ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) გახდა, მეორე ადგილზე ლერი ჭელიძე (55) და ლევან მატიაშვილი (+100)გავიდნენ, მიხეილ ჩოხელი - მესამეზე. გუნდურ ჩათვლაშიც მესამე ადგილი გვერგო.
თუმცა სტატისტიკაზე ბევრად მნიშვნელოვანი გუნდის ჭიდაობის ხარისხი გახდა - აშკარა პროგრესია ლამის ყველა კომპონენტში, განსაკუთრებით კი ჩვენთვის "აქილევსის ქუსლად" ქცეულ ფიზიკურ მომზადებაში.
ეს ყველაფერი გიორგი გუგავას ახლებური სავარჯიშო სისტემის დამსახურებაა, რაზეც ინტერვიუში თავად მოგითხრობთ.
კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებთ, თუმცა ინტერვიუდან მიხვდებით, ვისაც ვგულისხმობთ. გუგავას შემთხვევა კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რაოდენ მნიშვნელოვანია ახალი სისხლი, მწვრთნელთა ახალი თაობის მოსვლა დიდ სპორტში.
- ევროპის ჩემპიონატზე გუნდი ნამდვილად კარგად გამოვიდა, მაგრამ საინტერესოა, ვინ გაგიმართლათ იმედები და ვინ - ვერა, მთლიანად გუნდმა გაამართლა თუ არა პროგნოზები?
- გუნდს რაც შეეხება, წასვლამდე ვამბობდი, მედლების ერთი კომპლექტი გვექნება-მეთქი. ეს პროგრამა-მინიმუმი იყო, უფრო მეტს კი მჩატე წონების წარმომადგენლებისგან ველოდი, მაგრამ ბოლომდე ვერ გამიმართლეს.
ძალიან დამწყდა გული გიორგი მესაბლიშვილსა (55) და ვაჟა მარგველაშვილზე (60). 90-ში გიორგი მერმანიშვილისგანაც მედალს ველოდით.
66-ში გაჩემპიონებულ ლაშა შავდათუაშვილს თუ არ ჩავთვლით, ისე გამოვიდა, რომ ლიდერები, ვისგანაც ჯილდოს ველოდით, უმედლოდ დარჩნენ. შავდათუაშვილის გარდა, ძალიან მომეწონა მიხეილ ჩოხელი 73-ში და მძიმეწონიანი ლევან მატიაშვილი.
ის ყოველდღიურად იზრდება და კარგ მძიმეწონოსნად ყალიბდება. პირველ წრეში გიგანტ რუმინელ დანიელ მატეას მოუგო. მატიაშვილს კი ვაგულიანებდი და ვარიგებდი, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ იმაზე ვფქირობდი, რამე არ ატკინოს-მეთქი, თუმცა ლევანმა ვაზარ-იუკოთი და ორი გაფრთხილებით მოუგო.
ბრწყინვალე ხასიათი აქვს. არც განწყობა სჭირდება შეხვედრის წინ - ისე მშვენივრად ართმევს თავს ამ პრობლემას, ბევრად გამოცდილებსაც შეშურდებათ. არც მეტოქის ეშინია. ყოველ შეხვედრაში მაქსიმუმს დებს და რაც მთავარია, ტატამზე აზროვნებს.
ჩოხელმა იბრძოლა, ჟინიანი ხასიათი გამოავლინა, მაგრამ მისი ნახევარფინალში წაგება,უკრაინელ მომავალ ჩემპიონ რუფატ მაგომედოვთან, მსაჯების სინდისზეა. ჩოხელმა სასიამოვნოდ გამაოცა. აქამდე მედლის ახლოს თუ მიდიოდა, ახლა სამეულშიც შევიდა.
რაც მთავარია, კარგად იჭიდავა, ხარისხიანად. ლერი ჭელიძე ასაკითაც პატარაა და ბევრის მიღწევა შეუძლია. ფინალამდე მაგრად იჭიდავა, იქ კი, ეტყობა დაკმაყოფილდა ვერცხლით და სათანადოდ ვერ განეწყო. არადა, სომეხ მეტოქეს - გარიკ ჰარუთინიანს ჩეხეთის ტურნირზე ორი იუკოთი მოუგო. ჭელიძეს ახლაც ჰქონდა მასთან მოგების დიდი შანსი. მშრომელი კი არის, მაგრამ ჯერ კიდევ ბავშვია და საგანგებო ყურადღება სჭირდება.
ქუთაისელია, დედა არ ჰყავს და ოჯახს არც ეკონომიკურად ულხინს. დასანანი იყო ფრიდონ გიგანის წაგებაც მეოთხედფინალში რუს ვლადიმირ ზოლოევთან - ბოლო 6 წამში ორჯერ გააფრთხილეს და წააგო. პირველი გაფრთხილება კისრულზე ცრუჩახტომისთვის მიიღო, რაც ეკუთვნოდა კიდეც.
ამ დროს 3 წამი რჩებოდა და ვეძახოდი, ცალმხრივ დაუდექი-მეთქი, მაგრამ მობრუნდა და გამოიქცა. ამ ეპიზოდშიც ეკუთვნოდა გაფრთხილება. ეტყობა, იმდენად უნდოდა ნახევარფინალში გასვლა, ემოციისგან საერთოდ გაითიშა.
- ლაშა შავდათუაშვილმა მთელი ტურნირი ძალიან კარგად იჭიდავა.
- ეს ბიჭი სხვა საუბრის თემაა. ვფიქრობ, ამ გამოსვლით მან უფროსთა ნაკრებზეც გააკეთა განაცხადი. ისიც ძალიან მშრომელია, რომელსაც მიზანმიმართული, სპეციფიკური ვარჯიში და ყურადღება სჭირდება - ზომაზე მეტს ვარჯიშობს და სწორედ ამას უნდა დიდი დაკვირვება, არ გადაიღალოს. ამ ტურნირზე 6 შეხვედრა მოიგო. კარგად აზროვნებს და თავისი საქმე იცის - ტატამზე რომ შევა, ერთ ზედმეტს ნაბიჯს არ გადადგამს. იგრძნობოდა, რომ მეტოქეებზე ერთი თავით მაღლა იდგა.
- ჩეხეთის ტურნირის შემდეგ ამბობდით, რომ ფიზიკურად მეტოქეებს ჯობნიდნენო. ახლა როგორ გამოიყურებოდნენ?
- უკეთსად. მაგალითად, შავდათუაშვილი ხელახლა რომ შეგებრუნებინა ტატამზე, კიდევ იჭიდავებდა შეუსვენებლად. როგორც გითხარით, 6 შეხვედრა მოიგო. თან ყველაში ბოლომდე იბრძოლა, არც ერთი არ მოუგია ნაადრევად, მაგრამ ფიზიკურად მაინც მშვენივრად გაუძლო. ამ კომპონენტში ყველა კარგად იყო მომზადებული - იგივე მათიაშვილი, ჩოხელი, სხვებიც. კმაყოფილი ვარ.
- ქართული ძიუდოსთვის "აქილევსის ქუსლად" ქცეულ ამ კომპონენტში როგორ მიაღწიეთ პროგრესს?
- მიმაჩნია, რომ ფიზიკური მომზადებისთვის ორკვირიანი შეკრება არაა საკმარისი. ამიტომ ეს ციკლი შეკრებამდე თბილისში თვენახევრით ადრე დავიწყე . შედეგად, ბაკურიანში უკვე ისეთ კონდიციაში ჩავედით, დიდი დატვირთვები არც მქონია.
პირიქით - ბიჭები მის გაზრდასაც კი მეხვეწებოდნენ. ფიზმომზადების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია დასვენების, ძალების აღდგენის საშუალება - როცა ფიზმომზადების შეკრებას გაივლის, 5-6 დღე უნდა დაასვენო ორგანიზმი, რომ აითვისოს, შეირგოს ვარჯიშები. ოღონდ ეს აქტიური დასვენების ანუ ნაკლები დატვირთვის ვარჯიშებით უნდა მოხდეს. მოკლედ, მიზანმიმართულად ვემზადებოდით, რამაც შედეგი გამოიღო. მსოფლიოსთვისაც ასე გავაგრძელებთ.
- კონკრეტულად, როგორ?
- სპორტსმენი ფორმის პიკში შედის ერთხელ და ესენიც ამ მდგომარეობაში არიან. ყველაზე ძნელი სწორედ პიკის შენარჩუნებაა. ამათ ახლა დატვირთვები არ სჭირდებათ და მხოლოდ ლეიბზე ვავარჯიშებთ. ასე შევეცდები პიკის შენარჩუნებას - ლეიბს ფეხბურთი შეენაცვლება. დატვირთვებს და შტანგებზე ვარჯიშს მსოფლიოდან დაბრუნების შემდეგ დავიწყებთ, რათა სამომავლო ტურნირებს მომზადებულები შეხვდნენ.
- დაბოლოს, მსოფლიოზეც სრული გუნდით წახვალთ?
- არა, რამდენიმე წონაში თითო მონაწილე გვეყოლება. არ გამოვრიცხავთ, რამდენიმეში საერთოდ არ წავიყვანოთ მონაწილე, თუმცა მოსამზადებელი ციკლის დასრულებამდე შემადგენლობას არ გავამხელ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"