ძიუდოს იუბილე და საკადრო ცვლილებები

AutoSharing Option
გუშინ ძიუდოს დამაარსებელ ძიგორო კანოს დაბადების დღე იყო, რასაც მთელი მსოფლიოს ძიუდოს სამყარო აღნიშნავს - 28 ოქტომბერი ძიუდოს საერთაშორისო დღედაა გამოცხადებული და ის საგანმანათლებლო აქციებით აღინიშნება ყველგან, სადაც კი სპორტის ეს სახეობაა განვითარებული.

ღონისძიებას საქართველოს ძიუდოს ფედერაციაც შეუერთდა, რომელმაც გუშინ საჩვენებელი გაკვეთილი თბილისის I ექსპერიმენტულ სკოლაში ჩაატარა. ამავე მიზანს მოემსახურება დღეს და ხვალ გორში გასამართი კობა კურტანიძის ხსოვნის ტურნირიც.

I ექსპერიმენტულ სკოლას ფედერაციის ხელმძღვანელთა გარდა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავა ესწრებოდა, ფედერაციას კი პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე,
გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძე, ვიცე-პრეზიდენტები, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური მედლის მფლობელი სოსო ლიპარტელიანი, აღმასრულებელი მდივანი ანზორ მატყოფლიშვილი, აგრეთვე მწვრთნელები, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორები გიორგი ვაზაგაშვილი და გია თენაძე წარმოადგენდნენ.

ეს სკოლა შეირჩა, როგორც სპორტის მხრივ ერთ-ერთი სამაგალითო, სადაც რამდენიმე სახეობაა განვითარებული, უახლოეს მომავალში კი მათ ძიუდოც შეემატება. საჩვენებელ გაკვეთილს ძირითადად სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები ესწრებოდნენ, ღია ვარჯიშები კი ძიუდოს სექციებიდან საგანგებოდ მიყვანილმა ბავშვებმა წარმოადგინეს. მოსწავლეებს თეორიული კურსი თავად ძიგორო კანოს პიროვნების, ძიუდოს წარმოშობა-განვითარების, მისი არსის შესახებ ნუცუბიძემ წაუკითხა. როგორ წარმოიშვა იაპონელებში თავდაცვის მასობრივი, ყველასათვის, უპირველესად კი ღარიბი ფენებისთვის ხელმისაწვდომი ორთაბრძოლის სახეობის ჩამოყალიბების იდეა; როგორ მისცა საამისოდ კანოს ბიძგი თოვლისგან დრეკადობის პრინციპით გათავისუფლებულმა ალუბლის ტოტმა და როგორ ააგო მის მოძრაობაზე ძიუდოს ილეთები კანომ - შედარებით სუსტმა როგორ უნდა დაიცვას თავი უფრო ძლიერისგან, როგორ უნდა გაანეიტრალოს მისი ფიზიკური უპირატესობა და აჯობოს მოხერხებით - ამ თემებზე ნუცუბიძემ იმდენად ამომწურავად და საინტერესოდ ისაუბრა, ბავშვები კი არა, უფროსებიც სიამოვნებით უსმენდნენ.

ნუცუბიძემ პატარებს ისიც განუმარტა, როგორ ითვალისწინებს ძიუდოს პრინციპი ტრავმების თავიდან აცილებას იმის მიუხედავად, რომ ბევრი ილეთი ვარდნის სახიფათო ამპლიტუდას შეიცავს, მერე კი მოზარდებს ძიუდოს სამოსი - კიმონო გააცნო თავისი შემადგენელი ნაწილებით. თუმცა მოსწავლეთა ყველაზე დიდი ინტერესი მაინც პრაქტიკულად შესრულებულმა ვარჯიშებმა გამოიწვია - თითოეულ გდებას მათი აღტაცებული შეძახილები მოსდევდა. შეხვედრის ბოლოს ბავშვები ძიუდოს სექციებში სავარჯიშოდაც მიიწვიეს და გურამ რატიშვილის მიერ სპორტის ამ სახეობის შესახებ გამოცემული წიგნებიც დაურიგეს საჩუქრად.

ცვლილებები სამწვრთნელო შტაბში
გუშინვე, სკოლაში იმავე შეხვედრაზე მედიისთვის ფრიად მნიშვნელოვანი ამბავიც გაცხადდა - სამწვრთნელო შტაბში მოსახდენი ცვლილებები. კერძოდ, ჭაბუკთა ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი ეროვნულ ნაკრებში ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს შეცვლის და ამიერიდან მის ნაცვლად ის დაეხმარება პეტერ ზაიზენბახერს გუნდის გაწვრთნაში, ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელობას კი ქალთა ძიუდოს მესაჭე გია თენაძე შეითავსებს.

ეს გადაწყვეტილება ძიუდოს ფედერაციას ჯერ ოფიციალურად არ გაუხმაურებია - ამის გაკეთებას საგანგებოდ გასამართ პრესკონფერენციაზე აპირებს, თუმცა ამ გადაადგილებებს კულუარებში ყველა უკვე გადაწყვეტილად მიიჩნევს და ნუცუბიძემაც ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე სკოლაში თენაძე და ვაზაგაშვილი ახალი სტატუსით წარუდგინა საზოგადოებას. ქართულ ძიუდოში მოვლენები იმდენად დინამიურად ვითარდება, არ გამოვრიცხავთ, რაღაცები კიდევ შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე რეალობა ასეთია.

როგორც ამბობენ, ამ გადაადგილებათა მიზეზი ზვიადაურის ფაქტორი გახდა - მან რომ ვარჯიშები განაახლა, უკვე ვწერდით. მართალია, აბუ დაბიში წასვლის წინ თავად განმარტა, რომ მხოლოდ ჯანმრთელობის გასაკაჟებლად ვარჯიშობს, მაგრამ კულუარებში მანამდეც აქტიურად საუბრობდნენ, ლონდონის ოლიმპიადაზე მოსახვედრად რომ აპირებს ბრძოლას, და დღესაც იმავეს იმეორებენ. განვმარტავთ - ჯერჯერობით ლაპარაკია მხოლოდ მის სურვილზე მოიპოვოს ლიცენზია, ხოლო რამდენად ხელეწიფება ეს, ამას დრო გამოაჩენს. სავარაუდოდ, ზვიადაურის დაბრუნების შესახებ ოფიციალურად მხოლოდ მას შემდეგ გაცხადება, თუ თავად სპორტსმენი დარწმუნდება, რომ ძველ კონდიციებს აღიდგენს და საგზურისთვის ბრძოლა რეალურად შეეძლება.

ცხადია, ეს რთული საქმე იქნება, რადგან დრო მის წინააღმდეგ მუშაობს - ძალიან ბევრიც გაუცდა და დღემდე არც სარეიტინგო ქულები გააჩნია, მაგრამ თეორიულად ეს არაა მოუგვარებელი პრობლემა. ამიტომ გადაწყვიტეს, შანსი პრაქტიკულადაც მისცენ სავარჯიშოდ. სამწვრთნელო შტაბში მის გამოთავისუფლებულ ადგილზეც ვაკანსია ამის შემდეგ გაჩნდა, თუმცა ზვიადაურის, როგორც მწვრთნელის მიმართ გარკვეული უკმაყოფილება სპორტის მმართველ წრეებშიც გაჩნდა - მას როგორც სპორტსმენობისას, უჭირდა რეჟიმის დაცვა, ასევე იყო მწვრთნელობაშიცო. ზვიადაური როცა სამწვრთნელო სკამზე ჯდებოდა, მთელი არსებით ერთვებოდა ძიუდოში და უდავოდ სასარგებლო რჩევებით ეხმარებოდა ძიუდოისტებს. ამაზე პრეტენზია არავის აქვს, მაგრამ მიუღებელ ფაქტორთა შორის დაასახელეს არასპორტული რეჟიმი - ღამით გვიანობამდე ინტერნეტში ჩეთაობა და ამგვარები, რასაც ზაიზენბახერი შეგირდებს სავსებით სამართლიანად კატეგორიულად უკრძალავს.

ვერ გეტყვით, ფედერაციამ ვაზაგაშვილის კანდიდატურა რა კრიტერიუმით შეარჩია, მაგრამ ვფიქრობთ, აჯობებდა, ისევ ჭაბუკთა ნაკრებში დაეტოვებინათ და ზაიზენბახერის შემცვლელად სხვა მოეყვანათ. შესაძლოა, ვაზაგაშვილს ქართული ჭიდაობის და ჩოქბჯენში ასპარეზობის მიმართულებების გაძლიერება დაევალოს, რითაც სპორტსმენობაშიც გამოირჩეოდა და - მწვრთნელობაშიც. თუმცა ესეც რომ იყოს მიზეზი, მაინც გვერჩივნა, ისევ ჭაბუკებში დაეტოვებინათ - იმავე კომპონენტების ცოდნა ბავშვებსაც ხომ ჰაერივით სჭირდებათ და თან იქ უფრო ადვილია ამ ყველაფრის შესწავლა. საფუძველიც უფრო მყარი ექნებოდათ - პატარაობიდანვე ჩაყრილი. ამასთან, ვაზაგაშვილის მთელი სამწვრთნელო კარიერა - საქართველოშიც და უცხოეთშიც სწორედ მოზარდებთან მუშაობაში გაუტარებია, უფროსებში კი უფრო გამოუცდელია.

თუმცა ჭაბუკებში მისი დატოვების მთავარ მიზეზად მაინც ის მიგვაჩნია, რომ იქ კარგად ააწყო საქმე და შედეგის გარდა, ახლებური სტილის ჭიდაობა დანერგა - სწორედ ქართულ-ჩოქბჯენური ანუ ის, რაც ქართული ძიუდოს "აქილევსის ქუსლია". თან არსებობს ერთი მარტივი ჭეშმარიტება - როცა მწვრთნელი საქმეს თავს კარგად გაართმევს და სისტემას ააწყობს, მუშაობაც უნდა ვაცალოთ, თორემ ასეთი ხშირი ცვლილებები არაა გამართლებული. სწორედ ამიტომ გვერჩივნა მისი დატოვება ჭაბუკებში, თორემ არც იმის წინააღმდეგნი ვართ, უფროსებში თუ მიაღწევს წარმატებას და არც იმას ვამბობთ, რომ თითქოს ახალ პოსტზე საქმეს თავს ვერ გაართმევენ ან ის, ან - თენაძე.

ოღონდ თენაძესაც რომ ტვირთი გაუათმაგეს, ესეც ფაქტია - მას ქალთა სამივე ასაკობრივი ნაკრები აბარია, ახლა კი ბიჭებიც დაუმატეს. იქნებ ვინმემ თქვას, ქალებში განა რა ისეთი დონეა, ამდენი საქმე რომ ჰქონდესო, მაგრამ შედეგები რომ არ გვაქვს და ქალთა ძიუდო რომ უფსკრულიდანაა ამოსათრევი, ზუსტად ამიტომაა იქ ზღვა სამუშაო ჩასატარებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაზაგაშვილიიი სწორედ როომ დიდების ნაკრებშია საჭიროო,აბა რად გვინდააა მხოლოდ ჭაბუკებში წარმატებაააა,თუუ დიდებში ისევ ზაიზერბახერისნაირიიი მწვრთნელებიიიი თუნდაც ვაზაგაშვილის შრომას წყალში ჩაყრიაან??! აცალეთ კაცს,იქნეებ ისეთივე წარმატებებს მიაწიოს და მიწასთანგასწორებული გუნდი ფეხზე დააყენოოს?! გიორგი მწვრთნელადაა დაბადებულიიი,რომ ნახოთ გიორგი ტატამზეე დააა მისი დამოკიდებულება შეგირდების მიმართ,დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში!
Qomagi
23:52 30-10-2011
0

სიახლეები პოპულარული