ბრინჯაო ასეთ ტურნირზე?

AutoSharing Option
სამოაში დასრულებულ მსოფლიო თასზე ორი მონაწილე გვყავდა და ორივემ ბრინჯაოთი დაამთავრა გამოსვლა, რასაც წარმატებად ვერ მივიჩნევთ - ნუგზარ ტატალაშვილისგან (73) და განსაკუთრებით ავთანდილ ჭრიკიშვილისგანაც (81) ბევრად მეტს ველოდით.

მით უფრო, რომ მსოფლიოს ამ თასს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ სოფლის პირველობა - მონაწილეთა უმეტესობას ავსტრალიის, პოლინეზიის და წყნარი ოკეანის კუნძულების წარმომადგენლები შეადგენდნენ, სადაც ძიუდო ახლა იდგამს ფეხს; ჯგუფებში სულ 3-4 ძიუდოისტი მოგროვდა და ზოგან ნახევარფინალში გასასვლელად ერთი შეხვედრის მოგებაც კი საკმარისი იყო, ხოლო ტურნირში არც ერთი ტოპ-კლასის ათლეტი არ გამოდიოდა. ასეთ სუსტ
შეჯიბრებებშიც კი მეტის გაკეთება თუ არ შეგვიძლია, საქმე იმაზე უფრო ცუდად ყოფილა, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ქართული დუეტიდან პირველ დღეს ჭრიკიშვილი ჭიდაობდა და ავსტრალიელ კაი ტროტერთან წმინდად მოგების შემდეგ მეორე წრეში თურქ აჰმეტ სარისთან ასევე სუფთად წაგება იმას დავაბრალეთ, რომ ჩვენებური არ იყო ფორმაში - მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, პრაქტიკულად, არც უვარჯიშია, რადგან ჯერ ისვენებდა, პარალელურად კი ფედერაცია-მწვრთნელთან სავსებით სამართლიანად არკვევდა ურთიერთობას, მერე კი გლანდების ოპერაცია გაიკეთა.

ცხადია, ეს მიზეზი არანაირად არ გვაკმაყოფილებდა და ამით იქნებ უფრო თავს ვიმშვიდებდით, მაგრამ ამ მარცხს ასე თუ ისე მაინც მოეძებნებოდა ახსნა. გუშინ კი ტატალაშვილის დამარცხება (მანამ ავსტრალიელ დარენ როჯერსს სუფთად აჯობა) ჩინელ ვეი ლიუსთან ალიყურზე მეტი იყო!

სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს მედალოსან ტატალაშვილის ჩავარდნა ისევ გრძელდება და ამას ვერაფრით უწამლეს. ჩინელი არც ისე დიდი ხნის წინათ გამოჩნდა ამ რანგის შეჯიბრებებში და არც ლიდერებს მიეკუთვნება. კიდევ უფრო დიდია სხვაობა სარისა (ის ქართველ ქომაგსაც კარგად ახსოვს თბილისის წლევანდელ მსოფლიოს თასიდან - ნახევარფინალში დავით კარბელაშვილთან დამარცხდა, მერე კი ბრინჯაო მოიპოვა) და ჭრიკიშვილს შორის, რომელმაც ორი წლის წინათ ახალგაზრდებში დუბლი შეასრულა.

სანუგეშო წრეში ჩვენებურებმა ასეთი გზა გაიარეს - ჭრიკიშვილმა ბრიტანელი ტომას დევისი დიდი უპირატესობით დაამარცხა, დამამშვიდებლის ფინალში კი კიდევ ერთ ჩინელს, სი რიჯიგავას გადაეყარა. მან სერიოზული წინააღმდეგობაც გაუწია ჩვენებურს, რომელმაც მხოლოდ იუკოთი მოიგო. ასეთივე ანგარიშით დაამარცხა ტატალაშვილმა არგენტინელი ალეხანდრო კლარა, ბოლო შეხვედრაში კი საკმაოდ ძლიერ ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს ვაზარით მოუგო.

ამ მედლით ორივე ჩვენებურმა 40-40 სარეიტინგო ქულა შეიმატა, რაც უფრო ტატალაშვილს წაადგა. ჭრიკიშვილი ისედაც ხვდებოდა სალიცენზიო 22-კაციან ზონაში, თუმცა ჯერ მაინც ბოლოსკენაა და ქულები კვლავაც ჰაერივით სჭირდება. ტატალაშვილი 22-ში ჯერაც ვერ შედის, მაგრამ უკვე ხვდება ევროპისთვის განკუთვნილ 14-კაციან კვოტაში, რაც ყოველ წონაში 2-2 საგზურს ითვალისწინებს. ჩვენდა საუბედუროდ, ამ წონაში 22-ში უმეტესად არაევროპელები შედიან და ევროპელთა შორის იმ ორ კვოტაზე ფიცხელი კონკურენციაა.

ტატალაშვილს ძალიან წაეხმარა აპიაში განვითარებული მოვლენები - თურქული ფინალი გაიმართა, ერთი ქვეყნის ფალავანთაგან რომელიღაცა კი სალიცენზიო რეიტინგიდან აუცილებლად გამორიცხულია. ჩვენთვის კარგი იყო ისიც, რომ რეიტინგში უფრო წინმდგომმა სერეზ ჰიუზუსმა გაიმარჯვა (ჰასან ვანლიოღლუს აჯობა), რითაც 100 ქულით 22-შიც შევიდა და თურქეთიც გამოაკლდა ევროპული საგზურისთვის ბრძოლას.

ახლა ამ კვოტის მოპოვების კანდიდატი ჩვენ და ესტონეთი ვართ, თუმცა ტატალაშვილი მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს რუმინელ კოსტელ დანცულეას. ევროპულ კვოტაში 66-შიც გვაქვს მოხვედრის შანსი, რაც დამატებით პრობლემას გვიქმნის - ამ სიით ქვეყანას მხოლოდ ერთ საგზურს აძლევენ და არა მეტს. ამდენად, ორივე რომც შევიდეს იქ, მაინც ერთი ლიცენზია დაგვემატება, ანუ ოლიმპიადაზე სრული გუნდი ვერ გვეყოლება. საამისოდ ერთ-ერთი მაინც უნდა მოხვდეს იმ 22-ში.

იმედია, ამას ტატალაშვილი შეძლებს, როგორც უფრო გამოცდილი, თუმცა სამოაში ნანახმა ოპტიმიზმის საფუძველი არ დაგვიტოვა. ეს ბიჭები მზად თუ არ იყვნენ (თუნდაც ჭრიკიშვილი ზემოდასახელებული მიზეზის გამო), რატომ წაიყვანეს იმ სიშორეზე, მით უფრო, როცა მსოფლიომდე ბევრად ახლო ქვეყნებში გამოვტოვეთ შეჯიბრებები, გადაფრენებში დრო გვეკარგებაო. თუ მზად იყვნენ და ამის მეტი არ შეუძლიათ, ცუდად ყოფილა საქმე. მომდევნო უქმეებზე უკვე სრული გუნდი ამსტერდამში "დიდ პრიზზე" იჭიდავებს და ვნახოთ, იქ როგორ გამოვლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული