ტიუმენი უქართველებოდ და ქართველებით

AutoSharing Option
ამ უქმეებზე რუსეთის ტიუმენის ძიუდოს სასახლე ძიუდოისტთა მსოფლიოს აბსოლუტურ პირველობას უმასპინძლებს, თუმცა იქ ჩვენი ფალავნები არ გამოვლენ.

წაუსვლელობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ შეჯიბრება არაა სალიცენზიო სტატუსის და ოლიმპიურ რეიტინგში ქულებს არ იძლევა. ამდენად, წასვლა ფულის არცთუ გამართლებული ხარჯვაც იქნებოდა და არც იმ დონის მძიმეწონოსნები გვყავს, მთლად გამარჯვების თუ არა, თუნდაც მედლამდე მისვლის და მაღალი საპრიზო ფონდიდან გარკვეული წილის მიღების იმედი მაინც რომ გვქონდეს.

ამიტომ მონაწილეობა იმთავითვე არც იყო მოსალოდნელი, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ის გვგონია, რომ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე,
ჩვენები რუსეთის ტერიტორიაზე ასპარეზობას ერიდებიან. ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, ეს ტურნირი მაინც იმსახურებს ძიუდოს ქართველი ქომაგის ყურადღებას. მით უფრო, რომ იქ სხვა ქვეყნების სახელით მოჭიდავე ქართველები გამოდიან.

მსოფლიოს აბსოლუტური პირველობა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის და პირადად ახლანდელი პრეზიდენტის, რუმინელ მარიუს ვიზერის ნოვაციაა. ადრე ეს შეჯიბრი დანარჩენ შვიდ ოლიმპიურ წონით კატეგორიებთან ერთად იმართებოდა (აბსოლუტური არ შედის ოლიმპიადის პროგრამაში), ბოლო წლებში კი ცალკე ატარებენ (გამონაკლისი მხოლოდ შარშან დაუშვეს).

ეს ჯერ კიდევ მანამ დაიწყეს, ვიდრე მსოფლიოს პირველობებზე წონაში ერთი ქვეყნიდან ორი მონაწილის გამოყვანას დაუშვებდნენ, მიზანი კი იმ მძიმეწონიანებისთვის შანსის მიცემა იყო, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ხვდებოდნენ. თან ალღოიანმა და მენეჯმენტის კარგი უნარით დაჯილდოებულმა ვიზერმა ეს შეჯიბრი უფრო შოუდ ჩაიფიქრა, რამაც თავიდან იმდენად ვერა, მაგრამ დროთა განმავლობაში ნამდვილად გაამართლა - თანდათან დაიხვეწა, გაიზარდა საპრიზო ფონდი, გაჩნდა სარეკლამო-სატელევიზიო ინტერესი და სულ უფრო სოლიდურ ტურნირად ყალიბდება.მართალია, ცოტა შეუფერებელ ვადებში იმართება - მსოფლიოს პირველობის შემდეგ, როცა სპორტსმენებს ფორმის პიკი გადავლილი აქვთ და რელაქსაციის, ძალების აღდგენის პერიოდს გადიან სამომავლო სეზონისთვის.

დასაწყისში ამიტომ ვერ მოიხვეჭა დიდი პოპულარობა და მაშინ მასში მართლაც მეორე-მესამეხარისხოვანი ძიუდოისტები მონაწილეობდნენ. საპრიზო ფონდის გაზრდამ (წლევანდელი 158 000 დოლარია!) ინტერესიც გაზარდა. შედეგად, ტიუმენის შეჯიბრის ორგანიზატორები უკვე ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებს ითვლიან, მონაწილეთა სიძლიერე კი ნებისმიერი ასპარეზობის ავტორიტეტის განმსაზღვრელია.

თეა და ილიაც იქ იქნებიან
წინასწარი მონაცემებით, ტიუმენში 54 სპორტსმენი იჭიდავებს - 36 ვაჟი და 18 ქალი. მათ შორის ორი ქართველიც იქნება - რუსეთის სახელით მოასპარეზე ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსანი თეა დონღუზაშვილი და ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორგზის გამარჯვებული, ბერძენთა ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი, რომელსაც ტიტულების გარდა უნიკალური მიღწევითაც გადაუწყვეტია მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში შესვლა - გაეჯიბროს ფიზიკურად მასზე დიდწონიან გიგანტებს.

ტიუმენის ტატამზე იჭიდავებენ აგრეთვე ოლიმპიური ჩემპიონები, ბელარუსი იჰარ მაკარაუ, იაპონელი კეიჯი სუძუკი (მსოფლიოს ორგზის ჩემპიონიცაა), მონგოლი ნაიდან ტუვშინბაიარი, უზბეკი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი აბდულო ტანგრიევი, იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი დაიკი კამიკავა, ქალთა შორის - ჩინელი მსოფლიოს 6-გზის და ოლიმპიური ჩემპიონი ვენ ტონგი, იაპონელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მიკა სუგიმოტო და მისი თანაგუნდელი, მსოფლიოს ორგზის მედალოსანი მეგუმი ტაჩიმოტო, სლოვენიელი მსოფლიოს ვერცხლის და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი ლუსია პოლავდერი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის კუბელი პრიზიორი იდალის ორტისი, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის მედალოსანი ფრანგი ანე-სოფიე მონდიერე და კიდევ არაერთი სახელოვანი ათლეტი.

ძლიერი გუნდით იქნება წარმოდგენილი რუსეთიც - ვაჟთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ალექსანდრ მიხაილინი, ანდრეი ვოლკოვი, ასლან კამბიევი და ტიუმენელთა ჯილა, ადგილობრივი ფალავანი მიხაილ პროხინი იჭიდავებენ, ქალებში კი დონღუზაშვილის გარდა, ევროპის ორგზის ჩემპიონი ელენა ივაშენკო, ეკატერინა შერემეტიევა და ნატალია სოკოლოვა გამოვლენ. ამჯერად ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს დმიტრი სტერხოვი. ტიუმენის ტატამზე ვერც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, სადღეისოდ პლანეტის ერთ-ერთი უძლიერეს მოჭიდავეს, ფრანგ ტედი რინერს ანუ "ტედი-დათვს", როგორც მას ქომაგებმა სიყვარულით შეარქვეს, იხილავენ.

შარშან საერთაშორისო ფედერაციამ ერთადერთი გამონაკლისი დაუშვა და აბსოლუტური პირველობა ძველებურად სხვა წონებთან ერთად ტოკიოში ჩაატარა. მაშინ მძიმეში უკვე გაჩემპიონებული რინერი მასპინძელ კამიკავასთან მსაჯთა ძალზე საეჭვო გადაწყვეტილებით დამარცხდა და ისე განიცადა, ეს მთასავით კაცი და მისი მწვრთნელი გულამომჯდარნი ტიროდნენ.

რა ჩაიტანეს 20 ჩემოდნით იაპონელებმა?
ტიუმენში იაპონელთა მომცრო გუნდი ყველაზე ადრე ჩაფრინდა საკმაოდ გრძელი გზით და ადგილობრივ ჟურნალისტთა გაკვირვებაც გამოიწვია - მათ ბარგში თურმე 20 ჩემოდანი შედიოდა, რომელშიც ინვენტარი, საკვები თუ ჩვენი რუსი კოლეგებისთვის გამოუცნობი სხვა იაპონური საიდუმლო რამე-რუმეები შედიოდა.

ერთადერთი, რისთვისაც ისინი მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ, ეს ციმბირული გვიანი შემოდგომაა - ტიუმენში ჯერჯერობით თოვლი არაა, მაგრამ თოვლჭყაპია და საკმაოდ ცივა. სუძუკიმ აღნიშნა კიდეც, ძალიან ცივა და დაახლოებით ისეთი ამინდია, როგორიც იაპონიის ჩრდილოეთის კუნძულ ჰოკაიდოზეო. "შეუძლებელია, ვინმეს მოსწონდეს ასეთი ამინდი. ყოველ შემთხვევაში, მე არ მიყვარს.

შეჯიბრებამდე მთელი სამი დღეა და ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ გავცივდეთ, ავადმყოფობა დაანგრევს მთელ ჩვენს გეგმებს. იაპონიაში ტყუილად არ მივაჩნივართ ფავორიტებად - დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ აქ მოსაგებად ჩამოვედით" - განაცხადა სუძუკიმ. "მე არასოდეს გავმხდარვარ მსოფლიოს ჩემპიონი და მინდა, ეს წოდება ახლა მოვიპოვო" - თანაგუნდელს მხარი აუბა მეგუმი ტაჩიმოტომაც.
დასასრულს, შეგახსენებთ, რომ მედალოსნები საკმაოდ დიდ პრემიებს მიიღებენ - გამარჯვებული 25 ათასი დოლარით დაჯილდოვდება, ვერცხლის მედალოსანი - 15 ათასით, ბრინჯაოს მედალოსნები კი 10-10 ათასს მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული