დღეს ბელგიურ ლომელში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც ჩვენი ბიჭების ნაკრები სრული შემადგენლობით გამოვა: ლერი ჭელიძე და გიორგი მესაბლიშვილი (ორივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი და გიორგი კაცია (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი და ოთარ არჩუაძე (ორივე - 66), ფრიდონ გიგანი და მიხეილ ჩოხელი (ორივე - 73), შალვა ნინიძე და ბექა რატიანი (ორივე - 81), გიორგი მერმანიშვილი და გიორგი ქავთარაძე (ორივე - 90), ელგუჯა ბიბილაშვილი და გიორგი ცნობილაძე (ორივე - 100), უშანგი კოკაური და ლევან მატიაშვილი (+100).
ნაკრების მ თავარმა
მწვრთნელმა გიორგი გუგავამ ახლა კი წაიყვანა სრული გუნდი, მაგრამ მსოფლიოსთვის სერიოზულ გადარჩევას აპირებს - ვინც ევროპაზე თავს ვერ გამოიჩენს, შანსს აღარ მისცემს.
ოთხი მონაწილე გვეყოლება გოგოებში: ნონა მერაბიშვილი (52), სოფო ბერიძე (57), თეა სუხიტაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78).
დღეს ბიჭებიდან 55-60, გოგოებიდან კი 44, 48 და 52-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ. ზეგ ტატამზე 66, 73 და 81 კილოგრამიანი ბიჭები გავლენ. ასევე სამი წონა იჭიდავებს გოგოებიდანაც - 57, 63 და 70, დანარჩენები კი 18 სექტემბერს ჩაებმებიან ტურნირში.
აქვე შეგახსენებთ, რომ შარშან ანალოგიურ პირველობაზე ჩემპიონები ოთარ კაიდარაშვილი (55) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდნენ, გიორგი ნოზაძე (90) ფინალში დამარცხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"