ბორის ფირცხელიანი ნაკრებს დაუბრუნეს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მორიგი საკადრო ცვლილებებია - ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ბორის ფირცხელიანიც იმუშავებს, რომელმაც პირველი ვარჯიში ორიოდე დღის წინ ჩაატარა.

ფირცხელიანი ძიუდოს შოთა ხაბარელის თანაგუნდელობის გამო ჩამოაშორეს - 2009 წელს, მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გაათავისუფლეს იმის მიუხედავად, რომ 6 წლის განმავლობაში ევროპისა და მსოფლიოს პირველობებიდან ოქროს მედლის გარეშე არ დაბრუნებულა. მალევე რიგითი მწვრთნელის ხელფასიც მოუხსნეს და ლამის ორი წელიწადი უფუნქციოდ იყო.

მხოლოდ დარბაზში მიდიოდა და თავის შეგირდებს, ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონს, ახალგაზრდებში მსოფლიოს
პრიზიორ ზებედა რეხვიაშვილსა (73) თუ სხვებს რჩევა-დარიგებებით ეხმარებოდა. გარდა იმისა, რომ მას ახალგაზრდულში კარგი შედეგები ჰქონდა, ის ნამდვილი მოძღვარი და მისაბაძი მაგალითი იყო მოზარდებისთვის - გამუდმებით უკან დასდევდა მათ, ვარჯიშების შემდეგაც აკონტროლებდა, სად იყვნენ, რას აკეთებდნენ, ვისთან მეგობრობდნენ.

ყველანაირად ცდილობდა, ისინი მოეწყვიტა ქუჩისთვის და არა მხოლოდ კარგ სპორტსმენებად, უპირველესად, კარგ მოქალაქეებად აღეზარდა. შეკრება მისთვის ათმაგი თავსატეხი იყო, რადგან იქ სპორტსმენები უშუალოდ მას ჰყავდა ჩაბარებული, ის იყო პასუხისმგებელი მათ ყოველ ნაბიჯზე და ლამის არ ეძინა, ღამეც კი აკონტროლებდა მათ.

ფირცხელიანი ღრმად მორწმუნე კაცია, ოღონდ - ცხოვრების წესით და არა მხოლოდ რიტუალების დაცვით. შეგირდებსაც იმავე ღირებულებებით ცხოვრებისკენ მოუწოდებდა ანუ გარდატეხის, ჯერ კიდევ სულიერი ფორმირების ასაკში მყოფი ახალგაზრდებისთვის კარგი მაგალითი იყო. ამიტომ მიგვაჩნდა დანაშაულად ძიუდოდან მისი გარიყვა, რაც, საბედნიეროდ, ძიუდოს ფედერაციამ გამოასწორა, რისთვისაც ნამდვილად ეკუთვნის მადლობა.

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წიათ ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებში ჭაბუკთა მთავარი დამრიგებელი გიორგი ვაზაგაშვილიც გადაიყვანეს, ასეთი მწვრთნელების შემატება კი გვაძლევს იმის იმედს, რომ საოლიმპიადოდ არ გაიმეორებენ მსოფლიოს პირველობის წინ დაშვებულ შეცდომებს და ლონდონში შედეგიც უკეთესი გვექნება. თუმცა საამისოდ მხოლოდ მწვრთნელთა დამატება არ კმარა - საინტერესოა, როგორ განაწილდება ფუნქციები მწვრთნელთა შორის.

ამიერიდან ძიუდოისტთა სამწვრთნელო შტაბი ასეთი შემადგენლობისაა: მთავარი მწვრთნელი ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი, მწვრთნელები: ფირცხელიანი, ვაზაგაშვილი, ლევან ციგრიაშვილი, ივერი ჯიქურაული. საინტერესოა, როგორ განაწილდება ფუნქციები მათ შორის? როგორც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ გვითხრა, გადაწყვეტილებათა მიმღები კვლავაც ზაიზენბახერია, დანარჩენებიდან მკვეთრად განსაზღვრული მხოლოდ ციგრიაშვილის ფუნქციაა, რომელიც მას ფიზმომზადებაში დაეხმარება, სხვები კი ჩვეულებრივ იმუშავებენ გუნდთან.

ცხადია, დავინტერესდით, ქართულ ჭიდაობაზე იქნება თუ არა ვინმე მიმაგრებული. როგორც ალექსიძემ გვითხრა, პერსონალურად - არავინ, კონკრეტულად კი ყოველ ვარჯიშზე გარკვეული დროა გამოყოფილი, რომელიც ქართულ ჭიდაობას დაეთმობა, ხოლო თუ რომელიმე სპორტსმენს მწვრთნელთა დახმარება დასჭირდება, შეუძლია, ნებისმიერს მიმართოსო.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვფიქრობთ, აჯობებდა, მაინც ვინმეს სპეციალურად დავალებოდა ეს საქმე და ასეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საერთო ვარჯიშში არ ჩაკარგულიყო. პერსონალურ პირს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული