არც გუმანმა უმტყუნა, არც - შეგირდმა
ახმეტელი მესაბლიშვილი ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონია და ევროპის პირველობაზეც გუნდის მთავარ ფავორიტთა შორის შედიოდა, მაგრამ იქ მოულოდნელად მეორე წრეში დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. თუმცა ამას გუნდში მის ავტორიტეტზე გავლენა არ მოუხდენია - მთავარ მწვრთნელ გიორგი გუგავას მსოფლიოსთვის არც მისი შეცვლა უფიქრია და მედალოსანთა შორისაც ძველებურად მოიაზრებდა. მწვრთნელს არც გუმანმა უმტყუნა და არც
მესაბლიშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და კანადელი მაჰდი ზეგირი 58 წამში დააიპონა. მეორე შეხვედრაში სახიფათო მეტოქეს იაპონელ რიოჯი იზუტანის გადაეყარა, თუმცა ჩვენებურმა არათუ რაიმე დაუთმო, მთელ რიგ კომპონენტებშიც აჯობა და გუშინდელი დღის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ, დამატებით დრომდე გაჭიანურებულ შეხვედრაში მსაჯთა გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
იზუტანი დასაწყისში უფრო აქტიურობდა, ვიდრე - შეხვედრის მეორე ნახევარში, თუმცა პასიური არც ჩვენებური ყოფილა. ამის მიუხედავად, აქაოდა, იაპონია ბრენდიაო, მსაჯმა მესაბლიშვილი მალევე გააფრთხილა, თუმცა საამისოდ არც ისე რეალური მიზეზი იყო. სამაგიეროდ, მერე საკმარისზე მეტი საბაბი ჰქონდა მეტოქის იმავენაირად დასასჯელად, მაგრამ ცოცხალი თავით არ უნდოდა იზუტანის გაფრთხილება და ნერვები დაგვაწყვიტა.
მესაბლიშვილმა შეხვედრაში ტემპსაც უმატა, ფიზიკურადაც არათუ გაუძლო, დამატებითში მეტოქეზე უკეთესადაც გამოიყურებოდა, არც დაღლა ეტყობოდა და კონკურენტს გასაქანს არ აძლევდა. ერთი ეგ იყო, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ილეთზე ვერ დააგდო, მაგრამ შეხვედრის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ამისთვის ნამდვილად არ იმსახურებს საყვედურს. მსაჯს ცოტა რომ ენამუსა, ეს შეხვედრა ალმების აწევამდე არ მივიდოდა.
ყოველ შემთხვევაში, არაიაპონელს იმდენს არ აპატიებდნენ, იზუტანი კი არბიტრებმა მხოლოდ ერთხელ გააფრთხილეს. კიდევ კარგი, როცა საქმე მათ გადაწყვეტილებაზე მიდგა ანუ მოგებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა, მაშინ მაინც განსაჯეს ობიექტურად და სამივემ გამარჯვება ჩვენებურს მიანიჭა.
მესაბლიშვილმა მესამე შეხვედრაში ბელგიელი გერტ მაესი დააიპონა, რომელმაც მანამდე სომეხი ევროპის წლევანდელი ჩემპიონი გარიკ ჰარუთინიანი დაამარცხა. ამით მან რევანშიც აიღო ევროპირველობაზე სომეხთან წაგებისთვის, თუმცა საამისოდ, პრაქტიკულად, ორჯერ დასჭირდა საიპონე გდება - პირველად მსაჯებმა არ ჩაუთვალეს, მაგრამ ამან არ გატეხა და მეორედ მაინც მიაღწია საწადელს.
ერთი სიტყვით, ბელგიელი არ იყო ხელწამოსაკრავი მეტოქე და აკი მესამეზეც გავიდა, თუმცა ჩვენებურმა მაინც იოლად აჯობა. სამაგიეროდ, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, რუს ევროპის ბრინჯაოს მედალოსან სახავატ გაჯიევთან ძალიან სუსტად იჭიდავა და მეტოქეს ინიციატივა ლამის უბრძოლველად ჩააბარა. ანგარიში თავად მეტყველებს რუსის უპირატესობაზე - მან ყველა სინჯის მედალი მოიპოვა.
მესაბლიშვილს საბოლოო მიზნამდე - კვარცხლბეკზე ასვლამდე ანუ დამამშვიდებლის ფინალში გამარჯვებამდე ისევ რუსის დამარცხება მართებდა - ივან ზვერევისა. ზვერევი ევროპის პირველობაზე მეხუთეზე გავიდა და, ცხადია, ახლა შედეგის გაუმჯობესება ძალიან სურდა, მაგრამ ამის შანსი ქართველმა არ მისცა - დაძაბული ორთაბრძოლა მესაბლიშვილმა სასურველი შედეგით დაამთავრა და ბრინჯაოც მოიპოვა.
მეორე ჯილდოს მოგებაც შეიძლებოდა
ამავე წონაში მწვრთნელები მედალს ევროპის ვიცე-ჩემპიონ ლერი ჭელიძისგანაც ელოდნენ და ვინძლო, სასტარტო დღე მართლაც ორი ჯილდოთი დაგვემთავრებინა, მაგრამ ჩვენებური ამერიკელ ნათან კარნეისთან მსაჯებმა ფეხში ხელით შესვლისთვის მოხსნეს. არადა, ჭელიძე ძალიან აქტიურად ჭიდაობდა და ეტყობოდა, ისიც ფორმაში იყო. იმ საბედისწერო მომენტამდე ამერიკელს ორ იუკოს უგებდა, ხოლო ის გდება მსაჯებმა ვაზარად შეუფასეს, თუმცა მთავარი არბიტრი მსაჯთა მაგიდასთან მიიხმეს და შედეგი შეაცვლევინეს. ამ დროს სირენამდე მხოლოდ 55 წამი რჩებოდა და იქნებ აჯობებდა, ჭელიძე საერთოდ არ წასულიყო შეტევაზე, თუმცა ეს უკვე ის მდგომარეობაა, გზა მხოლოდ ურემის გადაბრუნების შემდეგ რომ ჩანს კარგად.
60 კილოგრამში ორივე ჩვენებური მეორე წრიდან ჩაერთო ასპარეზობაში და თითო შეხვედრის მოგების შემდეგ გამოვარდნენ ტურნირიდან. საინტერესოა, რომ ორივე მომავალ ფინალისტთან დამარცხდა. არადა, ურიგოდ არც ვაჟა მარგველაშვილი გამოიყურებოდა და არც - ლაშა გიუნაშვილი. პირველმა არგენტინელი ხუან ვიტალი დააიპონა (ამან მანამდე ფრანგი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვინსენტ ლიმარე დაჯაბნა), მეორემ - უკრაინელი ანდრეი კუშკოვი. ამის შემდეგ ანუ მერვედფინალში მარგველაშვილმა მომავალ ვერცხლის მედალოსანთან, კორეელ ბაულ ანთან წააგო, გიუნაშვილმა - იაპონელ მომავალ ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან და კიდეც გავარდნენ.
და რა იქნება დღეს, ხვალ...
არ ვიცით, როგორ იჭიდავებენ ჩვენები მომდევნო დღეებში, მაგრამ გუშინ რასაც ვუყურეთ, თვალშისაცემი იყო ჩვენი სპორტსმენების კარგი ფიზიკური მომზადება. გუგავას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბიჭებს მშვენივრად შეუნარჩუნა საევროპოდ მიღწეული ფორმის პიკი და ამ კომპონენტში ისინი აშკარად სხვა სიმაღლეზე იდგნენ, ვიდრე ქართული გუნდებისგან ვართ მიჩვეულნი.
ამ ოთხეულიდან ზოგს დამატებითი დრო დასჭირდა, ზოგს ბოლომდე მოუწია ბრძოლა, მაგრამ არავინ დაღლილა და არც ამ მიზეზით წაუგია ვინმეს. პირიქით - ყველა ბოლომდე იბრძოდა, აქტიურად მოძრაობდა და უმეტეს შემთხვევაში ინიციატივას სრულად ფლობდნენ. ყოველ შემთხვევაში, დაღლა საერთოდ არ ეტყობოდათ. იმედია, მომდევნო დღეებშიც ასევე კარგ სურათს ვიხილავთ. გუგავა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ამბობდა, რომ გუნდის კმაყოფილი არა მხოლოდ მედლების რაოდენობით (შეგახსენებთ - იქ ჩვენებმა თითო ოქრო-ბრინჯაო და 2 ვერცხლი მოიპოვეს), არამედ ჭიდაობის ხარისხითაც იყო. პირველი დღის შემდეგ ჭიდაობის ხარისხზე ბევრი საწუწუნო არც ამჯერად გვაქვს რამე.
დღეს კეიპტაუნში 66 და 73-ის ფალავნები იასპარეზებენ ანუ ჩვენგან ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66), ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი მიხეილ ჩოხელი და ფრიდონ გიგანი (ორივე - 73) იჭიდავებენ. ცხადია, ესენიც გუნდის ლიდერთა შორის მოისაზრებიან და მათზეც იგეგმება მედლები.
შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი მაროკოელ ოტმან მოჰამედ არმაზის და ჩეხ იაკუბ იესმინეკის ორთაბრძოლაში გაირკვევა. ჩეხს ჩვენებურმა ბელგიაში, ევროპის ჩემპიონატზე მოუგო ვაზარით მეორე წრეში. მის ქვეჯგუფში იმ ტურნირიდან ნაცნობი კიდევ ორი მეტოქეა - ებრაელი ტალ ფლიკერი და ჰოლანდიელი ხუნიორ დეგენი. ჩვენებურმა დეგენს მერვედფინალში აჯობა პირწმინდად - იუკოც აართვა, ვაზარიც და ბოლოს იპონზეც დააგდო, ებრაელი კი ნახევარფინალში დააიპონა.
ფლიკერი პირველ წრეში უკრაინელ ევროპის მესამე პრიზიორ ანტონ ჩეტვერიკს ხვდება, რომელმაც ბელგიაში ოთარ არჩუაძე დაგვიმარცხა. ამ წყვილისა და დეგენის გზაც შავდათუაშვილთან შეხვედრამდე იკვეთება, მეოთხედფინალამდე ჩვენებურის ყველაზე საშიშ მეტოქეებად კი რუსი ევგენი ტირსკიხი და ბრაზილიელი აფონსო ბალდიგენი მიგვაჩნია, თუმცა პირველ წრეში ისინი ერთმანეთს ხვდებიან.
ჩოხელი პირველ წრეში ირანელ მოჰამად მალეკ მოჰამად მემარის ეჭიდავება, ამათ შორის მოგებულს კი დანიელი ბენჟამინ დარვილე ელოდება. ამავე ჯგუფშია ებრაელი ევროპის პრიზიორი საგი მუკი, ვისაც ჩოხელმა ევროპაზე მეოთხედფინალში აჯობა.
საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოხვდა გიგანი - მასთანაა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი, უკრაინელი რუფატ მაგომედოვი, რომელმაც ევროპაზე ნახევარფინალში ჩოხელს მოუგო, თუმცა გუგავა ამას მსაჯთა მიკერძოებას მიაწერდა. ჩვენებური მას მეოთხედფინალამდე არ შეხვდება, ტურნირს კი ცოტა არასასურველი მეტოქით იწყებს - ებრაელ ტომერ ზაკეიმით. ებრაელმა ევროპაზე გიგანს სანუგეშოში პირველივე წრეში მოუგო, მაგრამ მერე ჩოხელთან ბრინჯაოსთვის შეხვედრა წააგო. თუ გიგანმა საწყის შეხვედრებში იმარჯვა, შესაძლოა, მესამე წრეში ბერძენ რომან მოსტროპულოსს შეხვდეს, რომელიც სინამდვილეში, ჩვენი ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელ გიორგი რევაზიშვილის შვილია.
კვარცხლბეკი. ბიჭები.
55 კგ. 1. სახავატ გაჯიევი (რუსეთი), 2. სერიკტაუ ზაკეტაიევი (ყაზახეთი), 3. გიორგი მესაბლიშვილი (საქართველო), გერტ მაესი (ბელგია).
60 კგ. 1. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია), 2. ბაულ ანი (კორეა), 3. ალან კუვაბარა (ბრაზილია), იელდოშ სმეტოვი (ყაზახეთი).
გოგოები.
44 კგ. 1. საკიჰო ჰამადა (იაპონია), 2. აგუედა სილვა (ბრაზილია), 3. კრისტინა კასასი (ესპანეთი), ჰაილეი უილისი (ბრიტანეთი).
48 კგ. 1. ჰირომი ენდო (იაპონია), 2. ალესია კუზნეცოვა (რუსეთი), 3. სოოჰეე ჩოი (კორეა), მელანიე კლემენტი (საფრანგეთ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"