ტურნირის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90) გახდა, ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) კი მესამეზე გავიდა. თუმცა ეს შეჯიბრება წარმატებულია არა მარტო სტატისტიკური მაჩვენებლებით, არამედ ჭიდაობის იმ ხარისხით, რაც ორივე მედალოსანზე ითქმის.
ხანჯალიაშვილს სიახლე იმდენად არ უჩვენებია, როგორც ლიპარტელიანს - გარკვეული ხარვეზები ფიზიკურად კვლავაც ეტყობოდა, განსაკუთრებით - ძალისმიერ მოჭიდავეებთან, მაგრამ გამძლეობითაც ბევრად უკეთ გამოიყურებოდა და ტექნიკური არსენალიც გაუმრავალფეროვნებია. ახლა მხოლოდ ამოსმულის იმედად არ იყო და მისი წარმატების მთავარ
ლიპარტელიანმა პირველ შეხვედრაში მაროკოელი მოჰამად ელ ასრი იოლად დააიპონა, სამი წუთიც არ დასჭირვებია საამისოდ, მეორეში ორი ვაზარით ასევე წმინდად მოუგო ახალგაზრდა იაპონელ რიოჰეი ანაის, მერე კი გაფრთხილებებით აჯობა უკრაინელ მსოფლიო პრიზიორს, ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელ რომან გონტიუკს.
ყველაზე მეტად სწორედ აქ გაუჭირდა, რადგან უკრაინელი ძალისმიერი ძიუდოს მიმდევარია და საკმაოდ მყარი ჩავლება აქვს, მაგრამ ლიპარტელიანმა დაკვირვებით იჭიდავა, მთელი შეხვედრა ფლობდა საგრძნობ უპირატესობას და მეტოქე მსაჯებმა ორივეჯერ დამსახურებულად გააფრთხილეს.
ამ შეხვედრაში იყო მომენტი, როცა არბიტრებმა შეხვედრის მიწურულს უკრაინელს იუკო მისცეს, რითაც ანგარიში გათანაბრდა და თითქოს დამატებითი დროც გარდუვალი ჩანდა, მაგრამ მერე ქულა გააუქმეს. მთლიანობაში ჩვენებური ტატამზე დამაჯერებლად დომინირებდა და მეტოქისთვის წარმატების შანსი არც მიუცია, თავიდან ბოლომდე გაანეიტრალა გონტიუკი.
ვფიქრობთ, ამ შეჯიბრებაზე ნახევარფინალი კორეელ დაე-ნამ სონგთან ლიპარტელიანისთვის ერთ-ერთი საუკეთესი იყო - ჩვენებურმა უზადო კისრულით მთელი 180-გრადუსით გადმოიღო მეტოქე და უბრწყინვალესი იპონი მიითვალა.
ფინალში ჩვენებურს საინტერესო მეტოქე შეხვდა - შვედი მარკუს ნიმანი, ვისთანაც შარშან ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო. ამჯერად სრულყოფილი რევანში შედგა. მეტოქე თავისი ფიზიკური უპირატესობის გამოყენებას აქტიურად კი ცდილობდა და ჩავლებების ხარჯზე ცდილობდა ფონს გასვლას, ჩანაფიქრს ერთხანს წარმატებითაც ახორციელებდა, მაგრამ ლიპარტელიანმა მაინც შეძლო დამაჯერებელად მოგება.
ამით მან სალიცენზიო რეიტინგშიც საგრძნობლად გაიმყარა პოზიციები, თუმცა მის საგზურს არც აქამდე ემუქრებოდა დიდი საფრთხე. ამ მოგებისთვის ლიპარტელიანმა 200 ქულა მიიღო. ახლა მის ანგარიშზე 846 ქულაა, რითაც მსოფლიოს რეიტინგში მე-11-ე, ოლიმპიურში კი ერთი ადგილით დაწინაურდა და მეშვიდე პოზიცია კუბელ ეშლი გონსალესს გაუცვალა.
მართალია, მას სულ მალე როტერდამის "დიდ პრიზზე" შარშან მოპოვებული 120 ქულა გაუნახევრდება ანუ საერთო მონაპოვარი 786 ქულა გაუხდება, მაგრამ გონსალესზე წინ მაინც იქნება.
ხანჯალიაშვილმა ყველა შეხვედრაში სცადა თავს ზევით მეტოქის გადაგდება, რაც უმეტეს შემთხვევაში დახვეწილად ნამდვილად არ გამოუდიოდა, მაგრამ ადრინდელთან შედარებით, ამჯერად უფრო ყურადღებით ჭიდაობდა და თუ წმინდა გდებებს ვერ აკეთებდა, შედარებით დაბალი რანგის ქულებს მაინც იღებდა, რამაც ნახევარფინალამდე მიიყვანა.
იქამდე ფრანგ მეთიუ ტორელს წმინდად, ლიტველ მარიუს პასკევიჩიუსს (ამასთან შარშან დიუსელდორფში წააგო) ვაზარ-იუკოთი, მეოთხედფინალში უზბეკ მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ პრიზიორ აბდულო ტანგრიევს კი იუკოთი აჯობა. ნახევარფინალში ჩვენებური კორეელ სუნ-მინ კიმთან დამარცხდა და ბრინჯაოს დასჯერდა. ამით მან 80 სარეიტინგო ქულაც შეიმატა და მსოფლიოს რეიტინგში 27-ე ადგილიდან ცოტა ზევით აინაცვლებს, ოლიმპიურში კი სამი ადგილით წაინაცვლა წინ და უკვე მე-16-ეა. ქულათა გარკვეული მარაგი მასაც ჩამოეჭრება, მაგრამ ეს რეიტინგში დიდად ვერ აზარალებს.
მძიმე წონაში პირველივე შეხვედრა წააგო ადამ ოქრუაშვილმა - მომავალ ფინალისტთან, ჰოლანდიელ ლუუკ ვერბიხთან დამარცხდა.
90-ში გამოვარჩევთ აზერბაიჯანელ ოლიმპიურ ჩემპიონ ელნურ მამადლის ბრინჯაოს. მან ოლიმპიური ოქრო და ორჯერ მსოფლიოს ვერცხლი 73 კილოგრამში მოიპოვა, მაგრამ პეკინის თამაშების შემდეგ 81-ში გადავიდა, თუმცა მზარდი წონის გამო მაშინვე გამოამჟღავნა 90-სკენ მისწრაფება.
მწვრთნელი აგიარ ახუნდზადე სკეპტიკურად შეხვდა შეგირდის ამ სურვილს, ეს შედეგს არ მოუტანს და აჯობებს, წონას მიხედოსო, მაგრამ მამადლი მაინც გამოვიდა 90-ში და წონის ძველ ლიდერს, მეხუთეზე გასულ მსოფლიოს პრიზიორსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონ ელხან მამადოვსაც გაუსწრო.
100 კილოგრამში კვარცხლბეკი ძირითადად ძველმა ლიდერებმა შეავსეს - ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს ორგზის ვერცხლის და ოლიმპიური ბრინჯაოს ჰოლანდიელმა მფლობელმა ჰენკ ხროლმა ფინალში ეგვიპტელ მსოფლიოს პრიზიორ რამადან დარვიშს მოუგო.
ბრინჯაოებიდან ერთი მონღოლმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნაიდან ტუვშინბაიარმა მოიპოვა, მეორე - უტიტულო, თუმც არა უცნობმა,გერმანელმა ბენჯამენ ბერლამ. შედარებით მოულოდნელი კვარცხლბეკი ვიხილეთ მძიმე წონაში, სადაც ფინალში კორეელი სუნგ-მინ კიმი და ვერბიხი გავიდნენ, გამარჯვება კი კორეელმა მოიპოვა.
კვარცხლბეკი
ვაჟები.
90 კგ. 1. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), 2. მარკუს ნიმანი (შვედეთი), 3. ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი), დაე-ნამ სონგი (კორეა).
100 კგ. 1. ჰენკ ხროლი (ჰოლანდია), 2. რამადან დარვიში (ეგვიპტე), 3. ნაიდან ტუვშინბაიარი (მონღოლეთი), ბენჯამენ ბერლა (გერმანია).
+100 კგ. 1. სუნგ-მინ კიმი (კორეა), 2. ლუუკ ვერბიხი (ჰოლანდია), 3. ზვიად ხანჯალიაშვილი (საქართველო), ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე).
ქალები.
78 კგ. 1. აბიგალ იოო (უნგრეთი) 2. მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია); 3. რუიკა სატო (იაპონია), გიეონგ-მი ჯეონგი (კორეა).
+78 კგ. 1. ელენა ივაშჩენკო (რუსეთი) 2. კეტი მატე; 3 ანე-სოფიე მონდიერე (ორივე - საფრანგეთი), ირინა კინდერსკა (უკრაინა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"