ძიუდოს ჩინური ეპოქა

AutoSharing Option
ვენ ტონგი - ახალი ლეგენდა
მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი ტიუმენში ცოტა მოულოდნელი შედეგით დასრულდა - ქალებში ჩინელმა ვენ ტონგმა გაიმარჯვა, ვაჟებში - უზბეკმა აბდულო ტანგრიევმა. მოულოდნელია უზბეკის წარმატება, თორემ ქალებში, სადაც კი ჩინელი გიგანტი გამოდის, სხვები მოგებაზე არც ოცნებობენ.

შეჯიბრი იმდენად ძლიერი არ გამოდგა, როგორც ვარაუდობდნენ - წინასწარი თანხმობისა და დიდი საპრიზო ფონდის მიუხედავად (მედალოსნები, შესაბამისად, 25, 15 და 10-10 ათას დოლარს იღებდნენ), რამდენიმე ტიტულოვანმა ფალავანმა ჩასვლა მაინც იუარა. ვაჟთა ტურნირში 27 სპორტსმენი გამოდიოდა, ქალებში - 13. სამაგიეროდ, მსოფლიოს ძიუდოსთვის მთავარი
ამბებიც ქალებში მოხდა, ხოლო მასპინძლებმა იაპონურ-რუსული ხალხური კულტურის სინთეზით გახსნის ისეთი ცერემონიალი მოაწყვეს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა განაცხადა, ასეთი სანახაობა არც ერთ ასპარეზობაზე არ მინახავსო.

ვაჟთა ტურნირში მოულოდნელია არა მხოლოდ ტანგრიევის გამარჯვება, არამედ ფინალური წყვილიც - ტანგრიევმა უნგრელი ბარნა ბორი დაამარცხა, მასპინძელთა სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი ალექსანდრ მიხაილინი, იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი, მანამდე ჩინებულად მოასპარეზე მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული კეიჯი სუძუკი და სხვები კი სანუგეშო წრეში აღმოჩნდნენ.

უზბეკი აქამდე სამჯერ გახდა მსოფლიოს მესამე პრიზიორი, პეკინის ოლიმპიადაზე ფინალშიც გავიდა და მონღოლ ნაიდან ტუვშინბაიართან დამარცხდა, ხოლო ტიუმენში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

რაც უნდა ვაკრიტიკოთ ეს შეჯიბრი, რომელიც შემადგენლობითა და სიძლიერით მართლაც ჩამორჩება ჩვეულებრივს, ტანგრიევის კარიერაში ეს ყველაზე სოლიდური ტიტულია. მან უკრაინელი კირილ ბილეცკი, ფრანგი მეთიუ ტორელი, ნახევარფინალში კორეელი მსოფლიოს წლევანდელი მესამე პრიზიორი სუნ-მინ კიმი,¸ხოლო ფინალში უნგრელი დააიპონა, იაპონელ ჰიროკი ტაჩიამას კი გაფრთხილებებით აჯობა.

ალბათ, ტურნირის ყველაზე დიდი სენსაცია ბორმა შემოგვათავაზა, როცა ნახევარფინალში სუძუკის იპონით მოუგო, თუმცა მანამდეც ძლიერი მეტოქეები დაამარცხა - იაპონელი მსოფლიო ჩემპიონი დაიკი კამიკავა და მიხაილინი. ქვეჯგუფში სუძუკიმაც ისე იჭიდავა, ოქროს გარეშე მის დარჩენას ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე - სომეხ ჰაკობ არაქელიანს 16 წამში მოუგო, რუს ასლან კამბიევსაც ვადამდე აჯობა ვაზარ-იუკოთი და - ბელარუს ოლიმპიურ ჩემპიონ იჰარ მაკარაუსაც. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში თანაგუნდელ ტაჩიამას სძლია. მასპინძელთა გასახარად, მეორე ბრინჯაოს მიხაილინი დაეუფლა.

ბერძენ და რუს ქართველთა წარუმატებლობა
შეჯიბრში წარუმატებლად გამოვიდა ბერძენთა ქართველი მსოფლიოს და ევროპის ორ-ორგზის, ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი - პირველ შეხვედრაში ბრაზილიელ დანიელ ჰერნანდესთან ბოლომდე დომინირებდა და გაფრთხილებებიც მიაღებინა, მაგრამ ბოლოს თვითონაც დაეცა და დამატებითში საბოლოოდ წააგო.

მისგან განსხვავებით, წარმატებით გამოვიდა ტურნირის მონაწილე მეორე ქართველი, რუსეთის სახელით მოასპარეზე თეა დონღუზაშვილი - ვერცხლი მოიპოვა. ის ევროპის ჩემპიონია, უფრო მაღალი რანგის შეჯიბრზე კი პირველად გავიდა ფინალში - აქამდე ერთხელ ოლიმპიური, ორჯერ კი მსოფლიოს ბრინჯაო მოიპოვა. ცხადია, მშობლიურ კედლებში ძალიან სურდა ყველაზე დიდი ტიტულის მოპოვება, რაც რუსეთისთვისაც ისტორიული იქნებოდა - ქალებში მსოფლიოს ჩემპიონი დღემდე არ ჰყავთ, მაგრამ ტონგი დღესდღეობით დაუმარცხებელია.

"მე მქონდა ჩინელთან შეხვედრის გამოცდილება და ვიცოდი, რამდენად საშიში მეტოქეა ის. როგორც ყოველთვის, ფინალის წინ ახლაც შევიმუშავეთ განსაკუთრებული გეგმა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი რეალიზება ვერ შევძელით. ძალიან მსურდა, რუსული ძიუდოს ისტორიაში ამ წონაში პირველად გავმხდარიყავი მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ არ გამოვიდა" - განაცხადა დონღუზაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ის ტონგთან წლეულს პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატზეც დამარცხდა.

საერთოდ, ჩინელებთან უარყოფითი ბალანსი აქვს, ახლანდელი მაჩვენებელით კი კმაყოფილიც უნდა იყოს, რადგან ნახევარფინალში იაპონელ მსოფლიოს ორგზის მედალოსანს, მსოფლიოს რეიტინგის ლიდერ მეგუმი ტაჩიმოტოს ბოლო წამზე მოუგო. აქ ბრინჯაოს მედალი იაპონელებმა მოიპოვეს - მსოფლიოს ორგზის გამარჯვებულმა მიკა სუგიმოტომ და ახალგაზრდა ნანამი ჰაშიგუჩიმ, რომელიც ფრიად კმაყოფილია ამით. ამჯერად უმედლოდ დარჩა ტაჩიმოტო, მაგრამ მიიღო ყველაზე ლამაზი იპონისთვის დაწესებული პრიზი.

ტომურა-ტანი თუ ვენ ტონგი?
თუმცა მსოფლიოს ძიუდოსთვის მთავარი არა ეს ამბები, არამედ ტონგის ფანტასტიკური მიღწევაა - ჩინელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეშვიდედ მოიგო მსოფლიოს ოქრო, რითაც მოქმედ ძიუდოისტებთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

ბოლო წლებში ძიუდოში ასე გამორჩეული იაპონელი რიოკო ტომურა-ტანი (48) იყო, რომელმაც ასევე 7-ჯერ გაიმარჯვა მსოფლიოს პირველობებზე, მაგრამ ტონგისგან განსხვავებით, ორჯერ მოიგო ოლიმპიადა (აქვე შეგახსენებთ, რომ მან ოლიმპიადებზე ორჯერ ვერცხლი და ერთხელ ბრინჯაო მოიპოვა, მსოფლიოს პირველობებზე კი ერთხელ მესამეზე გავიდა), ოღონდ პეკინის ოლიმპიადის შემდეგ ის სპორტიდან წავიდა. ჩინელი მთა-ქალი ამჟამად ისეთ ფორმაშია, ასეთი შემართება თუ შეინარჩუნა, მაქსიმუმ, ორ წელიწადში გააუმჯობესებს იაპონელის მიღწევას და ძიუდოს ისტორიაში კიდევ უფრო თვალშეუდგამ სიმაღლეზე ავა.

ტონგი იმდენად იოლად იგებს ყველა შეჯიბრს, მისი შემჩერებელი ასაკის მეტი არავინ და არაფერი ჩანს. უჩვეულო ფიზიკური ძალის პატრონმა პარიზში, მსოფლიოს პირველობაზე მეტოქეებს ლამის ხელები დაამტვრია - თითქმის ყველას მტკივნეული გაუჭიმა და ტიუმენშიც სამივე შეხვედრა იპონით მოიგო.

თუმცა მისი უპირატესობა მხოლოდ მხოლოდ ფიზიკური ძალა არაა - საკმაოდ ტექნიკურადაც ჭიდაობს. შთამბეჭდავია მისი სტატისტიკაც - 2000 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, უმაღლესი რანგის 20 ტურნირი მოიგო (!) და მხოლოდ 6-ჯერ დარჩა ოქროს გარეშე (თუმცა არა უმედლოდ); ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არ წაუგია არც ერთი შეჯიბრი, სადაც კი უასპარეზია! ამის მიუხედავად, საერთაშორისო რეიტინგს მაინც ტაჩიმოტო ლიდერობს და არა - ის, რისი მიზეზიც 2009 წელს მიღებული დისკვალიფიკაციაა.

მაშინ მას სტიმულატორის მიღებას ედავებოდნენ, რაზეც ცოტა არაორდინალური მიზეზით იმართლებდა თავს - აკრძალული პრეპარატი არ მიმიღია, მაგ ნივთიერებას კი ალბათ, გოჭის ხორცი შეიცავს, რომელიც იმ ტურნირის წინ მივირთვიო. ვერ გეტყვით, მართლა შეიცავს თუ არა სტიმულატორს გოჭის ხორცი, მაგრამ ტონგმა რეაბილიტაციას და ორწლიანი დისკვალიფიკაციის გაუქმებას მიაღწია, თუმცა ერთი სეზონი მაინც დაეკარგა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერს ძიუდოს სამყაროს დიდი ნაწილი (მათ შორის, მისივე თანაწონოსანი ქალებიც) ხელოვნურად აგორებულ სკანდალად მიიჩნევდნენ და ამას იაპონელებს აბრალებდნენ, მთავარი კონკურენტის ჩამოშორება სურთო.

კოპლიმენტები პუტინს და ვიზერს
ცხადია, ტიუმენში ტონგის გამარჯვებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. შეჯიბრის დასრულებისთანავე ის თავის მრავალი წლის მწვრთნელთან ერთად პატივით მიიწვიეს ვიპ-ლოჟაში, სადაც საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობის გარდა, რუსეთის მმართველი ელიტაც იჯდა.

მისი და ვიზერის შეხვედრა გულთბილიც კი აღმოჩნდა და არც ერთობლივი ფოტოსესია დაინანეს, რაც ზემოთხსენებული დოპინგსკანდალის ფონზე ყველას გაუკვირდა, ტონგმა კი მედიას განუცხადა, რომ მზადაა, დაივიწყოს ეს გაჭიანურებული კონფლიქტი. პრესკონფერენციაზე ახალმა ლეგენდამ თავის ცხოვრებისეულ იდეალად რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი დაასახელა, მერე ვიზერსაც უძღვნა კომპლიმენტები და საკუთარ თავზე ისაუბრა: "მას შემდეგ, რაც 2007 წელს ვიზერი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას ჩაუდგა სათავეში, ეს სახეობა ძალიან განვითარდა - ჩვენ მივიღეთ ბევრი ტურნირი, წარმატების ბევრი შესაძლებლობა.

მე მომწონს ძიუდო, მიყვარს მისი ატმოსფერო, მეგობრები, რომლებიც მომცა სპორტის ამ სახეობამ. მე მომწონს შეჯიბრი და გამარჯვებები. ცხოვრების მიზნად ოლიმპიურ დევიზს მივიჩნევ - "მაღლა, სწრაფად, ძლიერად"... რაშია ჩემი წარმატების საიდუმლო? არავითარი საიდუმლო არ გამაჩნია, როგორც ყველა სპორტსმენისთვის, ჩემთვისაც მთავარია ხასიათი, ფიზიკური მომზადება და აზროვნება ასპარეზობისას".

კვარცხლბეკი. ვაჟები.
1. აბდულო ტანგრიევი (უზბეკეთი), 2. ბარნა ბორი (უნგრეთი), 3. ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი), კეიჯი სუძუკი (იაპონია).
ქალები.
1. ვენ ტონგი (ჩინეთი), 2. თეა დონღუზაშვილი (რუსეთი), 3. მიკა სუგიმოტო, ნანამი ჰაშიგუჩი )ორივე - იაპონია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული