პაპინაშვილის ბრინჯაო არაბეთიდან

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები ნელ-ნელა გამოდის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებული შოკიდან - გუშინ ჩვენები არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბის "დიდ პრიზში" ჩაებნენ და ამირან პაპინაშვილმა 60 კილოგრამში ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

მოგეხსენებათ, ეს სალიცენზიო შეჯიბრებაა და პაპინაშვილმა ამ წარმატებისთვის 1 000-დოლარიან ჯილდოსთან ერთად 80 სარეიტინგო ქულაც მიიღო, თუმცა მას საგზური აქამდეც ლამის განაღდებული ჰქონდა. ამდენად, ამ შემთხვევაში ქულებზე უფრო მნიშვნელოვანი ჭიდაობის ის საკმაოდ მაღალი ხარისხი იყო, რაც ჩვენებურმა არაბულ ტატამზე აჩვენა - აქ ერთდროულად გამოჩნდა პროგრესი ფიზიკურ მომზადებაშიც და ახალ საჭიდაო
სტილშიც, რასაც ავსტრიელი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი შეგირდებისგან ითხოვს.

მაგალითად, საკმაოდ ძლიერ ბრაზილიელ ბრუნო ალვეშთან ჭიდაობა ძირითადად ჩავლებებზე ააგო, რითაც ბრაზილიური ძიუდოს კოზირები პირწმინდად გაანეიტრალა. ქართველის მარწუხებში მოქცეულ ალვეშს ვერც თავისი სისწრაფე წაადგა, ვერც - კარგი ფიზიკური მომზადება, ვერც - ჩოქბჯენში ჭიდაობის ხელოვნება (ჩვენებურმა არც მიიყვანა აქამდე) თუ სხვა კოზირები და პაპინაშვილმა გაფრთხილებებით მოუგო.

ალვეშამდე ქართველმა ყაზახ აშხატ ტელმანოვსაც იოლად აჯობა - ვაზარს მალევე იპონი მიაყოლა, სულ პირველ წრეში კი ვაზარ-იუკოთი ამერიკელი აარონ კუჰინირო დაჯაბნა. ჩვენებური შედარებით კარგი ფიზმომზადებით და ჩავლებებით ადრეც გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა ეს კომპონენტი ცოტა უფრო დახვეწილი მოგვეჩვენა. თან დაკვირვებითაც იჭიდავა, სწორი ტაქტიკური გათვლებით.

ნახევარფინალში მონღოლ ბოლბაატარ განბატთან წარმატებისთვის მხოლოდ ერთი რამ დააკლდა - უბრალოდ კი არ უნდა მოეგო, არამედ გამარჯვება ხელიდან გამოეგლიჯა მეტოქისა და მსაჯებისთვის. ასეა თუ ისე, პაპინაშვილმა საეჭვო შეხვედრა წააგო იუკოთი და მესამე ადგილს დასჯერდა. ახლა მას 828 ქულა გაუხდა და მსოფლიოს რეიტინგში მეშვიდეა, ოლიმპიურში კი კიდევ უფრო მყარად დამკვიდრდა მეხუთე ადგილზე, სადაც აქამდეც იმყოფებოდა.

სამწუხაროდ, გუშინ ვერაფრით გაგვახარა გიორგი შოშიაშვილმა (66) - პირველივე წრეში მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ მასააკი ფუკუოკასთან დამარცხდა.

აბუ დაბის ტურნირი ძალზე წარმომადგენლობითი გამოდგა იმის მიუხედავად, რომ ტიტულოვან ფალავანთაგან ბევრი არ ჭიდაობს. მთლიანად შეჯიბრებაში 61 ქვეყნის 372 ძიუდოისტი გამოდის, კონკრეტულად ვაჟებში - 57 გუნდის 231 ფალავანი. მასპინძლებმა ამჯერადაც ფრიად მოინდომეს და საპრიზო ფონდი სავალდებულოზე ბევრად მეტი გახადეს - 150 ათას დოლარს ანუ "დიდი მუზარადისთვის" განკუთვნილსაც გადააჭარბეს.

დღეს ტატამზე მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გვეყოლება, რადგან 81-ში ჩვენგან არავინ ჭიდაობს - ამირან ტატალაშვილი (73) ავსტრიელ პეტერ შარინგერს გაეჯიბრება, მათ შორის გამარჯვებულს კი მეორე წრეში გერმანელი კრისტოფერ ვიოლეკი ელოდება.

ხვალ აბუ დაბიში 90, 100 და +100 კილოგრამი წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ. ვალერი ლიპარტელიანი (90) მაროკოელ მოჰამედ ელ ასრის შეხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი მასპინძელ მუფტაჰ ალ ზააბის, იაპონელ რიოჰეი ანაისა და ლიტველ კაროლის ბაუზას შორის მოგებულს დაეჭიდება მეოთხედფინალის საგზურისთვის. მონაწილე არც 100-კილოგრამში გვყავს, მძიმეში კი ორი ჩვენებური გამოდის, რომლებსაც საკმაოდ მძიმე წილისყრა ერგოთ - ადამ ოქრუაშვილის ხვედრი ჰოლანდიელ ლუუკ ვერბიხი აღმოჩნდა, ზვიად ხანჯალიაშვილისა - ფრანგ მეთიუ ტორელი.

კვარცხლბეკი. ვაჟები.
60 კგ. 1. იერკებულან კოსაიევი (ყაზახეთი), 2. ბოლბაატარ განბატი (მონღოლეთი), 3. ამირან პაპინაშვილი (საქართველო), ტობიას ენგლმაიერი (გერმანია).
66 კგ. 1. მასააკი ფუკუოკა (იაპონია), 2. იუნ-ჰო ჩოი (კორეა), 3. სერგეი ლიმი (ყაზახეთი), მიარაგშაა სანჯაასურენი (მონღოლეთი).
ქალები.
48 კგ. 1. ემი იამაგიში (იაპონია), 2. შუგენ ვუ (ჩინეთი), 3. იუნ-იოენ ჩუნი (კორეა), ფრედერიკ ჟოსინეტი (საფრანგეთი).
52 კგ. 1. მაილინდა კელმენდი (კოსოვო), 2. ჰონგმეი ჰე (ჩინეთი), 3. ბუნდმაა მინკბაატარი (მონღოლეთი), იაანა სუნდბერგი (ფინეთი).
57 კგ. 1. ჯულია კინტავალე (იტალია), 2. ხუულ ფრანსენი (ჰოლანდია), 3. ტელმა მონტეირო (პორტუგალია), აუტომნე რავია (საფრანგეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული