ბაქომ მეტოქეები გაგვირკვია

AutoSharing Option
დღეს ბაქოში ვაჟ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასი იწყება 25 ქვეყნის 128 ფალავანის მონაწილეობით. ესეც სალიცენზიო რანგის შეჯიბრებაა, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე მოსახვედრ ქულებს იძლევა - ჩემპიონს 100 ქულა დაერიცხება, მეორეზე გასულს - 60, მესამე პრიზიორს - 40, მეხუთეადგილოსანს - 20, მეშვიდეადგილოსანს - 16 და ა.შ.

ტურნირში დღეს სამი უმჩატესი წონის - 60, 66 და 73-ის ფალავნები იასპარეზებენ. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ბაქოში გადახალისებული შემადგენლობით ჭიდაობს: პაატა მერებაშვილი და უშანგი კუზანაშვილი (ორივე - 60), ლევან ჩუბინიძე
და გიორგი მკალავიშვილი (ორივე - 66), თენგიზ პაპოშვილი და ამბაკო ავალიანი (ორივე - 73), პაატა ღვინიაშვილი და შოთა ჯავახაძე (ორივე - 81), ლევან ჟორჟოლიანი (100), ადამ ოქრუაშვილი (+100). 90-ში მონაწილე არ გვყავს.

მერებაშვილი პირველ შეხვედრას მეორე წრეში გამართავს საუდელ არაბ აისა მაირაშისთან, ამათში მოგებული კი აზერბაიჯანელ რასიმ ასადულაევსა და ჩვენი ტურნირის წლევანდელ ლატვიელ მესამე პრიზიორ ანდრეის მაჯერსს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ძიუდოში დებიუტანტი, სამბოში კი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი კუზანაშვილი პირველივე წრეში ყაზახ არისტან შამენოვს ეჭიდავება, ამათ შორის მოგებულს კი მეორე წრეში უკვე ელოდება ამერიკელი ნიკოლას კოსორი.

66-ში პირველ წრეში მკალავიშვილიც ისვენებს, მეორეში კი მისი მეტოქე ასევე გარკვეულია - ბრიტანელი ნათან ბურნი. მეორე წრეშია ჩუბინიძეც, თუმცა მისი მეტოქე იტალიელი ფრანჩესკო ფარალდოსა და 60-დან ამონაცვლებულ მასპინძელთა მსოფლიოს პრიზიორის, დოპინგზე ორჯერ ჩავარდნილი ნიჯატ შიხალიზადეს ორთაბრძოლაში გაირკვევა.

73-ში პაპოშვილი რუსთა ახალბედა იგორ რუბინთან იჭიდავებს, ამათში მოგებული კი მეოთხედფინალის საგზურისთვის მოლდოველ ვიქტორ სკვორტოვს დაეჭიდება. ავალიანი მეორე წრეში ყაზახ მახატ ნაზიბაიევს შეხვდება და თუ მოუგებს, ისიც მეოთხედფინალში გავა.

81, 90, 100 და მძიმე წონების წარმომადგენლები ხვალ იასპარეზებენ. 81-ში ჯავახაძეს პირველ მეტოქედ მასპინძელი ტურალ შაფგულიევი ერგო, ღვინიაშვილს - ყაზახი ფარკად რუზუკულოვი. 100-ში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჟორჟოლიანი აზერბაიჯანელ რაფაელ შაჰვერდიევთან გამართავს საწყის ორთაბრძოლას.

ამ წყვილის გარდა, ჯგუფში კიდევ სამი ფალავანია და არც ერთი არაა გამორჩეულად ძლიერი - ახალზელანდიელი იასონ კოსტერი, ესტონელი გრიგორი მინასკინი და მაროკოელი სიდი მოჰამედ აოუიდატე. ამათგან ყველაზე ტიტულოვანი ესტონელია - ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი, ხოლო ახალგაზრდებში - ასევე ევროპული ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი, თუმცა ეს ტიტულები 90-ში მოიპოვა, 100-ში კი ახალბედაა.

ჟორჟოლიანი C ჯგუფშია და აქედან გაღწევა არ უნდა გაუჭირდეს, აი, ნახევარფინალში კი, ალბათ, ძლიერი მეტოქე ეყოლება - ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონები, აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი ან რუსთა ინგუში აშხაბ კოსტოევი, რომლებიც D ჯგუფში მოხვდნენ. ეს წონა ერთ-ერთი გამორჩეულია მონაწილეთა შემადგენლობით - ეგვიპტელი მსოფლიოს ოპრიზიორი რამადან დარვიშიც გამოდის.

დასასრულს, მძიმე წონა, სადაც ადამ ოქრუაშვილი ჯერ მასპინძელ ანდრეი ფატიევს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი რუსთა ოს სოსლან ბოსტანოვსაც დაეჭიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული