რას შეეწირა შოთა ხაბარელი?

AutoSharing Option
ძიუდოისტ ვაჟთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შოთა ხაბარელის შესაძლო დაბრუნება, შემდგომ  კი მყისიერი უარი კვლავაც რჩება ქომაგთა ინტერესის საგნად.

შეგახსენებთ საქმის ვითარებას - 19 სექტემბერს ხაბარელის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მოყვანაზე თვით ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერთანაც გამართეს მოლაპარაკება და, ცხადია, წინააღმდეგი არც ის წასულა. საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო და კონსულტაციები მხოლოდ იმაზე მიმდინარეობდა, რა ფუნქციები დაკისრებოდა ნაკრებში ავსტრიელ პეტერ ზაიზენბახერს.

იმავე დღეს ხაბარელმა  მოლაპარაკებები და ნაკრების სათავეში დაბრუნებაც  ოფიციალურად დაადასტურა და სპორტულ მედიასთან სამომავლო გეგმებზეც ალაპარაკდა. 

მაგრამ 21 სექტემბერს
ვითარება რადიკალურად შეიცვალა - საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელის შეცვლის ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ზაიზენბახერი და ხაბარელიც დაკავებულ თანამდებობეს ინარჩუნებენ - პირველი მთავარი მწვრთნელისას, მეორე - ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის და არავითარი ცვლილება არ მოხდებოდა. ეს სიტყვები ხაბარელმაც გაამყარა, როცა განაცხადა, რაკი ფედერაციამ ასე გადაწყვიტა, ეტყობა, მიიჩნიეს, რომ მე აქედან უფრო მეტ სარგებელს მოვუტან ქართულ ძიუდოს და აქვე გავაგრძელებ მუშაობასო.

ამასობაში ძიუდოს შიდა სამზარეულოდან სხვა ვერსიაც გამოიკვეთა. როგორც აღმოჩნდა, საკუთარ გუნდზე ლაპარაკი ქართულ ძიუდოში ძლივს მინავლებული შუღლის ნაპერწკალს ხელახლა გააღვივებდა, მდგომარეობის არევას კი ხაბარელზე უარის თქმა ამჯობინეს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც.

ზემოთ თქმულს ისიც დაემატა,რომ ხაბარელის გუნდის ზოგიერთი წევრი საკმაოდ ასაკოვანია, რაზედაც მწვრთნელს ნაკრების თავკაცობის დროსაც საყვედურობდნენ და, ცხადია, მათი დაბრუნების პერსპექტივა არავის მოეწონა. ყველას ესმის, რომ ახალ ხელმძღვანელს ძირითადად თავისი გუნდი მოჰყავს, ვისთან ერთადაც გაუადვილდება მუშაობა. თავის დროზე ხაბარელსაც ამ მოტივით მისცეს გუნდის შერჩევის ნება.

შეუძლებელია, ხაბარელს არ სცოდნოდა ის საშიშროება, რაც თავის გუნდზე ლაპარაკს მოჰყვებოდა, მაგრამ, სავარაუდოდ, დღემდე მას ისედაც ტვირთად აწევს იმისი განცდა, რომ ეს ხალხი: ჯემალ ნათელაშვილი, ბიძინა მოხევიშვილი, ბორის ფირცხელიანი, გურამ რატიშვილი თავის დროზე უსამსახუროდ მისი ერთგულებისთვის დარჩნენ.

რევანშის თაობაზე ადრე ვთქვით, რომ ახალი თაობის მწვრთნელთა ჩანაცვლებაც არაფრით არ შეიძლება. კიდევ ვიტყვი: ახალგაზრდა მწვრთნელებს რაც შეიძლება, მეტი გასაქანი უნდა მივცეთ. როგორც სპორტსმენებს შორის საჭიროა კონკურენცია, ასევეა საჭიროა სამწვრთნელო კორპუსშიც.

მეტიც - ძიუდოში ასაკობრივი ნაკრებების ბოლოდროინდელი მიღწევები, რაც ეროვნული ნაკრების ქრონიკული წარუმატებლობის ფონზე ქომაგთათვის ერთადერთი ნუგეშია, ახალი თაობის მწვრთნელთა დამსახურებადაც მიგვაჩნია, რომლებმაც ახალი ხედვა, ახალი მეთოდიკა, ახალი სავარჯიშო სისტემა მოიტანეს და ძიუდოს ახლებური განვითარება დაიწყეს - გაიზარდა ფიზიკური კონდიციები, გამრავალფეროვნდა საჭიდოა არსენალი, შეიცვალა ტაქტიკური მიდგომები და ისეთი ელემენტებიც გაჩნდა, რაშიც ადრე სერიოზულად მოვიკოჭლებდით (მაგალითად, ჩოქბჯენი).

ამდენად, ახალგაზრდა მწვრთნელებს ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი, თუმცა ხაბარელის ზემოთ ხსენებული განცხადება სულაც არ შეიცავდა მინიშნებას მათ შევიწროებაზე. უბრალოდ, კონტექსტიდან გამომდინარე დაინახეს ეს საშიშროება. ფედერაციას ხაბარელი რომც დაებრუნებინა ძველ თანამდებობაზე, მაშინ რევანშის შესაძლებლობა საწინააღმდეგო ბანაკიდანაც გაჩნდებოდა, ანუ როგორც უნდა განვითარებულიყო მოვლენები, ყველაფერი მაინც ფედერაციამდე მივიდოდა - ის თუ პრინციპულობას გამოიჩენდა, ვერც ერთი მხარე ვერ მოახერხებდა დინების აღმა ცურვას.

არადა, მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი მარცხის შემდეგ მიგვაჩნია, რომ ხაბარელის დაბრუნება გონივრული ნაბიჯი და ქართული ძიუდოსთვის მაშველი რგოლის გადაგდება იქნებოდა.

ვიმეორებთ, პარიზში ნანახის შემდეგ გვეეჭვება, ზაიზენბახერმა ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწიოს, აი, ხაბარელს კი, დროის სიმცირის მიუხედავად, ვფიქრობთ, საამისოდ ბევრად მეტი რესურსი აქვს - მას ხომ გუნდის აწყობის დიდი გამოცდილება გააჩნია.

ალბათ, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, ხაბარელს საწვრთნელი პროცესისთვის მიეხედა, ზაიზენბახერს კი ფიზიკურ მომზადებასა და სტრუქტურულ ცვლილებებზე ეზრუნა. მსოფლიოს პირველობამ მისი სამწვრთნელო რენომე სერიოზულად შეარყია. 

" მუნჯის ენა დედამ იცის"-ო და სპორტსმენებთან ხაბარელი უფრო გამონახავს საერთო ენას, თორემ ავსტრიელს ევროპელთათვის დამახასიათებელი ცხვირის აბზუებით ბიჭებთან ურთიერთობის პრობლემაც შეექმნა - ასეთმა მენტალიტეტმა ვერც "მყვირალა ჰოლანდიელს" უშველა და არც ზაიზენბახერს დააყრის ხეირს.

მაგალითად, მწვრთნელის მაგიდიდან ჩანთების გადაყრა ან ხისტად იმის ლაპარაკი, ვარჯიში გეზარებათ და ავადმყოფობას იგონებთო, იოლი საქმეა, მაგრამ ნდობის კუთხით "ცივ კედელს" აგებს - მწვრთნელი, უპირველესად, პედაგოგი უნდა იყოს და არა ზედამხედველი. ამიტომაც გვერჩივნა ხაბარელი ნაკრების სათავეში, თუმცა არც მისი სამწვრთნელო შესაძლებლობები გვაეჭვებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ძიუდოსა თუ სპორტის მმართველთა ნაწილს კვლავაც სჯერა ზაიზენბახერის სამწვრთნელო შესაძლებლობებისა.

თავისი საქმისა მათ იციან, მაგრამ მოგვცემენ გარანტიას, რომ ოლიმპიადაზეც იმავე შედეგს არ მივიღებთ, რაც მსოფლიოზე ვიხილეთ? გასაგებია მათი პოზიციაც, როცა უცხოელი მწვრთნელი ქართულ ძიუდოში არსებული შიდა დაპირისპირებების აღსაკვეთად სჭირდებოდათ, მაგრამ თუ ფედერაცია თავის სიმაღლეზე დადგებოდა, პრობლემაც მოგვარდებოდა.

თან თუ ძიუდოდან გარიყული იმ ხალხის სპორტში დაბრუნება მოხერხდებოდა, ხაბარელიც განთავისუფლდებოდა მათ წინაშე ზემოთ ხსენებული ვალდებულებებისგან. თუ ზოგიერთის ასაკი და პენსიონერობა რუბიკონია, ბორია ფირცხელიანის მსგავსი მწვრთნელის არგამოყენება დანაშაულია. მთელ ამ ისტორიაში კვლავაც გაურკვეველი რჩება, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის დანიშვნასთან რა კავშირშია ვიზერი?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაპატიეთ და უკვე ვეღარ გავიგე ვისი ვისსაშია,ან მარიუს ვიზერს ვინღა ტ----ს,რა ხდება საერთოდ,ყველგან და ყველაფერში ვიღაც სხვა რატომ გვაიძულებს იმას,რაც თვითონ უნდა?!
gio73
23:09 29-09-2011
0
ხაბარელი კი არა,ქართული ძიუდო ეწირება ვიღაც-ვიღაცეების დამღუპველ ახირებებს.ეხლა რაგბში შესრიალდნენ გველებივით და ვშიშობ იქაც მოწამლავენ სიტუაციას.
gio73
23:14 29-09-2011
0

სიახლეები პოპულარული