ხმას.

იმაზე თუ ფიქრობს, როგორ და რა ვითარებაში უნდა დაეკარგა თანხა. ბუნებრივია, ჩვენც წაგვიხდა ხასიათი და ღრმა მდუმარებით თანავუგრძნობთ თანაგუნდელს. გარეთ კუპრისფერი, ბლანტი სიბნელეა. მხოლოდ თვითმფრინავის ყრუ, მონოტონურად გაბმული ზუზუნი ისმის. მოულოდნელად ლაინერი მკვეთრად გადაიხარა მარჯვენა მხარეზე. გაგვაცია და გაგვაცხელა, ანზორს გადავხედეთ, შეშფოთებული ჩანს.

თვითმფრინავი მალევე გასწორდა, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისევ დაიხარა იმ მხარეზე. ცოტა ხანში, მოულოდნელად, ძალიან მკვეთრად, მთელი კორპუსით "დაეცა" ვერტიკალურად და ელვისებურად ისევ ავარდა ზევით.

- დედა, რა იყო ეს! - ნაძალადევი, მშრალი ღიმილით ვამხნევებთ ერთმანეთს.
- კაცო - ეჭვი გამოთქვა ერთმა - საწვავი ხომ არ უთავდება?
ამის თქმა და თვითმფრინავი ისევ "იამკაში" ჩაეხეთქა. და ეს ჩვენი ანზორი ინსტიქტურდა წამოხტა სკამიდან. სასწრაფოდ გადმოიღო პიჯაკი სასწრაფოდვე გაუყარა ხელები სახელოებში, ქუდიც ჩამოიფხატა თავზე, და გასასვლელისკენ დაიძრა შესაშური სიჩქარით;
- საით ანზორ! - ვეცით და გავაკავეთ.
- გიჟია ეს პილოტი ვიღაცააა! - მთვრალი უნად იყოს ჩემი აზრით... გამიშვით კაცო, ნიახური კი არა ვარ, მეორედ ამოვიდე?!!
- ამას შევწირო თავი?!
ძლივს დავაშოშმინეთ და "პასადკაც" მალე გამოაცხადეს...

დანაშაული და სასჯელი
1980 წელია. ერევანში ვართ "ზბორებზე". საზღვარგარეთ, ხარ და შინიდან რომ სასიამოვნო ცნობა მოვა, იმ გრძნობას რა შეედრება. " ბიჭი შეგეძინა" - მაცნობეს თბილისიდან და ცას ავწვდი ხელით. მოლოცვა-მოლოცვასა და ხვევნა-კოცნაში კინაღამ სული ამომხადეს თანაგუნდელმა ბიჭებმა. ყურები დამიგრძელეს...

- მამაძაღლი... არ უნდა აღვნიშნოთ? - თქვა ერთმა და აიტაცეს დანარჩენებმა.
რას ჰქვია, არ აღვნიშნოთ... ეგღა გვაკლია...!!!

ერთი გემრიელი რესტორანი შევარჩიეთ. გავიპარეთ ისე, რომ მწვრთნელებმა არ იციან, სპეციალურად არ გავუმხილეთ (უცებ უარი არ ეთქვათ და არ ჩაემწარებინათ). ხუთნი ვართ. მოვატანინე ხუთი ბოთლი შამპანური. რესტორანის გამგე იქაური ქართველია და დავცხეთ. ხუთი ბოთლი მალე გათავდა.

- კიდევ ხუთი! - ავწიე გაშლილი ხელის მტევანი. მოვიდა... მოვიდა და წავიდააა!!!
- ერთმა შალახო შეუკვეთა ისედაც წკიპზე მყოფ მუსიკოსებს.

მადლიანმა შალახომ ჯერ სკამებზე შემოასკუპა, მერე მაგიდებზე ატყორცნა სხვადასხვა წონის ფალავნები. ვიღას ახსოვს დისციპლინა... დისციპლინა - ჩემი 2 საათის წინ ამქვეყანას მოვლენილი პირმშო - ძე-ა.
რაც უნდა იყოს, მე ვმასპინძლობ სიტუაციას და მაგიდაზე ნამდვილად არ ავხტი ამ გადარეულებივით.
რესტორნის გამგე - ჩვენებური კაცი გვერდით მომიჯდა და დელიკატურად მეუბნება:

- თემო, რა მოვიმოქმედოთ, რომ ეს "ლომები" იატაკზე დავაბრუნოთ?
- რა და... კიდევ 10 ბოთლი! - გავშალე ორივე ხელი.
- მოსულააა! - "გამისწორა" ქართველმა და ძლივს ჩამოვყარეთ ბიჭები ძირს "სატყუარათი".
სასტუმროში მივბანდალდით - ღამის 2 საათია. ვესტიბიულში ჩვენი ორივე მწვრთნელი ზის ადმინისტრატორის მაგიდასთან, "აუუუუუ!" ("რას შობი ახლა!")
- აბა, დადექით ახლა ხაზზე - გვეუბნება და საათს თვალს არ აშორებს.
ჩვენ ერთმანეთს ვეყუდებით.
- რატომ დაითვერით? - დაისვა ავბედითი კითხვა.
- ვინა, ჩვენა? - დაასლოკინა ერთმა, რომელიც ყველაზე მეტად ირწეოდა - გიამ.
მწვრთნელმა უმკაცრესად შეხედა. ესეც "გაფუჭდა" და რომ არ წაქცეულიყო მე "ჩამეპოდრუკჩკდა".
-ხვალიდან მე მოვიქცევი ისე, როგორც თქვენნაირი დისციპლინის დამრღვევებს ეკადრებათ, თქვენ სხვანაირად უნდა მოგექცეთ ხვალიდან, რასაც მომისვამთ ხელზე, იმას მოგისვამთ წვერზე! - გასაგებია, გია?
ამასობაში გიას ფეხზევე ჩაძინებია ცხენივით, თავისი სახელის გაგონებაზე ერთი ნაბიჯი წინ წადგა, ვეღარ მოზომა ძილ-ღვიძილში და პირდაპირ მწვრთნელს ჩაემხო კალთაში.
...დილის 6 საათია და წამოგვყარა იმ "ტრენერმა".
- რამდენი ბოთლი დალიეთ წუხელ? - ისევ გიას ეკითხება. გია ჩაფიქრდა:
- რამდენი... რამდენი და... ოცდაათი.
- ოცდაათი... მაშ ასე... ოცდაათ წრეს დაარტყამთ მოედანს!
ვერდიქტი შეუვალი იყო. შევუდექით პახმელიაზე სირბილით გამოსვლას. ძლივს დავლასლასებთ. მწვრთნელი არხეინად ზის სკამზე და გაზეთს კითხულობს.
- მოვკვდი, აღარ შემიძლია მეტი! - თქვა ერთმა მეექვსე წრეზე და ადგილზევე ჩაიკეცა.
- გიააა, მე შენიიიი... რამ გათქმევინა ოცდაათი... ნაკლები ვერ თქვი? - ვ
- მოვატყუე - გაეხარდა უცებ... თორემ მერე გენახათ... ოცდაათი კი არა ოცდათორმეტი დავლიეთ.
- ყოჩაღ! - შევაქეთ.
- რამდენი წრე დაარტყით? - გაზეთი მოიშორა მწვრთნელმა.
- თორმეტი.
- თვრამეტი დაგრჩათ - გაშალა გაზეთი "ტრენერმა".
- არა... რატომ, ჩვენ 10 ბოთლი დავლიეთ - უცბად დაახეთქა გიამ. ეგ კი არა, ორი წრე ზედმეტიც გამოგვივიდა. თქვენ, ალბათ, ოცდაათი გაიგონეთ, რა ამბავია!
- ააა... მომეჩვენა ხომ?
- კი, ორი წრე ზედმეტად დავარტყით - გათამამდა გია. მწვრთნელი მაგის ჩიტი იყო?
- ეგ არაფერია... ახლა წადით, ორი წრე უკუღმა დაარტყით და გაბათილდება! უნიათოდ შევუდექით ძუნძულს. განა მოტყუვდა, უბრალოდ გაგვიგო, უთქვამთ რაც მოხდა და იმანაც გვარიანად ჩამომიგრძელა ყური.
ასე იყო ეს ამბავი...

მურმან მერკვილიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
temo magari kacia dzmebo
soselo
09:30 04-09-2013
0
ტემურ ხუბულური პლანეტის უდზლიერესი მოჰიდავეა და ასევე გულიანი კარტველი კაცი
soselo
09:28 04-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული