ახალგაზრდებმაც გაარკივეს

AutoSharing Option
გაირკვა ძიუდოისტთა ახალგაზრდული გუნდების შემადგენლობები ბიჭებშიც და გოგონებშიც, რომლებიც 16-18 სექტემბერს ბელგიურ ლომელში ევროპის თანატოლთა ჩემპიონატში გამოვლენ.

ბიჭების გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ ამჯერად ყველა წონაში მაინც დააყენა ორ-ორი შემადგენლობა იმის მიუხედავად, რომ ადრე ამბობდა, იქნებ ყველა წონაში არ წავიყვანო ორი კაციო, თუმცა იქვე მკაცრადაც გააფრთხილა, რომ მსოფლიოს პირველობისთვის ეს ასე არ იქნება და ვინც ევროპაზე უნიათოდ იასპარეზებს, ნაკრებში მოხვედრის იმედი ნუ ექნება. ერთი სიტყვით, გუგავამ შეგირდებს ბოლო შანსი მისცა.

ლომელში ლერი ჭელიძე და გიორგი მესაბლიშვილი (ორივე - 55), ვაჟა
მარგველაშვილი და გიორგი კაცია (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი და ოთარ არჩუაძე (ორივე - 66), ფრიდონ გიგანი და მიხეილ ჩოხელი (ორივე - 73), შალვა ნინიძე და ბექა რატიანი (ორივე - 81), გიორგი მერმანიშვილი და გიორგი ქავთარაძე (ორივე - 90), ელგუჯა ბიბილაშვილი და გიორგი ცნობილაძე (ორივე - 100), უშანგი კოკაური და ლევან მატიაშვილი (+100) იჭიდავებენ.

ოთხი მონაწილე გვეყოლება გოგონებში და ყველა დებიუტანტი: ნონა მერაბიშვილი (52), სოფო ბერიძე (57), თეა სუხიტაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78). ამათი უმეტესობა ასაკით ჯერ პატარაა, თუმცა გამოცდილების მისაღებად მაინც მიჰყავთ.

ბიჭების ნაკრები ამჟამად გორში გადის შეკრებას. დღეს იქვე გაიმართა საკონტროლო შეხვედრები, რომელიც ხვალ დასრულდება, შეკრებას კი ორშაბათს დილის ვარჯიშის შემდეგ დაასრულებენ და თბილისში დაბრუნდებიან. გუნდები ბელგიაში 14 სექტემბერს გამთენიისას გაფრინდებიან.

წლეულს ახალგაზრდებს კიდევ ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრება ელოდებათ - 3-6 ნოემბერს სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება, 18-20 ნოემბერს კი ტიუმენი 23-წლამდელთა შორის ევროპის პირველობას უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული